ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ბევრი ადამიანი ცდილობს მისსა და პარტიის დამფუძნებელს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლი გააღვივოს,

"ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანია ძალიან, როგორც ყველა ადამიანის. მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. ძალიან ხშირად არის მცდელობა, ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლი გააღვივოს. ეს ასე არასოდეს არ მოხდება. იმიტომ, რომ გააზრებული გვაქვს, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო", — განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, მასსა და სააკაშვილს შორის ყოველთვის არ არის პოზიციების თანხვედრა, თუმცა, წლების შემდეგ დეტალები არავის ემახსოვრება და მთავარი შედეგია.

"არავის არ ემახსოვრება წლების შემდეგ, აი, უახლოეს მომავალში, თუმცა 5 წელიწადში, 6 წელიწადში და იმის იქით ხომ საერთოდ, დეტალები, როგორ განვითარდა, ვინ ვის კბილი გაკრა, ვინ ვინ გააკრიტიკა, ვინ ვის ნიშანი მოუგო. შედეგი განისაზღვრება ჩვენი საქმიანობით. ამიტომ, ჩვენ შორის ვერავინ შუღლს ვერ გააღვივებს.

ხშირად, არის პოზიციების თანხვედრა, ხშირად, არ არის პოზიციების თანხვედრა, მაგრამ, განსხვავებით ქართული ოცნებისგან, ეს პარტია აბსოლუტურად სხვანაირად იმართება", — განაცხადა ნიკა მელიამ.

20 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მელიას უპირობოდ გათავისუფლების სანაცვლოდ პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც, მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე ამნისტიას გულისხმობს. ორი დღის შემდეგ, ნიკა მელიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ციხიდან დაპოსტა, რომ 20 ივნისის საქმის ამნისტია დაუშვებელია.

ნიკა მელიამ რუსთავის #12 ციხე გუშინ, 10 მაისს დატოვა. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა.

გაიგე მეტი: