მიუხედავად იმისა, რომ რიცხვებითა და სიმბოლოებით მანიპულირება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ჰომო საპიენსები არ ვართ ერთადერთი არსებები მათემატიკური ცნობიერებით. მეცნიერებმა ჩვენი არითმეტიკული მიდრეკილებების ევოლუციური ფესვები შეისწავლეს და მყარი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, იმის დასადასტურებლად, რომ ნეანდერტალელები და ჰომო ერექტუსები, შესაძლოა, პირველი "მათემატიკოსები" ყოფილიყვნენ.

ფოტო: flintrehab.com

ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილია, რომ ზოგიერთი ცოცხალი არსებისთვის მათემატიკა უძველესი ევოლუციური თვისებაა. ფუტკრებს კენტი და ლუწი რიცხვების გარჩევა შეუძლიათ, თევზებს დათვლა, ხოლო ყვავებს გეომეტრიული ფიგურების აღქმა, მაგრამ, როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, რიცხვით ცნობიერებასა და მათემატიკის აბსტრაქტულ აღქმას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სწორედ ეს უკანასკნელი თვისება გამოვლინდა ჰომინიდების ევოლუციის დროს და მასზე პასუხისმგებელი ტვინის მედიალური და პარიეტალური უბნებია.

არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დაედგინათ, თუ როდის გაჩნდა ჰომინიდში ეს უნიკალურ კოგნიტიურ-აბსტრაქციული უნარი, რომელიც სიდიდეების ჩაწერის, აღქმის და მათზე მოქმედებების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

"მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად არ ველოდი ასეთ დასკვნამდე მისვლას, ახლა მჯერა, რომ რიცხვითი აზროვნების განვითარება წინა სახეობებში, სავარაუდოდ, ჰომო ერექტუსში დაიწყო", — განმარტა კვლევის ავტორმა, დოქტორმა ფაბიო მაკიარდიმ.

ამ მოსაზრებას ამყარებს დაახლოებით 1.7 მილიონი წლით დათარიღებული, უნიკალური სიმეტრიის მქონე ორმხრივი ქვის იარაღი — ე.წ. აშელის ცული. ნაშრომში ავტორები ამბობენ, რომ ამ იარაღის დამზადების ტექნოლოგია მოითხოვდა ისეთ უნარებს, როგორებიცაა აბსტრაქტული აზროვნება და ინფორმაციის შენახვა.

"ამ ახალმა კოგნიტიურმა, კულტურულმა და ტექნოლოგიურმა წინსვლამ პარიეტალური ქერქის შემდგომი ევოლუცია გამოიწვია, რომელიც ადრინდელი ჰომინიდების ფრონტო-პარიეტალური ნერვული წრედის განვითარებით დაიწყო", — აღნიშნავს დოქტორი მაკიარდი.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, როგორ აღიქვამდა ჰომო ერექტუსი რიცხვებს, ნათელია, რომ ამ სახეობას შეეძლო რთული გეომეტრიული მოდელირება და გააჩნდა რიცხვითი აზროვნებისთვის საჭირო კოგნიტიური უნარები. როგორც მაკიარდი ამბობს, ჰომო ერექტუსის ვირტუალურად რეკონსტრუირებული ტვინი მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ პირველი ჰომინიდები, შედარებით თანამედროვე შუბლითა და პარიეტალური წილებით.

ანალოგიურად, ნეანდერტალელებსაც შესაძლოა რიცხვითი აზროვნების უნარი ჰქონოდათ. ამის დამადასტურებელი არტეფაქტები იტალიისა და ბულგარეთის გამოქვაბულებში აღმოაჩინეს. დაახლოებით 50-60 ათასი წლის წინ, ამ ადგილებში ნეანდერტალელებმა ქვებსა და ძვლებზე თანაბრად დაშორებული ხაზები ამოკვეთეს.

კვლევის ავტორების აზრით, სხვა კოგნიტიურ-აბსტრაქციული უნარებისა და შესაბამისად პარიეტალური ქერქის განვითარების გარეშე, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული ფიგურების აღნიშვნა შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპეკულაციური თეორიაა, ამ პრეისტორიული არტეფაქტების ასეთი ინტერპრეტაცია ამტკიცებს, რომ ნეანდერტალელებს შესაძლოა რიცხვების სიმბოლურად წარმოდგენის საკუთარი ტექნიკა ჰქონოდათ.

ფოტო: Smithsonian Institution

გარდა ამ არტეფაქტებისა, მაკიარდის თქმით, მკვლევრებს უფრო სარწმუნო ბიოლოგიური არგუმენტებიც აქვთ. საინტერესოა, რომ სხვა ჰომინიდების გენეტიკური კოდი, მათ შორის კოგნიტიურ უნარებთან დაკავშირებული გენებიც, გარკვეულწილად თანამედროვე ჰომო საპიენსის მსგავსია.

მათემატიკურ უნართან დაკავშირებული ძირითადი გენი ROBO1-ა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის განვითარებაში, განსაკუთრებით კი ნერვული უჯრედების გადაადგილებასა და ნერვული ბოჭკოების სწორად ფუნქციონირებაში. იგი პარიეტალური ქერქის ემბრიონულ ზრდას არეგულირებს და თანამედროვე ადამიანური ცნობიერების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

ცხადია, გენი კოგნიტიური ნიშნების ფორმირებაში როლს არ თამაშობს, მაგრამ ის ტვინის სპეციფიკური რეგიონების განვითარების აუცილებელ ბიოლოგიურ წინაპირობას წარმოადგენს.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში l’Anthropologie.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.