2025 წლის 21-22 ივნისს, მსოფლიომ ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო და ლეგენდარული სამხედრო თვითმფრინავის — B-2 Spirit-ის — მოქმედება იხილა. აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა "Midnight Hammer"-ის სახელწოდებით ცნობილი ოპერაციის ფარგლებში, ირანის ბირთვულ ობიექტებზე უპრეცედენტო დარტყმა განახორციელა. შვიდმა B-2 ბომბდამშენმა, 13-ტონიანი GBU-57 ტიპის ბომბები, იგივე "ბანკერ-ბასტერები" ჩამოაგდო და მთლიანად გაანადგურა ფორდოსა და ნატანზის მიწისქვეშა ობიექტები.

ოპერაცია სულ ერთი დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ ეს დრო საკმარისი იყო B-2 Spirit-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობების საჩვენებლად. პენტაგონის ცნობით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიყენებული ზარალი "უკიდურესად მძიმეა", თუმცა საბოლოო შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

GBU-57 MOP ტიპის ბომბები

"Operation Midnight Hammer"-ის მიმდინარეობისას, სამხედრო თვითმფრინავმა GBU-57 MOP ტიპის ბომბები გამოიყენა. ეს ბუნკერსაწინააღმდეგო ტექნოლოგია განსაკუთრებულად დაცული მიწისქვეშა ობიექტების გასანადგურებლადაა შექმნილი. იგი ათასობით მეტრის სიმაღლიდან ვარდება და თავისი უზარმაზარი მასისა და გამძლე ფოლადის გარსის წყალობით მაღალი სიჩქარით აღწევს მიწის სიღრმეში. მას თავისუფლად შეუძლია ბეტონის, კლდისა და ლითონის ფენების გარღვევა.

მისი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოგდებისას იგი მოქმედებაში დაუყოვნებლივ არ მოდის. ბომბში ჩამონტაჟებულია სპეციალური მექანიზმი, რომელიც მოწყობილობის დაგვიანებულ აფეთქებას უზრუნველყოფს. მექანიზმი ასაფეთქებელ ნივთიერებას მხოლოდ მას შემდეგ ააქტიურებს რაც ბომბი მიწის ქვეშ ღრმადაა შესული. აფეთქების შემდეგ, წნევის ძლიერი ტალღისა და სიცხის გამო შენობა შიგნიდან სრულად ნადგურდება.

GBU-57 MOP (Massive Ordnance Penetrator) არის აშშ-ის საჰაერო ძალების ზუსტი დამიზნების, დაახლოებით 13,6 ტონიანი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი.

ფოტო: deviantart.com

GBU-57 არ არის ბირთვული ბომბი, მაგრამ მას თითქმის შეუმჩნევლად და წამიერი სიზუსტით შეუძლია მიწისქვეშა ბუნკერების, ბირთვული ლაბორატორიებისა და მტრის ყველაზე დაცული ინფრასტრუქტურის განადგურება.

"ბანკერ-ბასტერების" შემუშავება არ ყოფილა მარტივი პროცესი. მისი შექმნის აუცილებლობა 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, როდესაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაიაზრა, რომ არ გააჩნდა საკმარისად მძლავრი არა-ბირთვული საშუალება ისეთი ქვეყნების ღრმად ჩამარხული ბირთვული ან ქიმიური ობიექტების გასანადგურებლად, როგორებიცაა ირანი ან ჩრდილოეთ კორეა.

GBU-57 დაახლოებით 13.6 ტონას იწონის, რის გამოც, მისი გადატანა და ჩამოგდება მხოლოდ სტელსის ტიპის ბომბდამშენს შეუძლია. სტრატეგიულად, ეს ორი მოწყობილობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ბომბის დამიზნება ხორციელდება GPS-ის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს ყველაზე რთული სამიზნეების წინააღმდეგაც კი. GBU-57-ის ტესტირება და განვითარება მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში მიმდინარეობდა და ის აშშ-ის არმიის არსენალში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი კონვენციური საბრძოლო მასალაა, რომელიც უპრეცედენტო შეღწევადობის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი.

B-2 Spirit სამხედრო თვითმფრინავი

B-2 Spirit სტელსის ტექნოლოგიითაა შექმნილი, რაც მას დაბალი ხილვადობის, აეროდინამიკური ეფექტურობისა და დიდი ტვირთამწეობის უპირატესობას ანიჭებს. იგი რადიოლოკაციური დეტექტორებისთვის თითქმის შეუმჩნეველია, ანუ მასზე თავდასხმის საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი. დაბალი ხილვადობის გამო, მას მოქმედების მეტი თავისუფლება აქვს, განსაკუთრებით მაღალ სიმაღლეებზე ფრენისას. B-2-ს საწვავის შევსების გარეშე ფრენა დაახლოებით 9 600 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.

სტელსის ტექნოლოგია B-2 Spirit-ს დაბალი ხილვადობის, აეროდინამიკური ეფექტურობისა და დიდი ტვირთამწეობის უპირატესობას ანიჭებს.

ფოტო: Wikipedia.org

B-2 Spirit-ის კონცეფცია YB-49-ის სამხედრო თვითმფრინავს ეფუძნება, რომელიც ცივი ომის დროს ინჟინერმა ჯეკ ნორთროპმა შექმნა. იგი პირველად 1949 წელს გამოჩნდა, თუმცა მაშინ საჰაერო ძალებმა პროექტი დიდი ხარჯების გამო არ მიიღეს. B-2 Spirit არის მრავალფუნქციური ბომბდამშენი, რომელსაც როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული საბრძოლო მასალის გადატანა შეუძლია.

მისი უჩვეულო ფორმა შემთხვევითი ნამდვილად არ არის. B-2 Spirit ბომბდამშენის უნიკალური დიზაინი, რომელიც მას რადარისთვის თითქმის უხილავს ხდის, სათავეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული პროექტიდან — Horten Ho 229-დან — იღებს. ამ რევოლუციურ თვითმფრინავს გერმანელი ინჟინრები, ვალტერ და რეიმარ ჰორტენები ქმნიდნენ, რათა სწრაფი, შორ მანძილზე მოქმედი და რადარისთვის რთულად აღმოსაჩენი ტექნოლოგია მიეღოთ. ომის დასრულების შემდეგ, აშშ-მა გასაიდუმლოებული ოპერაციის ფარგლებში გერმანული სამხედრო დოკუმენტაცია მოიპოვა. ამ ოპერაციამ, რომელიც "ქაღალდის სამაგრის" (Operation Paperclip) სახელითაა ცნობილი, უდიდესი გავლენა იქონია აშშ-ს საავიაციო ინდუსტრიაზე. ამერიკელმა ინჟინრებმა ეს კონცეფცია სრულყოფილებამდე მიიყვანეს, რის შედეგადაც დღევანდელი B-2 Spirit შეიქმნა.

B-2 Spirit სამხედრო თვითმფრინავი და შევარდენი მსგავსი აეროდინამიკური პრინციპებით მოქმედებენ.

ფოტო: Megawallpapers.org/Reddit.

მიუხედავად იმისა, რომ B-2-ის ძირითადი დიზაინი გერმანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს, მისი ელეგანტური და ეფექტური ფორმა ხშირად ბუნების საოცარ ქმნილებას — შევარდენს (Peregrine Falcon) — მოგვაგონებს. შევარდენი ყველაზე სწრაფი ფრინველია მსოფლიოში. ფრენისას, მისი აეროდინამიკურად ეფექტური სხეულისა და ფრთების ფორმის გამო ჰაერის წინააღმდეგობის ძალა მაქსიმალურად მცირდება, რაც ინჟინრებისთვის შთაგონების წყარო გახდა. B-2-ის ფრთის წინა ნაწილის მოხრილ, წვეტიან ფორმას ხშირად "შევარდნის ნისკარტსაც" უწოდებენ.

B-2 "მფრინავი ფრთის" (Flying Wing) კონცეფციას იყენებს. ასე შექმნილი თვითმფრინავის დიზაინი აეროდინამიკური სრულყოფილებისკენ სწრაფვის ნათელი მაგალითია, რომელშიც მთელი თვითმფრინავი, ფაქტობრივად, ერთი დიდი ფრთაა. ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს ცალკე გამოყოფილი კორპუსი და კუდი და შესაბამისად წნევაც დაბალია. B-2-ის გლუვი და დახვეწილი ფორმა მინიმუმამდე ამცირებს ჰაერის წინაღობას, რაც მას ძალიან ეფექტურს ხდის შორ მანძილზე ფრენისას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.