გასული კვირის განმავლობაში მსოფლიო არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გახდა. ამ პერიოდში არაერთი გადაწყვეტილება ვიხილეთ, მათ შორის აშშ-ს მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარება. ამასთან, დიდი ღელვააა ფეხბურთის სამყაროში, სადაც ტოპ-კლუბებმა ახალი ტურნირის შექმნა გადაწყვიტეს. რუსეთში არსებული კრიზისის ფონზე კი კიდევ უფრო მეტად დამძიმდა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა.

სტატიაში შეგიძლიათ ერთი კვირის მნიშვნელოვან მსოფლიო ამბებს გაეცნოთ.

აშშ-ს პრეზიდენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა

ფოტო: Chip Somodevilla/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1915 წლის სომეხთა გენოციდი აღიარა. პრეზიდენტის განცხადებით, სომეხი ხალხის ტკივილს ხედავენ, პატივს სცემენ და ადასტურებენ ისტორიას, არა იმისთვის, რომ ვინმე დაადანაშაულონ, არამედ იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

სომხეთის უკვე ყოფილი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს ყველა სომეხისთვის მნიშვნელოვანი დღეა.

ბაიდენის გადაწყვეტილებას უარყოფითად შეაფასა თურქეთმა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამას ისტორიული მოვლენების არასწორად ინტერპრეტაციის მცდელობა უწოდა. პარტნიორ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანმაც და განაცხადა, რომ ისტორიის ფალსიფიკაცია მიუღებელია.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინიდან ჯარები გაჰყავს

ფოტო: ОТУ «Північ»

რუსეთში აცხადებენ, რომ სამხრეთ და დასავლეთის რაიონებში სამხედრო შემოწმების დასრულება გადაწყვიტეს. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განმარტებით, ყველა მიზანი მიღწეულია.

"ვთვლი, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად მიღწეულია. ჯარებმა ქვეყნის საიმედო თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა აჩვენეს", — თქვა შოიგუმ 22 აპრილს ყირიმში გამართულ შეხვედრაზე.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამხედროების გაყვანა, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრებთან წვრთნებს ატარებდნენ, 23 აპრილს დაიწყება.

ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

ფოტო: Mikhail Svetlov/Getty Images

რამდენიმეთვიანი პროტესტისა და სამხედროების მოთხოვნის შემდეგ, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გადადგა.

20 ივნისს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, მანამდე კი ის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

მას შემდეგ, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს 44-დღიან ომში შორის 3 600-ზე მეტი სომეხი სამხედრო გადარდაიცვალა, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნა გააქტიურდა. აღნიშნული ომის შედეგს სომხური მხარე დამარცხებად აფასებდა.

24 დღის შემდეგ, ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა

ფოტო: Vladimir Gerdo/TASS/Getty Images

23 აპრილს ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა. მსგავსი გადაწყვეტილებისკენ მას მკურნალი ექიმები მოუწოდებდნენ.

რუსმა ოპოზიციონერმა ციხეში შიმშილობა 31 მარტს გამოაცხადა. ის ფეხებისა და ზურგის არეში ტკივილს უჩივის და მასთან დამოუკიდებელი ექიმების დაშვებას მოითხოვს, რადგან სათანადო მკურნალობას ვერ იღებს. ამავე დროს, სასჯელაღსრულების სამსახურში ამტკიცებენ, რომ ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობილი გახდა, რომ 20 აპრილს ნავალნი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას კვლევები ჩაუტარდა. მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ ანალიზების მიხედვით, პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა და მას თირკმლების უკმარისობის სიმპტომები, ასევე, სხვადსხვა ნევროლოგიური დარღვევა უვლინდება. აქედან გამომდინარე, მათ მოუწოდეს ნავალნის, შიმშილობა შეეწყვიტა.

პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ფოტო: კადრი ვიდეოდან /

ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო. მას 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დერეკ შოვინი დამნაშავედ ცნეს მეორე და მესამე ხარისხის მკვლელობებში, ასევე, გაუფრთხილებლობით მკვლელობაში. გადაწყვეტილებისთვის 12-ვე ნაფიცი მსაჯულის ერთიანი პოზიცია იყო საჭირო.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სამი კვირის განმვალობაში გრძელდებოდა. ნაფიც მსაჯულებმა 45 მოწმეს მოუსმინეს, მათ შორის ექიმებს, ძალისმიერი დაკავების ექსპერტებს, პოლიციის თანამშრომლებსა, გამვლელებს და ფლოიდის ნაცნობებს.

რუსი დიპლომატების გაძევება ჩეხეთიდან

ფოტო: EPA

2014 წელს მომხდარი აფეთქების საქმეზე, ჩეხეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ კავშირი.

პირველ ეტაპზე ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი გააძევა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა, რომელიც, ასევე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს, თქვა, რომ რუსეთის საელჩოს ეს თანამშრომლები აშკარად იდენტიფიცირებულები არიან, როგორც კრემლის სახელით მომუშავე სამხედრო ჯაშუშები. მოგვიანებით, ჩეხეთმა კიდევ 63 დიპლომატი გააძევა.

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად კი რუსი დიპლომატები ბალტიის ქვეყნებმა — ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმაც გააძევეს.

10 თვის განმავლობაში პირველად ისრაელში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირდა

ფოტო: Getty Images

ბოლო ათი თვის განმავლობაში პირველად, 24 აპრილს ისრაელში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვალების მაჩვენებელი კი არ გაზრდილა და ჯამურად 6 346 შეადგინა. ბოლო ათი დღის განმავლობაში გარდაცვალების მაჩვენებელი 5-ს არ ასცდენია.

ამ ეტაპისთვის, ისრაელში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიღებული აქვს 5 მილიონ ადამიანს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ჩინეთის ქმედებები უიღურების წინააღმდეგ გენოციდად გამოაცხადა

ფოტო: Greg Baker/AFP/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ ჩინეთში უიღურების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები გენოციდად შეაფასა. დეპუტატების გადაწყვეტილება მთავრობას ქმედებებისკენ ვერ მოუწოდებს, თუმცა ხაზს უსვამს იმ უკმაყოფილებას, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების მიმართ არსებობს.

სხვადასხვა მონაცემით, სინძიანის ბანაკებში მილიონზე მეტი უიღურია დაკავებული, სადაც მათ აწამებენ და სასტიკად ეპყრობიან. ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ აღნიშნული ბანაკები მხოლოდ საგანმანათლებლო და გამოსასწორებელ ხასიათს ატარებს, თუმცა გადარჩენილები სულ სხვა გამოცდილებაზე ყვებიან.

სუპერლიგის ახალი ტურნირი სამ დღეში შეჩერდა

ფოტო: Rob Pinney/Getty Images

19 აპრილს ევროპის 12-მა ტოპ საფეხბურთო კლუბმა განაცხადა, რომ ახალ ტურნირს — სუპერლიგას ქმნიდა. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც UEFA-ში, ისე გულშემატკივრებში.

იგეგმებოდა, რომ ლიგაში მონაწილეობას 20 კლუბი მიიღებდა. აქედან 15 დამფუძნებელი იქნებოდა და მუდმივ ადგილს მიიღებდა, დანარჩენი ხუთი ვითარების შესაბამისად შეიცვლებოდა. ანუ კლუბების დიდი ნაწილისთვის ლიგაში მოხვედრა შედეგებსა და მატჩებზე დამოკიდებული არ იქნებოდა.

სუპერლიგის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქმედებებით ფეხბურთში საყოველთაობა და შეჯიბრებითობა ჩაკვდება, რაც მისი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა. ტურნირის შექმნას მოჰყვა საპროტესტო აქციებიც.

სულ რაღაც სამ დღეში, გულშემატკივრების პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ, კლუბებმა სუპერლიგის დატოვება დაიწყეს, ხოლო ტურნირი ოფიციალურად შეჩერდა.