ქვის ხანის ჩინეთში ძალაუფლება, სავარაუდოდ, ქალებს ებარათ — 4500 წლის ჩონჩხების ანალიზი

ფოტო: China Highlights
დნმ-ის ახალი ანალიზის მიხედვით, დაახლოებით 4500 წლის წინანდელ აღმოსავლეთ ჩინეთში მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფებს, შესაძლოა, სათავეში ქალები ედგნენ. მეცნიერებმა ეს ამ ტერიტორიაზე არსებული ქვის ხანის ჩონჩხების შესწავლის შედეგად დაადგინეს.
მათ მიაგნეს მინიშნებებს, რომ მაშინდელი საზოგადოების წყობა ძალიან იშვიათი იყო: ყველა ერთ ან ორ "კლანს" ემორჩილებოდა, რომელთაც ქალები მართავდნენ. ასევე, ეს ადამიანები სწორედ დედისეულ საგვარეულო ადგილას იმარხებოდნენ, რაც სულ მცირე 10 თაობის განმავლობაში გრძელდებოდა.
ფუძიანის პროვინციაში მდებარე არქეოლოგიურ ზონაში მეცნიერებმა ორი სასაფლაო აღმოაჩინეს, რომელთაც ერთმანეთისგან თითქმის 100 მეტრი აშორებს. იქ 500-ზე მეტი სამარხი იყო. რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდით გაირკვა, რომ ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2750-2500 წლებს შორის პერიოდს მიეკუთვნება.
მკვლევრებმა სწორედ იქ ნაპოვნი 60 ჩონჩხის დნმ გააანალიზეს: 14 ერთი სასაფლაოდან და 46 მეორიდან. პირველი ჯგუფიდან ყველა ერთსა და იმავე მიტოქონდრიულ დნმ-ს იზიარებდა, რომელიც ბავშვს მხოლოდ დედისგან გადაეცემა. ეს ნიშნავს, რომ მათი დედობრივი ხაზი ერთნაირი იყო.
მეორე ჯგუფში სხვა მიტოქონდრიულ დნმ 46-დან 44 ჩონჩხს აღმოაჩნდა. კაცების Y ქრომოსომის შესწავლამ აჩვენა, რომ ის მრავალგვარობით გამოირჩეოდა. აქედან ასკვნიან, რომ ამ სასაფლაოებზე დამარხული ადამიანები მამის მხრიდან სხვადასხვა მემკვიდრეობით ხაზს ეკუთვნოდნენ, მათი დედები კი ერთმანეთს ენათესავებოდნენ.
ძველი დროის ასეთი წყობები ძალიან იშვიათია. ამგვარი საზოგადოებები მხოლოდ სამმა სხვა კვლევამ გამოავლინა: ნიუ მექსიკოში (ჩაკოს კანიონის მიმდებარედ), სამხრეთ გერმანიის კელტურ დასახლებასა და რკინის ხანის ბრიტანეთის დუროტრიგების ტომებში.
საინტერესოა, რომ სპეციალისტებმა ჩინეთში სისხლით მონათესავეთა შეწყვილების მტკიცებულებებსაც მიაგნეს, რაც 10 თაობაში ფიქსირდებოდა. მათ უმეტესობას ამგვარი კავშირი შედარებით შორეულ ბიძაშვილ-მამიდაშვილთან ჰქონდა, 4 ინდივიდს კი უფრო ახლო ნათესავთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩაკეტილ და მცირერიცხოვან საზოგადოებებში ხშირად გვხვდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები