ვასკა, ყველაზე წუნია კაცი, ძალიან ახალი ცოცხალი ლუდის, ცივ-ცივის შესახებ
სტატიის ავტორია ვასკა წუწუნაძე, ყველაზე წუნია კაცი სამყაროში. მისი მოსაზრებები შესაძლოა, არ ემთხვეოდეს On.ge-ის სარედაქციო პოზიციას.
ზაფხული მოდის.
საქართველოში ხომ იცი, ეს რას ნიშნავს, არა?
უკვე დაიწყო გაუთავებელი შეთავაზებები "დაიყენე პრესი 2 კვირაში", "გაირუჯე ცალი მხარე ჩვენს სოლარიუმში და მიიღე მეორე — უფასოდ", სთორები ინსტაგრამზე, სადაც ვერ გაარჩევ, სოსისების ფოტოა თუ ფეხების.
და უკვე გამოჩნდა ძალიან ახალი ლუდი. ზუსტად ისევე, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ.
თურმე ამ ძალიან ახალ, ცოცხალ ლუდს ცივ-ცივი დაარქვეს. ოჰ, აი, დიდი ამბავი. ლუდი ცივი რომ უნდა იყოს, ამას რა დიდი მოფიქრება უნდოდა, ცხელ-ცხელი ხომ არ დაერქმეოდა. დამაინტერესა, ვის მოაფიქრდა ეს "დიადი" იდეა-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ლივინგსტონს: ყოველ წელს ამ ახალ-ახალი ლუდების კამპანიებს ეგენი აკეთებენ. რით არ მობეზრდათ?
ალბათ ჩაეფლობიან პუფებში და აწყობენ ბრეინშტორმინგს სერიოზული სახეებით, მოიგონებენ რაღაც კრეატიულს, გადაიღებენ, დაგზავნიან საერთაშორისო ფესტივალებზე და პრიზებიც ჩამოაქვთ და ჩამოაქვთ. თუ ვხვდებოდე — რატომ. მასეთ კამპანიებს ხომ მეც გავაკეთებდი? ან ამ ცივ-ცივის დარქმევას ჩემი მეზობელი ნოდარი ვერ მოიფიქრებდა? ამწუთასაც რომ შესძახო და ჰკითხო, ნოდარ, აბა, მითხარი, ლუდი როგორი უნდა იყოს-თქო, გამოგხედავს თავისი გარაჟიდან და გაგეღრიჯება: "ცივ-ცივი, ძმაო, ცივ-ცივი!"
ნოდარს ვინმე აძლევს კანის ლომებს? არც არავინ. მე მაინც შევაწვდი ამ ლუდს ხვალ, არ დამავიწყდეს — კარგი კაცია, ლუდიც უყვარს, სახელზეც გაეცინება.
ან კიდევ რითი უნდა იყოს ეს ლუდი სხვა ლუდებისგან განსხვავებული, ესეც გაუგებარია.
კაი, ჯანდაბას, გავსინჯავ, მერე რომ არ თქვან, ტყუილად იწუნებო. ჯერ რა დამიწუნებია ტყუილად, რა, ზაფხულში ძალიან არ ცხელა? რა, პასკა, უბრალოდ, მშრალი დესერტი არაა?
ეს ცივ-ცივი ჩამოსასხმელი ლუდი ყოფილა, ბოთლებში არ იყიდება, ეგრე უფრო ინარჩუნებს ნამდვილ გემოსო. და მე იქნებ ბოთლის გემო მომწონს და არა ნამდვილი? ვინმემ გამომკითხა? რამე ფოკუსჯგუფში ვიყავი?
იმედია, ფასი მაინც ექნება ნორმალური. სადღაც წავიკითხე, სასმელს რომ ყიდულობ, ფასის დიდ პროცენტს პროდუქტში კი არა, შეფუთვაში იხდიო. უსამართლობა ესაა, თუა. ბოთლებში ფულის ხდას ისევ ჩამოსასხმელი ლუდის ყიდვა მირჩევნია.
ზაფხულზე გამახსენდა, ქეიფების და მწვადაობის დროც ხომ არის. დიდი აზრი არ აქვს, სად წავალთ, კოღოები ყველგან დაგვკბენენ და ხედებიც არაფერი გასაგიჟებელი, უკეთესებიც არსებობს. სადმე ტბაზე ან მდინარეზე თუ მოვხვდებით, ერთი გავცურავთ და ეგაა: უნდა დავეყაროთ მაინც ნაპირზე და დაველოდოთ, ვახო როდის შეწვავს მწვადს. ვახოზე ამბობენ, რომ მაგაზე უკეთესი მწვადი არავინ იცისო, მე კიდევ მგონია, რომ დიდი არაფერი — მწვადი მწვადია რა. რამდენი საუკუნის წინ ჩაუვარდა პირველად ხორცი ადამიანს ცეცხლში, იქიდან მოყოლებული, მწვადის ექსპერტია მთელი კაცობრიობა და ყველას ტაშს ხომ არ დაუკრავ?!
ამ მწვადაობებზე ერთი, რაზეც არ ვკამათობთ ხოლმე, სასმელია. უეჭველი ლუდი უნდა იყოს. ჩემს ძმაკაცებს ყოველ წელს რაღაც ახალი მოაქვთ და ამტკიცებენ, რომ ამაზე კარგი ლუდი ჯერ არ არსებობსო. წელს ნაღდად ამ ცივ-ცივს მოიტანს რომელიმე ტვინიკოსი და ისევ იტყვის, ამაზე კარგი ლუდი ჯერ არ დამილევიაო. სხვებიც დაეთანხმებიან, არადა, სინამდვილეში, რა აზრი აქვს, უბრალოდ, პონტი მოსწონთ და მაგ სიტუაციაში, მინდორზე რომ აგდიხარ წყლიდან ახალამოსული, ვახოს მწვადს რომ ღეჭავ და მზეს ემალები, ყველანაირი ლუდი გაგისწორდება. თუ ასე უნდათ, იყოს წელს ცივ-ცივი.
ეს ლოგოც რაღაცას მაგონებს, ვერ გავიხსენე, რას.
ისე, რგოლში სახელის ჩასმას რა დიდი ფილოსოფია უნდა. ეს ლოგოც ლივინგსტონს გაუკეთებია, არადა, აი, სხვა თუ არაფერი, ვახოსნაირ მწვადებს თუ ვერ შევწვავ, როგორც მინიმუმ, ასეთ ლოგოს მაინც ხომ უმარტივესად გავაკეთებ მეც? არასოდეს მიცდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვცადო, ასეთს კი არა, უკეთესსაც ვიზამ. ნაიკის ლოგოსი არ იყოს, ხაზი დასვა ტიპმა და გადაირია მთელი სამყარო.
მოკლედ, მთელი ზაფხული მაინც თვალში მოგეჩხირება ეს ლუდი და მარტო ჩემს ჭკუაზე რომ არ იარო, ალბათ სჯობს, თავად გასინჯო.
ლივინგსტონი კიდევ რამე ჯილდოს თუ აიღებს ამ ლუდის რეკლამისთვის, ნოდარის სივის გავუგზავნი. ნოდარზე მეტად ლუდი ვის უყვარს?! კამპანია-შმამპანია შეიძლება არ იცის, მაგრამ უბანში მაგაზე უკეთესად ვერავინ გააბაზრებს ძალიან ახალი ლუდის თემას.
კომენტარები