ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რაზეა დამოკიდებული სახმელეთო საზღვრების გახსნა. მან ჩამოთვალა რამდენიმე გამოწვევა, რაც სახელმწიფოს აქვს ამ მიმართულებით.

"პირველ რიგში, ეს გამოწვევა მდგომარეობს იმაში, თუ რა ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომ არ მოხდეს საცობების შექმნა სასაზღვრო ზოლში.

თუ თითოეულ მოქალაქეს დაუფიქსირდება კოვიდი, აქ ჩვენ უნდა გვქონდეს რა იქნება ჩვენი გადაწყვეტა — სახელმწიფო იღებს ამ ვალდებულებას, თუ ვაბრუნებთ ქვეყნიდან. თუ ეს პიროვნება არ არის იმ ქვეყნის რეზიდენტი, რომელი საზღვრიდანაც ის საქართველოში შემოდის, მაშინ პასუხისმგებლობების გადანაწილება, რა თქმა უნდა, რთულდება", — განმარტავს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ცვლილებები სადაზღვეო კანონში.

"ალბათ, ცალსახად უნდა მოვითხოვოთ, რომ არსებობდეს სავალდებულო დაზღვევა, სადაც სახელწიფო, გარანტირებული იქნება, რომ ყველა ის სამედიცინო საჭიროება, რომელიც დადგება კოვიდის შემთხვევაში ტურისტთან მიმართებაში, ანაზღაურებული იქნება. დღეს ჩვენ გვაქვს რიგი შემთხვევები, როდესაც ტურისტს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა და აქედან გამომდინარე იგი უარს აცხადებს გადახდაზე", — ამბობს ტიკარაძე.

კიდევ ერთი გამოწვევა, რასაც, ტიკარაძის თქმით, უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო ტურისტების მიღებამდე, სასტუმროებსა და რესტორნებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

"მნიშვნელოვანი არის შრომითი ინსპექციის მუშაობა კერძო სექტორთან და მნიშვნელოვანი არის სასტუმროების და რესტორნების ხარისხობრივ კომპონენტში განვითარება, რაც გულისხმობს ვენტილაციის სისტემების და ასევე, მოცულობითი შესაძლებლობების ზუსტ დადგენას", — ამბობს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მუშავდება აპლიკაცია, რომელიც აღრიცხავს ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს სპეციალური QR კოდის საშუალებით.

"ჩვენ და განსაკუთრებით კერძო სექტორს ექნება საშუალება თავისთან მიიღოს ის ადამიანი, ვინც ან 72 საათის მანძილზე არის გატესტილი და არის კოვიდ-თავისუფალი ან არის ორმაგად ვაქცინირებული. ეს ყველაფერი ამ პორტალში იქნება ასახული და იქნება კარგი ინსტრუმენტი კერძო სექტორისთვის, რათა მათ შეძლონ ოპერირება", — განაცხადა ტიკარაძემ.

იგი ამბობს, რომ სახელმწიფო მზადაა დაეხმაროს კერძო სექტორს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაში.

გაიგეთ მეტი ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში ვიზიტის შესახებ: