10 მწერალი, რომელმაც უკანასკნელი ნაწარმოების დასრულება ვერ მოასწრო
მწერალი შემოქმედია, თუმცა, არა — უკვდავი. ისინი, ვინც მუდმივად რაღაცის ქმნის პროცესში არიან, ერთ მომენტში უნებლიეთ წყვეტენ მას. დაუმთავრებელი რომანები, მოთხრობები და, უბრალოდ, ესკიზებიც კი, ლიტერატურის ისტორიაში იმაზე უფრო მეტია, ვიდრე გგონიათ.
რა ხდება მაშინ, როცა დაწყებული ნამუშევარი დაუსრულებელი რჩება? მწერლების ნაწილი იმასაც კი ითხოვდა, რომ მათი სიკვდილის შემდეგ ხელნაწერები გაენადგურებინათ, თუმცა, ამგვარად სამყარო არაერთ შედევრს დაკარგავდა. წლების და ზოგჯერ ათწლეულების შემდეგ, სხვენში ან მტვერდადებულ სკივრებში ხშირად უპოვიათ ტექსტები, რომლებზე მუშაობაც მწერლებს დაწყებული ჰქონდათ, თუმცა, როგორც ამას ხშირად ამბობენ, "არ დასცალდათ".
ამ სტატიაში 10 მწერალს წარმოგიდგენთ, რომელთა უკანასკნელი ნაწარმოებები არასდროს დასრულებულა მათი ავტორების მიერ.
1. ვლადიმერ ნაბოკოვი — ლორას საწყისი
რუსული წარმოშობის ამერიკელმა მწერალმა 1977 წელს გარდაცვალებამდე დაუმთავრებელი ხელნაწერი დატოვა, რომლიც სამუშაო სათაურიც ლორას საწყისი იყო. 138 წებოვან ქაღალდზე დაწერილი ტექსტი უსახელო "წერილების კაცისა" და 24 წლის ქალის ამბავს ჰყვება.
ავტორს სურდა, ტექსტი მისი სიკვდილის შემდეგ გაენადგურებინათ, თუმცა, 2008 წელს ნაბოკოვის შვილმა, დიმიტრიმ, განაცხადა, რომ მამამისი საფლავიდან გამოეცხადა და წიგნის გამოცემის ნებართვა მისცა. დაუმთავრებელი ნაწარმოები, საბოლოოდ, 2009 წელს გამოქვეყნდა.
2. ჩარლზ დიკენსი — ედვინ დრუდის საიდუმლოება
1870 წელს გარდაცვალებისას, ლეგენდარულ ინგლისელ მწერალს ედვინ დრუდის საიდუმლოების დაგეგმილი 12 ნაწილიდან მხოლოდ ექვსი ჰქონდა დასრულებული. სამწუხაროდ, მწერლის სიკვდილის გამო ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, ვინ იყო ამბავში მკვლელი; თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, დედოფალი ვიქტორია რომ "დასპოილერებით" დაინტერესებულიყო.
საქმე იმაშია, რომ სიკვდილამდე სამი თვით ადრე დიკენსს დედოფლისთვის წერილი გაუგზავნია, სადაც მონარქს სთავაზობდა, რომ ამბავთან დაკავშირებულ "რაღაც-რაღაცებს წინასწარ გაუმხელდა". ვიქტორიამ შეთავაზებაზე მკაცრი უარი სტკიცა, ამიტომ დიკენსის უკანასკნელი ნაწარმოები მართლაც საიდუმლოებად იქცა. მიუხედავად ამისა, ისტორიის გაგრძელების დაწერა მას შემდეგ არაერთმა ავტორმა სცადა.
3. ვერგილიუსი — ენეიდა
ეპიკური პოემა, რომელშიც მოქმედება ტროას ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება, არ დასრულებულა, რადგან ძველი წელთაღრიცხვით 19 წელს ვერგილიუსი გარდაიცვალა. ტრადიციისამებრ, ვერგილიუსს უთხოვია, ხელნაწერი დაეწვათ, თუმცა იმპერატორმა ავგუსტუსმა ანდერძის ადრესატებს უბრძანა, ნაწარმოები მცირედი ცვლილებებით მაინც გამოექვეყნებინათ.
4. მარკ ტვენი — იდუმალი უცნობი
1910 წელს გარდაცვლილმა ტვენმა ერთმანეთთან დაკავშირებული სამი სხვადასხვა ნაწარმოების დაუმთავრებელი ხელნაწერი დატოვა: ახალგაზრდა სატანის ქრონიკა, სქულჰაუს ჰილი და No.44, იდუმალი უცნობი. სამივე მათგანში სატანა, სატანის ძმისშვილი ან No.44 ფიგურირებენ.
მწერლის ბიოგრაფმა, ალბერტ ბიგლოუ პეინმა, 1916 წელს სამივე ერთ წიგნში გააერთიანა და იდუმალი უცნობის სახელით გამოსცა. წიგნი, მეტწილად, ახალგაზრდა სატანის ქრონიკას ეფუძნებოდა, თუმცა დასასრული No.44-დანაა აღებული. ამდენად, ტექსტი უმეტესად მაინც პეინის შემოქმედება იყო 1960 წლამდე, როცა იგი ახალი რედაქციით გამოიცა და უფრო მიუახლოვდა ტვენის შექმნილ ორიგინალურ ნაწარმოებებს. დღე ეს წიგნი ცნობილი ამერიკელი მწერლის უკანასკნელ შედევრადაა მიჩნეული.
5. ფრანც კაფკას რომანები
მწერლის არაერთი ნაწარმოების წაკითხვის ბედნიერება ვერ გვექნებოდა, რომ არა მისი ურჩი მეგობარი და მწერალი მაქს ბროდი.
კაფკას სიცოცხლეში ბევრი არაფერი გამოუცია. 1924 წელს გარდაცვალების გამო კი სამი რომანი — პროცესი, გოდოლი და ამერიკა — დაუსრულებელიც დარჩა. მწერალმა ხელნაწერები ბროდს მიანდო და მათი განადგურება სთხოვა, თუმცა, ამ უკანასკნელმა მეგობარს უკანასკნელი სურვილი არ შეუსრულა, სამაგიეროდ, ლიტერატურულ სამყაროს შეუფასებელი განძი შესძინა.
6. ერნესტ ჰემინგუეი — ედემის ბაღი
ჰემინგუეიმ ედემის ბაღზე მუშაობა 1946 წელს დაიწყო და წლების განმავლობაში, დროგამოშვებით წერდა; საბოლოოდ, ტექსტი მისი სიკვდილის გამო მაინც დაუსრულებელი დარჩა.
მიუხედავად ამისა, ნაწარმოები 1986 წელს გამოიცა და კრიტიკაც გამოიწვია დაუნანებელი რედაქტირების გამო: ტექსტი, ფაქტობრივად, ორ მესამედამდე შემცირდა და არაერთი ცვლილებაც შევიდა. რამდენიმე მკვლევარს მიაჩნია, რომ ჰემინგუეი ედემის ბაღის სხვაგვარად განვითარებას აპირებდა, როგორც შინაარსობრივად, ასევე სტილისტურად; ეს ყველაფერი კი სწორედ რედაქტირებას შეეწირა.
7. ტრუმენ კეპოტე — პასუხგაცემული ლოცვები
ცხოვრების ბოლო წლებში ტრუმენ კეპოტე ხშირად ამბობდა, რომ წიგნზე, სახელად პასუხგაცემულ ლოცვებზე, მუშაობდა. მეტიც, ორი კვირით ადრე, სანამ მისი ცნობილი რომანი, ხელის აუკანკალებლად, წიგნის მაღაზიებში გამოჩნდებოდა, მწერალმა კონტრაქტი გააფორმა გამომცემელთან. თუმცა, რედაქტორებთან გახანგრძლივებული ვადების მიუხედავად, წიგნი არასდროს დასრულებულა.
1971 წელს ერთ-ერთ თოქ-შოუში სტუმრობისას კეპოტემ რომანს "სიკვდილის შემდგომ გამოსაცემი" უწოდა. "ან მე მოვკლავ, ან ის მომკლავს", — აღნიშნა მაშინ მწერალმა.
წიგნის რამდენიმე თავი, საბოლოდ, 1975 და 1976 წლებში გამოიცა, თუმცა, მწერლისთვის მეტად უსიამოვნო შედეგები მოიტანა: კეპოტეს მეგობრებმა, რომლებმაც ნაწარმოებში საკუთარი თავი ამოიცნეს, იგი მიატოვეს. ამის გამო, მწერალი დეპრესიაში ჩავარდა, მოგვიანებით კი ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას მიეძალა, რომლიდანაც თავის დაძვრენა ვეღარ მოახერხა.
8. ნიკოლაი გოგოლი — მკვდარი სულები
რუსი კლასიკოსის შედევრად აღიარებული ნაწარმოების — მკვდარი სულების — მეორე ნაწილი დიდწილად დაუმთავრებელი დარჩა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვალებამდე კვირებით ადრე, გოგოლმა დასრულებული ხელნაწერის უმეტესობა დაწვა.
წიგნის ჩვენამდე მოღწეული ვერსია შუა წინადადებაში წყდება. ლიტერატურათმცოდნეების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ასეც იყო განზრახული.
9. რობერტ მუზილი — უთვისებო კაცი
პოპულარული ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის, 1942 წელს გარდაცვალების გამო, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული რომანი დაუმთავრებელი დარჩა. მწერალი "იდეების ისტორიის" სამ ტომზე მუშაობდა, რომელშიც მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დაწყების პერიოდში, ვენაში ვითარდება. წერის პროცესი თითქმის 20 წლის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ხელნაწერმა 2 000 გვერდს მიაღწია.
წიგნის პირველი ორი ტომი 1930-იან წლებში გამოიცა, მესამე ტომი კი ავტორის სიკვდილის შემდეგ, მუზილის ცოლის, მარტას, დახმარებით დაიბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ მუზილის ცხოვრებაში რომანმა დიდი წარმატება ვერ მოიტანა, დღეს იგი მოდერნისტული ლიტერატურის საკვანძო ნიმუშად მიიჩნევა.
10. ჯეფრი ჩოსერი — კენტერბერიული მოთხრობები
ჩოსერი 1400 წელს გარდაიცვალა, მანამდე კი თითქმის 25 წლის განმავლობაში მუშაობდა კენტერბერიულ მოთხრობებზე. მასში 20 ამბავია გაერთიანებული — რამდენადაც ცნობილია, ამბები პილიგრიმების მიერაა მოყოლილი, როდესაც ისინი კენტერბერის კათედრალისკენ მიემგზავრებოდნენ და გზად ამბების კონკურსი გამართეს.
მიუხედავად ამისა, ჩოსერს უფრო მეტის დაწერა ჰქონდა განზრახული. დაუსრულებელი ამბების ბოლომდე მიყვანა, მოგვიანებით, შუა საუკუნეებში მოღვაწე სხვა ავტორებმა სცადეს.
კომენტარები