ჩერნობილის კატასტროფიდან 35 წელი გავიდა. ქალაქი პრიპიატი ისევ ცარიელია, რადიაციით დაბინძურებული ზონა კი — დაკეტილი. ადგილი მხოლოდ ტურისტებისთვისაა ღია. ისინიც შედიან და რადიაციული დასხივების და ნასახლარის სიჩუმის შიშით მალევე ტოვებენ ტერიტორიას.

35 წლის წინ, მაშინ, როცა დასახლებული ზონების ევაკუაცია მიმდინარეობდა, ასეთივე შიშით, ოღონდ — ზოგი გაცნობიერებული, ზოგიც ქვეცნობიერი განცდით — მიდიოდა რადიაციის ზონაში სამუშაოდ. რასაკვირველია, მათი უმეტესობისთვის ეს ნებაყოფლობითი არ ყოფილა.

ჩერნობილელების ზეპირად მოყოლილი ისტორიები მსოფლიომ უკვე გაიცნო ბელარუსი ნობელიანტი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის, ბესტსელერში ჩერნობილის ლოცვა. ამჯერად კი ნაცნობი ისტორიის ქართული მხარის გაცნობა საკუთარ თავზე აიღო ჩვენმა რესპონდენტმა, თამარ მესხმა.

ლიკვიდატორები, როგორც მათ უწოდებენ, თამარის თქმით, სამყაროს გადარჩენაში მონაწილე გმირები არიან.

სწორედ ამის გააზრებით შეიქმნა კრებული 11 ქართული ისტორია ჩერნობილიდან. წიგნში, რომელიც კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა, ზეპირი ისტორიებითაა გადმოცემული 11 ქართველი ლიკვიდატორის თავსგადახდენილი ამბავი სახიფათო ზონაში. კრებულის ისტორია კი On.ge-ის ფეისბუქჯგუფში დაიწყო შეკითხვით "ჩერნობილელებს ხომ არ იცნობთ?"

კრებულის ელექტრონულ ვერსიას შეგიძლიათ ცენტრის ვებგვერდზე გაეცნოთ, ან მოძებნოთ იგი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ავტორთან, რომელიც საუბარში ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა პროექტზე მუშაობის პროცესი, ჩერნობილი, როგორც გარდამტეხი მოვლენა ისტორიაში, ზეპირი ამბების დანიშნულება და ყველაზე მთავარი — ადამიანის ადგილი და ღირებულება მასშტაბურ კატასტროფაში.


დავიწყოთ თავიდან: როგორ გაჩნდა პროექტზე მუშაობის დაწყების იდეა? წიგნის წინასიტყვაობიდან შევიტყვე, რომ ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი HBO-ის გახმაურებული სერიალი ჩერნობილი იყო...

ჩერნობილი მართლაც იყო ერთ-ერთი და ალბათ მთავარი მიზეზი. მანამდე არ ვყოფილვარ ამ თემით დაინტერესებული და დიდ ინფორმაციას არ ვფლობდი. როდესაც ეს სერიალი გამოვიდა, ფეისბუქზე შეიქმნა ამ სერიალის მაყურებლების ჯგუფი — ალბათ შეგიმჩნევიათ, ისეთი რაღაც რომ ხდება, რასაც ყველა ადამიანი ადევნებს თვალს, ამას სოციალურ ქსელებში განხილვა მოჰყვება ხოლმე. ასეთი რაღაცებით, ზოგადად, ხშირად ვარ დაინტერესებული — როცა რაღაცას ვუყურებ ან ვკითხულობ, შემდეგ განხილვაშიც ვერთვები, სოციალურ ქსელში თუ სხვაგან. ასე მოხდა ჩერნობილის შემთხვევაშიც — ჯგუფში ვიყავი და განხილვას ვადევნებდი თვალს. ერთხელაც, მახსოვს, ერთმა წევრმა თქვა, რომ მისი ნაცნობიც იყო ჩერნობილში ნამყოფი და ფოტოებიც დაურთო. სწორედ მაშინ დავიწყე ამაზე ფიქრი — წესით, ხომ ჩვენთვის ძალიან შორეული მოვლენაა, ერთი მხრივ, 35 წლის წინ მოხდა, მეორე მხრივ კი, ტერიტორიულად ჩვენგან შორს — ისეთი მოვლენაა, რაც ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, არ გვეხება.

თუმცა, შემდეგ, როდესაც სხვა ადამიანებმაც დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მათ ნაცნობს ამ კატასტროფასთან კავშირი ჰქონდა. თანაც, ადამიანები წიგნის ან ფილმის პერსონაჟებს განიხილავენ და გულშემატკივრობენ, თუმცა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ჩვენ სერიალის პერსონაჟების გარდა, მათ რეალურ პროტოტიპებზეც გვეფიქრებოდა, მათ შორის, იმათზეც, ვინც, შესაძლოა, ჩვენ გვერდით ცხოვრობდეს.

მართალია, ჩერნობილის კატასტროფა შორეული მოვლენაა, მაგრამ ის ჩვენს თანამოქალაქეებსაც შეეხო.

იმ პერიოდში, როცა თემისადმი ინტერესი განსაკუთრებით იყო გაზრდილი, ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა დრო გვეხელთა და საქართველოში მცხოვრები იმ ადამიანებისადმი, ვინც ჩერნობილის კატასტროფის ეპიცენტრში იმყოფებოდა (ლიკვიდატორები), ყურადღება გვეგრძნობინებინა — ისევე, როგორც ამას ერთგვარი ღონისძიებებით ვაკეთებთ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის.

ამას დროში დაემთხვა ისიც, რომ ჩართული ვიყავი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებულ სწავლებაში სამოქალაქო აქტივობაზე. სწავლების მიწურულს უნდა შეგვემუშავებინა პროექტი და თემად ჩერნობილი ავირჩიე. გადავწყვიტე ინტერვიუები ჩამეწერა და წიგნად მექცია. ამ პროცესში დახმარებას მიწევდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

გარდა ამისა, წიგნზე მუშაობდნენ რედაქტორი ნინო გოგალაძე და დიზაინერი ნინა ბიჩინაშვილი. რედაქტირების პროცესს რაც შეეხება, მეც და რედაქტორიც შევთანხმდით, რომ ტექსტებში ავთენტიკურობა დაგვეცვა, რათა მთხრობელების ხმა არ დაკარგულიყო.

როგორ მიმდინარეობდა მუშაობის პროცესი: რა წინასწარი მოკვლევა დაგჭირდათ თემასთან დაკავშირებით, როგორ უკავშირდებოდით რესპონდენტებს და რა სირთულეები ახლდა ამ ყველაფერს თან?

ყველაფერი დაიწყო სოციალურ ქსელში აღმოჩენილი ადამიანით, რომელმაც აღნიშნა რომ მამამისი იყო ერთ-ერთი ლიკვიდატორი. შემდეგ ისიც აღმოვაჩინე, რომ კიდევ ერთი ლიკვიდატორი ჩემი ოჯახის ნაცნობი იყო, რომელიც ჯარიდან გაიწვიეს.

ლიკვიდატორების ნაწილი ჯარიდან, ნაწილი კი სამსახურიდან წაიყვანეს, რადგან კატასტროფის ადგილას დიდი სამუშაო ძალა სჭირდებოდათ.

ამ ორი ადამიანის გაცნობით დაიწყო კვლევის პროცესიც; მათ შემდეგ დამაკავშირეს საკუთარ ნაცნობებთან, რომელთაც ან სახლში ვსტუმრობდი, ან სამსახურში.

პროცესში საინტერესო იყო ქუთაისში მცხოვრებ ლიკვიდატორებთან შეხვედრა. საქართველოში არსებობს ჩერნობილელთა კავშირები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, თუმცა, ქუთაისში ეს საზოგადოება განსაკუთრებულად აქტიურია; საკუთარი ოფისიც კი აქვთ, სადაც ერთდროულად შევხვდი ოთხ ლიკვიდატორს. კავშირის თავჯდომარე, ჯამბულ ჯიქია, სამ წევრს დაუკავშირდა და შეხვედრაც ოფისში შედგა. ერთგვარად ეს ინტერაქციულ ფოკუსჯგუფს ჰგავდა, რადგან, ცალ-ცალკე გასაუბრების მიუხედავად, ლიკვიდატორები ერთმანეთის საუბარშიც ერთვებოდნენ. კრებულში გამოყენებული რამდენიმე ფოტოც სწორედ მათი ალბომებიდანაა აღებული.

დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის ოფისი ქუთაისში.

ფოტო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

მუშაობა კი 2020 წლის იანვარში დავიწყეთ; იანვარ-თებერვალში ჩავწერე პირველი რამდენიმე რესპონდენტი, შემდეგ, პროცესი, კორონავირუსის პანდემიის გამო, შენელდა, ამიტომ ინტერვიუების ჩაწერა ივლისამდე გაიწელა.

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ზეპირ ისტორიებს: რითი განსხვავდება, მაგალითად, დოკუმენტალისტიკის და არამხატვრული პროზის სხვა ფორმებისგან და რას ცვლის ეს ისტორიის ჩვენეულ აღქმაში?

მთავარი განსხვავება ალბათ ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მოვლენას ფართო ჭრილში აღვიქვამთ, ვიცნობთ ფაქტებს და ზოგად ისტორიულ კონტექსტს. ზეპირი ისტორიების მოსმენისას კი ეს ისტორია უფრო ახლობელი ხდება, რადგან ცალკეული ადამიანის პერსპექტივით დანახულ და აღქმულ მოვლენას ვეცნობით.

უშუალოდ თქვენი დამოკიდებულება როგორ შეიცვალა ამ მოვლენისადმი: რა თქმა უნდა, მის შესახებ წიგნის დაწერამდეც იცოდით, თუმცა, რა შეცვალა პროექტზე მუშაობამ თქვენეულ აღქმაში?

დამოკიდებულება თავიდანვე ასეთი მქონდა, თუმცა, შემდგომ უფრო გამყარდა — რომ საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს მათ მიმართ, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ასეთი მასშტაბური კატასტროფის შედეგებთან გამკლავებაში.

ფილმებში ხშირად ვხედავთ ისეთ კლასიკურ ისტორიებს, სადაც სამყაროს კატასტროფა ემუქრება, შემდეგ კი ჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად იწყებენ ბრძოლას. ჩერნობილი კი ის შემთხვევა იყო, როცა ეკრანებზე ნანახი სუპერგმირების ისტორია რეალობაში ვიხილეთ — გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასადაც კი ჩაერთვნენ სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ კი დღეს გვაქვს შესაძლებლობა, პირისპირ შევხვდეთ და გავესაუბროთ მათ, ვინც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს გადარჩენაში შეიტანა წვლილი.

კიდევ ერთი რამ, რასაც რესპონდენტები საუბარში ხშირად აღნიშნავდნენ, იყო სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი ყურადღების შემცირება. ზოგი მათგანი 1988, ზოგიც — 1989 წელს დაბრუნდა, მალევე კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და მათ იგრძნეს, რომ აღარ ცხოვრობდნენ იმ ქვეყანაში, რომელმაც ისინი კატასტროფის ადგილას გაგზავნა. შესაბამისად, ვის შეიძლებოდა, მათი წვლილი ხსომებოდა?!

ხშირად სჭირდებათ სხვადასხვაგვარი დახმარება, მედიკამენტებით, მათ შორის, რადგან ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ, თუმცა, ამის გარდა მნიშვნელოვანია ყურადღება და დაფასება საზოგადოების მხრიდანაც.

ამბობდნენ, რომ ზოგჯერ ჟურნალისტები მიდიან, ისმენენ მათ ისტორიებს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. ეს განსაკუთრებით მწვავე აქცენტი იყო, რადგან დათანხმების და საჯაროდ გაჟღერების გარდა, სხვა არაფრის გაკეთება შეგიძლია. ცვლილების მოხდენა, ამ ეტაპზე, ალბათ არაა შესაძლებელი — ან შეიძლება იყოს კიდეც, თუკი ადამიანების დიდი ჯგუფი მოინდომებს.

ჩერნობილელთა ხსოვნის მემორიალი ქუთაისში

თავადაც აღნიშნეთ, რომ ზეპირი ამბებით ისტორია უფრო ხელშესახები ხდება. ამ მხრივ, როგორ შეიძლება ჩერნობილის კატასტროფის შეფასება; საბჭოთა კავშირის ისტორიაში გარდამტეხი მოვლენისა, რომელმაც ათასობით ადამიანის ბედი შეცვალა; რა გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია ამ ისტორიიდან?

დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რადგან ამაზე საუბარი ჩემი კომპეტენციის სფეროს სცდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ მოვლენამ მართლაც შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირის დაშლის დაჩქარებას, რადგან, თუკი მანამდე შეიძლებოდა მსგავსი, მაგრამ ნაკლებად მასშტაბური უბედურებების დამალვა, ეს კატასტროფა მთელი მსოფლიოსათვის გახდა ხილვადი.

ამასთან, ლიკვიდატორების უმეტესობა ისე ჩავიდა ჩერნობილში, რომ არ იცოდა, სად მიჰყავდათ. ზოგი მათგანი ჯარიდან გაიწვიეს და უთხრეს, რომ სხვა ნაწილში გადაჰყავდათ. მათ კი, ვინც რამდენიმე თვე სამუშაოდ გამოიძახეს, მოწვევას წარუდგენდნენ, ამდენად, წინააღმდეგობასაც არ ჰქონდა აზრი.

აქვე გავიხსენებდი კიდევ ერთ საინტერესო დეტალს, რომელსაც ჩემი რესპონდენტები აღნიშნავდნენ. ადგილზე მუშაობის პროცესში მათ თან ჰქონდათ დოზიმეტრები, რომელიც რადიაციის დონეს აფიქსირებდა. შეიძლებოდა, ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში დიდი რაოდენობით მიღებული დასხივება დაფიქსირებულიყო, თუმცა, მათ მხოლოდ დროებით ატოვინებდნენ ტერიტორიას, შემდეგ კი კვლავ აბრუნებდნენ სამუშაო ადგილზე. ეს პროცესი ხშირად მეორდებოდა, რაც თვალნათლივ გვაჩვენებს, რამდენად ნაკლებად ღირებული იყო მათთვის ადამიანის სიცოცხლე — ისინი მხოლოდ სამუშაო ძალად აღიქმებოდნენ.

ეს თავადაც შეამჩნიეს, როცა ადგილზე იაპონელები ჩასულან; მწკვრივში მდგომმა ლიკვიდატორებმა შენიშნეს, რომ, როგორც კი იაპონელებმა დოზიმეტრით სახიფათო რადიაციულ ზონაში ყოფნა დააფიქსირეს, ავტობუსიდან ჩამოუსვლელად გატრიალდნენ უკან. ამით ქართველებმა ალბათ კარგად დაინახეს, როგორ ზრუნავდა სხვა სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, როცა მათ მუშაობის გარეშე აძლევდა ადგილის დატოვების უფლებას. ეს მაშინ, როცა სახიფათო ზონაში ადამიანები რჩებოდნენ — ან, როგორც სერიალში უწოდებდენ მათ, ბიორობოტებად აქცევდნენ.

ფოტო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

თქვენ ახლაც გაიხსენეთ ისტორია, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ რესპონდენტების საუბრიდან; ამ პროცესში კიდევ თუ იყო ისეთი მომენტი, როცა მძაფრი ემოცია: აღშფოთება, ბრაზი ან სხვა, იგრძენით?

ერთ დაკვირვებას გავიხსენებდი — ისინი იშვიათად ახსენებენ ხოლმე რთულ და მწვავე მოგონებებს, რაც, ერთგვარად ალბათ ფსიქოლოგიური თავდაცვის ხერხია. სერიალშიც ვნახეთ, რა ემართება ადამიანის სხეულს ასეთ კატასტროფაში; ამგვარ ისტორიებს თითქოს განზრახ არიდებდნენ თავს. ქუთაისელ რესპონდენტებთან მახსოვს ერთი შემთხვევა, როცა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, "ის კაცი ხომ გახსოვს, ჭკუიდან რომ შეიშალაო". როცა ამ ამბით დავინტერესდი, უფრო მეტად მიუახლოვდნენ მათთვის აშკარად უსიამოვნო მოგონებას და აღნიშნეს, რომ საშინელებების შემხედვარე ადამიანები ხშირად ვერ უძლებდნენ ამ ყველაფერს.

იყო კიდევ ერთი ასეთი მოგონება — იმ შენობაში, სადაც უშუალოდ მოხდა რადიაციის გაჟონვა, უნდა აღემართათ საბჭოთა კავშირის დროშა. ზონაში მომუშავე ადამიანებს ამ მისიის შესრულება შესთავაზეს და უთხრეს, რომ ვინც ამას გააკეთებდა, სახლში დააბრუნებდნენ. ერთი ახალგაზრდა ამ შეთავაზებას დათანხმებია, როგორც ჩანს, იმის ცდუნებით, რომ დავალების შესრულებისთანავე დატოვებდა ზონას; სახლშიც დაუბრუნებიათ ამის შემდეგ, თუმცა, როგორც ალბათ მოსალოდნელი იყო, რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, რამდენად უფრო მნიშვნელოვანი იყო მათთვის თუნდაც დროშა.

დროშა იმის გასაცხადებლად აღმართეს, რომ "ყველაფერი კარგად იყო და სიტუაციას აკონტროლებდნენ". ამ შეტყობინებისთვის კი ადამიანის სიცოცხლე გაწირეს.

გავიხსენებდი კიდევ იმ მომენტს, როცა გავიფიქრე, თუ როგორ ეჩვევა ადამიანი თითქმის ყველაფერს; ადგილზე მომუშავეებს, როგორც იცით, აირწინაღები და სპეციალური აღჭურვილობა უნდა ჰქონოდათ, რათა ნაკლები დასხივება მიეღოთ. ამასთან, უნდა ევლოთ მხოლოდ გამოყოფილ ბილიკებზე, რომლის მიღმაც გადასვლა სახიფათო იყო. ამის მიუხედავად, ახსენეს, რომ ტყეში სოკოს საკრეფად და მდინარეზე სათევზაოდაც ჩასულან. ფოტოს მაქვს ნანახი, სადაც მინდორში არიან წამოწოლილები. ერთგვარად ეს იმის საილუსტრაციოდ გამოდგება, როგორ ეჩვევა ადამიანი ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას — ალბათ შეუძლებელიცაა იმის წარმოდგენა, რომ რადიაციულ ზონაში ადამიანმა ითევზაოს, ან მინდორზე წამოწვეს, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად ალბათ ნაკლებად აღვიქვამთ საფრთხეს ყურადსაღებად. ეს კარგად ჩანს ახლაც, კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც — თუ როგორ შეიცვალა ადამიანების ქცევა.

თევზაობა "30-კილომეტრიან ზონაში".

ფოტო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

დაბოლოს, მაინტერესებს, აპირებთ თუ არა მსგავსი პროექტების მომავალში განხორციელებას, თუნდაც, ამ წიგნის გაგრძელების შექმნას, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია?

კი, განზრახული მაქვს, თუმცა, უშუალოდ მუშაობა ჯერ არ დამიწყია. გარდა ამისა, მსურს სხვა პროექტის დაგეგმვა, რომელშიც ფინანსური დახმარებაც იქნება გათვალისწინებული; საქართველოში ამ ადამიანების რაოდენობა 1 000-ზე ნაკლებია და, ვფიქრობ, რთული არ უნდა იყოს მათთვის გარკვეული დახმარების გაწევა, თუნდაც, მედიკამენტებით უზრუნველყოფა.


გარდა ალექსიევიჩის და თამარის შექმნილი კრებულებისა, მეოცე საუკუნის უდიდესი ბირთვულის კატასტროფის ისტორია მსოფლიომ სერიალ ჩერნობილიდანაც გაიგო. მინისერიალი, რომელიც 2019 წელს გამოვიდა, ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა, ბევრი ადამიანისთვის კი კატასტროფის გარშემო განვითარებული ისტორიით დაინტერესების მიზეზადაც იქცა.