ტექსელი: მეორე მსოფლიო ომში ევროპის ბოლო ბრძოლა, რომელშიც ქართველები მონაწილეობდნენ
როცა ბრიტანელები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, გერმანიის ჯარები ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე აჯანყებული ქართველი მეომრების წინააღმდეგ ჯერ კიდევ დაუნდობელ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი. ისტორიკოსი ერიკ ლი BBC-ის ისტორიულ ჟურნალში ევროპის მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.
1945 წლის აპრილის მიწურულს გერმანიის ჯარების ერთ-ერთმა რაზმმა ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე მდებარე ფერმას ალყა შემოარტყა, ცოტა ხნით სულის მოსათქმელად შეისვენა და შემდეგ სასტიკი გეგმის განხორციელებას შეუდგა. გერმანელებმა ჯერ ფერმერის სახლს წაუკიდეს ცეცხლი, შემდეგ კი იქიდან გამოსულ ადამიანებს ჩაუსაფრდნენ. ისინი, ვინც უსაფრთხო ადგილის ძიების მიზნით გადამწვარი ფერმიდან გამოიქცნენ, გერმანელებმა მაშინვე დახვრიტეს. და როცა დანარჩენებმა ღორის ფარდულს შეაფარეს თავი, მტრის რაზმმა იქაურობასაც ცეცხლი წაუკიდა.
გერმანელებისგან თავის დაძვრენა მხოლოდ ორმა მოახერხა. მათ დროებით ფერმის სარდაფს შეაფარეს თავი, მოგვიანებით კი ღამის წყვდიადში გაუჩინარდნენ. დაქანცულები ახლომდებარე თხრილში დაიმალნენ. მეორე დილით კი მძინარენი ფერმერმა იპოვა და მათ შესახებ გერმანელთა თავდამსხმელი რაზმები გააფრთხილა. გერმანელები ადგილზე სწრაფად მივიდნენ და გაქცეულები სიკვდილით დასაჯეს. ეს საშინელი სცენა იყო, თუმცა ამ ამბავს დამატებით დამზაფვრელობას ის გარემოება სძენდა, რომ მსხვერპლსაც და მსროლელებსაც გერმანიის სამხედრო ფორმა ეცვათ.
რატომ მიმართეს ვერმახტის ჯარებმა ასეთ სისასტიკეს ე.წ. "თანამებრძოლების" მიმართ? და თან რატომ გააკეთეს ეს მესამე რაიხის დაცემის დროს, როდესაც მთელ ევროპაში ათასობით მათმა თანამემამულემ იარაღი დაყარა და დანებდა?
ამ კითხვაზე პასუხი იმ ადამიანთა ვინაობაში იმალება, რომლებზეც გერმანელებმა ნადირობა გამოაცხადეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. მათ მსხვერპლს გერმანიის ფორმები კი ეცვათ, მაგრამ ისინი ვერმახტის ერთგულები არ ყოფილან. სინამდვილეში, ეს ადამიანები ის ყოფილი სამხედრო ტყვეები იყვნენ საბჭოთა საქართველოს წითელი არმიიდან, რომლებიც მოწინააღმდეგე გერმანიის მხარეს ომის მსვლელობისას იძულებით გადავიდნენ. მოგვიანებით კი ტექსელზე გერმანიის ძალების წინააღმდეგ მათ მიერ დაწყებული აჯანყება ევროპის მეორე მსოფლიო ომის საბოლოო ბრძოლად იქცა.
მწვავე დილემა
ტექსელის აჯანყების გამომწვევი მიზეზები არა თავად კუნძულს, არამედ მისგან ასობით კილომეტრით მოშორებით მდებარე აღმოსავლეთ ფრონტს უკავშირდება. სწორედ იქ 1942 წლის აპრილის ერთ დღეს, როდესაც ბოლშევიკებსა და ნაცისტებს შორის დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა, ათასობით მშიერი საბჭოთა სამხედრო ტყვე გერმანელი დამპყრობლების წინაშე წარადგინეს და მწვავე დილემა წაუყენეს. "გერმანელმა ოფიცრებმა რაიხის ყველა მტერს უბრძანა, რომ ნაბიჯი წინ გადაედგა. ნაბიჯი არავინ გადადგა, რადგან ეს ტყვიაზე წასვლას ნიშნავდა. დუმილის შემდეგ კი გამოცხადდა, რომ ტყვეების გერმანიის ჯარში გაწვევის ცერემონია დასრულებული იყო", — იხსენებს ერთ-ერთი ჯარისკაცი.
ამის შედეგად, სამხედრო ტყვეები გერმანიის არმიაში გაიწვიეს, ხოლო საბჭოთა საქართველოს მეომრები ვერმახტის ქართულ ლეგიონში გადაიყვანეს, რომელიც თავდაპირველად საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა.
მაგრამ საბჭოთა ქართველები გერმანელებისთვის არასანდო მებრძოლები აღმოჩნდნენ, რადგან ხშირ შემთხვევაში პირველი შესაძლებლობისთანავე საბჭოთა კავშირის მხარეზე გადადიოდნენ. თავად ჰიტლერი ქართველების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. "ისინი თურქ ხალხებს არ მიეკუთვნებიან", — ხშირად უმეორებდა ის თავის გენერლებს, როცა კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ხალხს ერთმანეთს ადარებდა. "ქართველები კავკასიურ ტომს მიეკუთვნებიან, რომლებსაც თურქ ხალხებთან საერთო არაფერი აქვთ. მხოლოდ მუსლიმებს ვთვლი უსაფრთხოდ, ხოლო ყველა დანარჩენს ეჭვის თვალით ვუყურებ", — ამბობდა ჰიტლერი.
პოლონეთში მსახურობის შემდეგ ქართული ლეგიონი დასავლეთ ევროპაში განამწესეს. 1945 წლის დასაწყისისთვის კი 822-ე ბატალიონი ნიდერლანდების ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარე ვადენზეეს კუნძულებიდან ყველაზე დიდზე, ტექსელზე გაგზავნეს. ქართველებს ადგილობრივი ნიდერლანდელების ანტინაცისტური მოძრაობის კონტროლი დაევალათ. თუმცა თავდაპირველად მათგან ბევრს არაფერს ითხოვდნენ, რადგან ნიდერლანდებში საბრძოლო მოქმედებები ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობდა.
სიტუაცია 1945 წლის 5 აპრილს შეიცვალა, როდესაც ბატალიონს გერმანელმა მეთაურმა, კლაუს ბრეიტნერმა აცნობა, რომ კონტინენტზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, რათა არნემში ბრიტანეთისა და კანადის ძალების წინააღმდეგ ებრძოლათ. ომის ამ ეტაპზე მოკავშირეთა ძალების წინააღმდეგ გერმანელების მხარეზე ბრძოლის პერსპექტივამ ბევრი ქართველი შეაშფოთა. ამიტომ იმ ღამით ქართველთა ლიდერები — ლეიტენანტ შალვა ლოლაძის ხელმძღვანელობით, რომელიც საბჭოთა საჰაერო ძალების ყოფილი მფრინავი იყო — შემდეგი ნაბიჯის განსახილველად ფარულად შეიკრიბნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ აჯანყების დაწყების გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.
გეგმის მიხედვით, ქართველები იმ ღამითვე მთელი ძალით და სწრაფად უნდა დასხმოდნენ გერმანელებს თავს. მათ ეს გეგმა სასტიკი მიზანდასახულობით შეასრულეს: ქართველებმა ყაზარმებში 400-მდე მძინარე გერმანელ ჯარისკაცს დანებით, ბაიონეტებითა და სამართებლებით გამოჭრეს ყელი.
წითელი დროშების აღმართვა
თავდაპირველად ამბოხებულები წარმატებულად მოქმედებდნენ. მათი მთავარი სტრატეგიული სამიზნეები — აეროდრომი, პორტები, შუქურა და ბუნკერების კომპლექსი, რომელიც კუნძულის მთავარ ქალაქ დენ ბურგში გერმანელთა შტაბად გადაეკეთებინათ — ქართველების ხელში მალევე აღმოჩნდა. დენ ბურგის თავზე ნიდერლანდური და წითელი დროშების აღმართვით ლოლაძემ განაცხადა, რომ ტექსელი გერმანელებისგან გათავისუფლებული იყო. მისმა მებრძოლებმა კი ნიდერლანდების მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდეს, რომ მათ შეერთებოდნენ და მოხალისეებისთვის იარაღის დარიგება დაიწყეს.
ტექსელზე მცხოვრები ჰანს ვერჰოვენი, რომელიც იმ დროს 12 წლის იყო, ამ ამბავს ასე იხსენებს: "ღამით სროლა გავიგეთ, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ჯარისკაცები ისევ ვარჯიშობდნენ. თუმცა როდესაც ორი რუსი (sic) სკოლის სათამაშო მოედანზე შემოვიდა, თოფები ჰაერში ტრიუმფალურად გაისროლა და დაიყვირა, რომ ყველა გერმანელი კაპუტ იყო, მივხვდით, რომ რაღაც წარმოუდგენელი მოხდა".
თუმცა ეს სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ქართველებმა საზღვაო ბატარეების აღება ვერ შეძლეს. ასევე, მათ გერმანელი მეთაური, ბრეიტნერი არ მოუკლავთ, რადგან ამ უკანასკნელმა ღამე ყაზარმების ნაცვლად ქალაქში, თავის საყვარელთან გაატარა. ბრეიტნერმა ბერლინში შეტყობინების გაგზავნა შეძლო, რომლითაც ჰიტლერს ქართველთა "ღალატი" აცნობა. ჰიტლერის პასუხი სწრაფად მოვიდა. "ყველა დახოცეთ", — იწერებოდა ის.
ამავე დროს გერმანულმა საზღვაო ბატარეებმა იარაღი ტექსელისკენ მიმართეს და ქართველების მიერ აღებული ტერიტორიების, მათ შორის დენ ბურგის დაბომბვა დაიწყეს. განურჩეველი დაბომბვის შედეგად ბევრი მშვიდობიანი ნიდერლანდელი მოქალაქე დაიღუპა. ხოლო მათ, ვისაც ქართველების დახმარებაში ედებოდათ ბრალი, გერმანელებმა ადგილზე უმოწყალოდ ჩაცხრილეს.
ამავდროულად, გერმანელმა ჯარისკაცებმა კონტინენტიდან კუნძულზე გადასვლა და აჯანყებულებზე ნადირობა დაიწყეს. ამ დროს ქართველები ტექსელის გაშლილი ველების გასწვრივ, ჩრდილოეთისკენ მიდიოდნენ. ერთ-ერთი გერმანელი ჯარისკაცი, ფრედ სიმონი ნანახით შეძრწუნებული იყო. "გერმანელი ჯარისკაცები ყელგამოჭრილი ვიპოვეთ", — იხსენებს ის. იგივე რეაქცია ჰქონდა კლაუს ბრეიტნერსაც, რომელსაც საპასუხო ქმედების ორგანიზება დაევალა. "ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვიყავით. ყველა განრისხდა იმაზე, თუ რა მეთოდით ამოხოცეს აჯანყებულებმა ჩვენი თანამებრძოლები", — წერს ბრეიტნერი. მალე ამ სიბრაზემ შურისძიების სურვილი გააღვიძა.
ქართველებმა დენ ბურგიდან უკან დაიხიეს და აეროდრომისა და შუქურის დაცვაზე კონცენტრირდნენ. აეროდრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მოკავშირეებს რადიოს საშუალებით ვერ დაუკავშირდნენ, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ბრიტანეთის ჯარები დასახმარებლად მალე მოვიდოდნენ.
ქართველებს ვერაფრით ეცოდინებოდათ, რომ ინგლისელები ტექსელზე არსებული სიტუაციის შესახებ უკვე ინფორმირებულნი იყვნენ. სინამდვილეში, ბლეტჩლის პარკის გამშიფვრელებს უკვე ჰქონდათ ხელთ ჩაგდებული გერმანელთა მიმოწერა აჯანყების თაობაზე. ამას გარდა, ოთხ ქართველს და რამდენიმე ნიდერლანდელ მშვიდობიან მოქალაქეს კუნძულიდან გაქცევა და ნორფოლკის სანაპირომდე გაცურვა მოეხერხებინათ, შემდეგ კი ბრძოლის შესახებ ბრიტანელებისთვის ეცნობებინათ.
მაგრამ ბრიტანეთი დამხმარე ძალების გაგზავნას არ აპირებდა. მოკავშირეთა ყურადღება გერმანიისკენ იყო მიმართული და ტექსელისთვის დახმარების აღმოჩენა მათ გეგმებში არ შედიოდა. ქართველები და მათი ნიდერლანდელი მოკავშირეები გერმანელთა სასტიკი შეტევის პირისპირ მარტონი აღმოჩნდნენ.
დღეების სვლასთან ერთად ბრძოლამ პარტიზანული ომის ხასიათი მიიღო. გადარჩენილი ქართველები ტექსელის პატარა ტყეებში, დიუნებსა და ფერმებში იმალებოდნენ. ადგილობრივები ბევრს დაეხმარნენ, მაგრამ ზოგმა ქართველების სამალავი გასცა. ქართველების დამალვისთვის სასჯელი სიკვდილი იყო, რასაც გერმანელები დაუნდობლად აღასრულებდნენ.
გადამწყვეტი ბრძოლა 20 აპრილს, ევროპაში ომის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, ტექსელის ჩრდილოეთით მდებარე შუქურასთან გაიმართა. როდესაც ქართველები შენობაში გამაგრდნენ და მის ირგვლივ ბარიკადები ააგეს, გერმანელებმა ჰერმან გერინგის დივიზიიდან გადმოყვანილი მენაღმეები დაიხმარეს, რომლებმაც ფეთქებადი ნივთიერებები გამოიყენეს და მთელი შენობა ცეცხლში მოაქციეს. გერმანიის ჯარებმა ცეცხლსასროლი იარაღით შეუტიეს შენობიდან გამოქცეულ ქართველებს და ისინიც ცოცხლად დაწვეს.
გრიშა ბაინდურაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ქართველი მეომრების მცირე რიცხვიდან, რომლებიც ბრძოლას გადაურჩნენ. "შუქურა ჩამოინგრა, ჩვენ გარშემო ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული და ჩვენც გვწვავდა", — იხსენებდა ის, — "120 ადამიანიდან მხოლოდ რვა გადავრჩით, დანარჩენები ცეცხლმა იმსხვერპლა".
მიუხედავად ამისა, შებრძოლებები კვლავ გაგრძელდა. რამდენიმე აჯანყებული გაიქცა და კუნძულზე მიმოიფანტა. ისინი დანებებას არ აპირებდნენ. ხოლო დანებებულებს გერმანელებმა ვერმახტის ფორმების გახდა უბრძანეს — რადგან მათ მოღალატეებად და ფორმის ტარების უღირსად თვლიდნენ — ამის შემდეგ კი დახვრიტეს. არც ქართველებს აუყვანიათ გერმანელი ტყვეები. ეს აღმოსავლეთის ფრონტის ომი იყო, სადაც დადგენილ წესებს იშვიათად თუ იცავდნენ და არავის ინდობდნენ.
მართალია, მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად 8 მაისს დასრულდა, მაგრამ ქართველ გაქცეულებზე ნადირობა ამის შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა. ფაქტობრივად, გერმანელებმა იარაღი მხოლოდ 20 მაისს დაყარეს — მაშინ, როდესაც ტექსელზე კანადელები ჩავიდნენ.
გარდაცვლილთა ცხედრების შეგროვება
მიუხედავად იმისა, რომ კანადელებმა დამარცხებული გერმანელები ტექსელიდან სწრაფად გაიყვანეს, მათ ქართველებს საშუალება მისცეს, ცოტა ხნით კუნძულზე კიდევ დარჩენილიყვნენ, რათა მიცვალებულთა გვამები შეეგროვებინათ. ეს ემოციურადაც და ფიზიკურადაც რთული საქმე იყო: აჯანყების 800-ზე მეტი მონაწილიდან მხოლოდ 228 გადარჩენილიყო. დაღუპულთა შორის ლეიტენანტი შალვა ლოლაძეც გახლდათ.
გადარჩენილი ქართველი მეომრების მომავალი კი გაურკვეველი იყო. არაერთი მწერლის ვარაუდით, საბჭოთა კავშირში დაბრუნებული ქართველი ომის ვეტერანები, რომლებსაც მოწინააღმდეგის მხარეს ბრძოლა მოუწიათ, ან გულაგებში გაგზავნეს, ან დახვრიტეს. ამიტომ სავარაუდო იყო, რომ ტექსელის აჯანყების გადარჩენილებსაც იგივე ბედი ელოდათ. მათ ორჯერ უღალატეს სტალინს: პირველად, როცა გერმანელებს ჩაბარდნენ — რადგან საბჭოთა ჯარისკაცებს ბოლო ტყვიამდე ბრძოლა ევალობოდათ; და მეორედ, როდესაც გერმნელთა რიგებში შესვლაზე დათანხმდნენ — იმის მიუხედავად, რომ სხვა არჩევანი ფაქტობრივად არ ჰქონიათ.
გარდა ქართველებისა, სხვა საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც გერმანიის მხარეზე გადავიდნენ, სახლში დაბრუნების შემდეგ სასტიკად ისჯებოდნენ. გერმანელების ტყვეობაში ჩავარდნის შემდეგ გენერალი ანდრეი ანდრეიევიჩ ვლასოვი პრონაცისტური "რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის" მეთაური გახდა. ის შემდეგ კვლავ საბჭოთა ჯარების მხარეს დაბრუნდა და ომის ბოლო პერიოდში ნაცისტებისგან პრაღის გათავისუფლებისთვის იბრძოდა. მაგრამ ამ ქმედებამ ის მაინც ვერ გადაარჩინა. 1946 წელს ვლასოვი და მისი 11 კოლეგა სამხედრო სასამართლოში გამოიძახეს, ღალატისთვის დამნაშავედ ცნეს და ჩამოახრჩვეს.
ტექსელის გადარჩენილთა მომავალი ვლასოვის ბედისგან განსხვავებული არ უნდა ყოფილიყო. თუმცა მოგვიანებით მათი უმეტესობა ცოტა ხნით წითელ არმიაში დატოვეს, საბოლოოდ კი ყველა მათგანი საქართველოში დააბრუნეს.
ერთი უცნაური შემთხვევა — თუმცა ის ტექსელის ბრძოლას პირდაპირ არ ეხებოდა — გენერალ შალვა მაღლაკელიძეს, ქართული ვერმახტის ლეგიონის პირველ მეთაურს უკავშირდება. როდესაც ომი დასრულდა, მაღლაკელიძე სსრკ-ში არ დაბრუნებულა. ამის ნაცვლად, იგი დასავლეთ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც კანცლერ კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მუშაობდა. 1954 წელს იგი კგბ-ს აგენტებმა დასავლეთ გერმანიიდან გაიტაცეს და სახლში დააბრუნეს. თუმცა დასჯის ნაცვლად, მაღლაკელიძე გაათავისუფლეს და საბჭოთა საქართველოში მშვიდი ცხოვრების უფლება მისცეს.
რატომ მოექცნენ ქართველებს ასე ლმობიერად? ახსნა-განმარტების ნაწილი შეიძლება იმ წერილებში ვიპოვოთ, რომლებიც მოკავშირეთა გენერლებმა — მაგალითად, დუაიტ ეიზენჰაუერმა — საბჭოთა კავშირში გაგზავნეს და გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველთა თავდადება აღწერეს. კიდევ ერთ მიზეზს ქართველ ემიგრანტ თემებთან საბჭოთა კავშირის თანამშრომლობის სურვილი წარმოადგენდა, რათა ისინი სახლში დაბრუნებაზე დაეყოლიებინა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ნიდერლანდელი კომუნისტების როლი, რომლებმაც ტექსელზე ქართველების გმირობა და პატრიოტიზმი დაადასტურეს.
ტექსელის აჯანყება იმ კომუნისტური მითოსის შექმნაშიც მნიშვნელოვანი საყრდენი გახდა, რომელიც ნაცისტი მჩაგვრელების წინააღმდეგ აჯანყებულ ხალხზე გვიამბობდა. საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ომის დასრულების წლისთავებზე ტექსელს რეგულარულად სტუმრობდნენ. გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საბჭოთა რეჟიმმა მხატვრული ფილმი, ჯვარცმული კუნძული გადაიღო, რომელშიც ქართველები გმირებად იყვნენ წარმოდგენილნი. უნდა ითქვას, რომ ასეთი ქება-დიდება ტექსელის ყველა მცხოვრებელს არ მოსწონდა, რადგან თვლიდნენ, რომ აჯანყებისას უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეზე ქართველები ნაკლებად ღელავდნენ.
მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ახალ ქვეყანას იმ ისტორიის გადაფასება მოუხდა, რომელიც კომუნისტური მმართველობის დროს რეჟიმის მიერ იყო დამახინჯებული და, საუკეთესო შემთხვევაში, ჭეშმარიტებასთან მხოლოდ შემთხვევითი კავშირი ჰქონდა. თუმცა ქართველებმა ტექსელის აჯანყების აღნიშვნის ტრადიცია შეინარჩუნეს, რაზეც მოწმობს ის ფაქტი, რომ 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტექსელზე საქართველოს სამხედრო სასაფლაოს ესტუმრა.
სასაფლაოზე მთელი რიგი სიმბოლოებია განთავსებული, რომლებიც აჯანყებულთა მემორიალების ევოლუციას ასახავს. ნამგლისა და უროს გამოსახულება საბჭოთა საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო თეთრი ჯვარი პოსტკომუნისტურ პერიოდს უკავშირდება.
ამ სასაფლაოს მნახველმა შეუძლებელია, ტექსელის აჯანყება უგულებელყოს. თუმცა თუ მის საზღვრებს გასცდებით და ამ ულამაზეს და მშვიდობიან კუნძულზე იმოგზაურებთ, ცოტა რამ თუ შეგახსენებთ იმ საშინელებებს, რომლებიც 1945 წლის გაზაფხულზე მეორე მსოფლიო ომის საბოლოო ბრძოლაში მოხდა. ეს თითქმის ექვსწლიანი კონფლიქტის სისხლიანი დასასრული გახლდათ — ტექსელის ბრძოლა იმ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც არასდროს უნდა დავივიწყოთ.
კომენტარები