რატომ უნდა გვქონდეს დივერსიფიცირებული ფინანსური პორტფელი?
დივერსიფიკაცია რისკების მართვის ჭკვიანური სტრატეგიაა, რომელიც საინვესტიციო პორტფელის იმგვარად დაყოფას გულისხმობს, რომ იგი აერთიანებდეს სხვადასხვა ტიპის აქციას, ობლიგაციასა თუ სხვა ტიპის ფასიან ქაღალდებს — აქტივებს, რომელთაც საფონდო ბირჟებზე განსხვავებული ქცევა ახასიათებთ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თუ რომელიმე ინვესტიცია წარუმატებელი იქნება, სხვა სექტორებში დაბანდებული სახსრები თქვენი საერთო შემოსავლის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დივერსიფიკაცია თქვენი საინვესტიციო პორტფელის დაცვას გულისხმობს. იმისათვის, რომ დააზღვიოთ რისკები, საკუთარ სახსრებს სხვადასხვა ფინანსურ სექტორში, გეოგრაფიულ არეალსა და აქტივების კლასებში ანაწილებთ.
დივერსიფიცირებული პორტფელი შესაძლოა ისეთი ტიპის აქტივებს მოიცავდეს, როგორებიცაა: აქციები, ობლიგაციები, დეპოზიტები, ნაღდი ფული, უძრავი ქონება და ა.შ თუმცა პორტფელში მათი გადანაწილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ტოლერანტული ხართ რისკის მიმართ, ამასთან, როგორია თქვენი ფინანსური მიზნები და საინვესტიციო პერიოდი.
დივერსიფიცირებული პორტფელის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ნებისმიერი ინვესტიცია რისკის გარკვეულ დონეს შეიცავს. მაგალითად, კომპანიის მოგებაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს ახალი კონკურენტის გამოჩენამ, ან მარეგულირებელი კანონის შემოღებამ. გასათვალისწინებელია, რომ ყოველთვის იარსებებს მოულოდნელი რისკი, რომელსაც წინასწარ ვერ გათვლი. დივერსიფიცირებული პორტფელის უპირატესობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი მოულოდნელი რისკებისგან გარკვეულ დონეზე დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა. სხვადასხვა ტიპის აქციებში ფულის დაბანდება იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სექტორული კრიზისების შემთხვევაში ინვესტორის საერთო შემოსავლებს საფრთხე არ დაემუქროს.
დივერსიფიკაციის უპირატესობებზე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ დივერსიფიკაციამ შესაძლოა თქვენი პოტენციური მოგება შეამციროს. მაგალითად, თუ ერთი კონკრეტული ინდუსტრია განსაკუთრებულად ვითარდება და ამ სფეროში მომუშავე კომპანიები მაღალ მოგებას იღებენ, თქვენ დილემის წინაშე აღმოჩნდებით — დააბანდოთ საკუთარი ფულადი სახსრები მხოლოდ ერთ სექტორში, თუ მოახდინოთ პორტფელის დივერსიფიკაცია?
ფინანსურად მიმზიდველ სექტორში დივერსიფიკაციის გარეშე ფულის დაბანდება მაღალი რისკის შემცველი იქნებოდა, თუმცა მაღალი რისკი სავარაუდო დიდ დანაკარგებთან ერთად, შესაძლო დიდ მოგებასთანაც არის დაკავშირებული და პირიქით. გასათვალისწინებელია, რომ დივერსიფიცირებული პორტფელის ქონა მეტი დროისა და ძალისხმევის დახარჯვას მოითხოვს. ასევე, ეს შეიძლება მაღალ ტრანზაქციულ დანახარჯებს უკავშირდებოდეს, რაც რთული ფინანსური პორტფელებისთვის არის დამახასიათებელი.
თუმცა დღესდღეობით საფინანსო ბაზრებზე არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა ინვესტირება უკვე დივერსიფიცირებულ პორტფელში გააკეთოთ. მაგალითად ინდექს ფონდები, რომლებიც სხვადასხვა ინდექსის პარალელურად იცვლება, საშუალებას მოგცემთ ინვესტიცია ერთდორულად ინდექსის ბევრ კომპანიაში განახორციელოთ. ასევე არსებობს ETF-ები და სხვა.
პორტფელის დივერსიფიცირების გზები
ფინანსური პორტფელის დივერსიფიცირების ექვსი ძირითადი გზა არსებობს, თუმცა აუცილებელი არ არის ყველა მათგანის ერთდროულად გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ ნამდვილად დივერსიფიცირებული იქნება თქვენი პორტფელი, თუ მასში წამგებიანი და მომგებიანი ინვესტიციების ბალანსირებას შეძლებთ. დაბალანსების შემთხვევაში შესაძლოა იზარალოთ ერთი ინვესტიციით, მაგრამ მთლიანი პორტფელი მოგებას მაინც მოგიტანთ.
მაგალითად, დაბალანსებული დივერსიფიცირებული პორტფელი შეიძლება მოიცავდეს 30% აქციებს, 40% ობლიგაციებსა და 30% მოკლევადიან/ლიკვიდურ ინვესტიციებს. პორტფელში შემავალი კომპანიები კი შეიძლება იყოს როგორც დაბალი, ისე მაღალი კაპიტალიზაციის და ამასთან, სხვადასხვა საბაზრო სექტორებიდან, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ტექნოლოგია, ჯანდაცვა თუ ნებისმიერი სხვ.
კომპანიის დივერსიფიკაცია
ბევრი ინვესტორი ოცნებობს ფულის დაბანდებაზე ისეთ კომპანიაში, რომელიც ბაზარს დაიპყრობს და დიდ მოგებას მოიტანს. სამწუხაროდ, ასეთმა მიდგომამ მოგების ნაცვლად შესაძლოა პორტფელის ზარალი გამოიწვიოს. ამის ალტერნატივა რამდენიმე კომპანიაში ინვესტიციის განხორციელება იქნებოდა.
რამდენიმე კომპანიაში ინვესტიციის ერთდროულად განხორციელების ერთ-ერთი საშუალებაა გაცვლით-სავაჭრო ფონდებთან დაკავშირება. ასეთი ფონდები "აქციების კალათის" ფლობის საშუალებას იძლევიან, რაც გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ცალკეულ კომპანიაში ფულის დაბანდება. მაგალითად, SPDR S&P 500 ETF აკვირდება S&P 500 ინდექსს, რომელიც მოიცავს 500 მსხვილ ამერიკულ აქციას 67 სხვადასხვა ინდუსტრიაში.
ინდუსტრიული დივერსიფიკაცია
თუ გსურთ დივერსიფიცირებული პორტფელის გქონდეთ, ინვესტიცია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში განახორციელეთ.
არსებობს მოსაზრება, რომ ბევრი ინვესტორი მიდრეკილია ერთი კონკრეტული ინდუსტრიისკენ იმის გათვალისწინებით, თუ სად ცხოვრობს ის. მაგალითად, აშშ-ის დასავლეთ ნაწილში მაცხოვრებლები ფულის ჩადებას ტექნოლოგიებში ამჯობინებენ, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის მკვიდრები უფრო მეტად ფინანსურ კომპანიებს წყალობენ.
გლობალური ინდუსტრიის სტანდარტის მიხედვით, კაპიტალი 11 სექტორად კლასიფიცირდება: ენერგია, მასალები, მრეწველობა, მეორადი სამომხმარებლო საქონელი (რომლის ქონაც სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი), პირველადი სამომხმარებლო საქონელი (რომლის ქონაც მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარეობს), ჯანდაცვა, ფინანსური სექტორი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საკომუნიკაციო მომსახურებები, კომუნალური სერვისი და უძრავი ქონება.
თქვენი პორტფელი დივერსიფიცირებულია, თუ ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტ სექტორში გაქვთ ფული დაბანდებული.
აქტივების დივერსიფიკაცია
არსებობს სხვადასხვა სახის აქტივი, რომლებსაც ფინანსურ პროდუქტებად მოიხსენიებენ: აქციები, უძრავი ქონება და ობლიგაციები. აქტივების თითოეული კლასი ეკონომიკურ ციკლს განსხვავებულად მიყვება. მაგალითად, აქციებმა შესაძლოა შემოგვთავაზონ გრძელვადიანი მოგება განვითარებადი ეკონომიკის პირობებში, ხოლო ობლიგაციებში ფულის დაბანდება, როგორც წესი, რეცესიის დროს არის მოგების მომტანი.
პორტფელის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პროფესიონალურად მართული ორმხრივი/საინვესტიციო ფონდები, რომლებიც, როგორც წესი, აქციებს, ობლიგაციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებს შეიცავენ.
არსებობს აქტივების ხუთი ძირითადი კლასი:
- აქციები, ან წილები — ეს ისეთი კომპანიების აქციებია, რომლებიც ბირჟაზე თავისუფლად ვაჭრობენ;
- ობლიგაციები, ან ფიქსირებული შემოსავლის მქონე სხვა აქტივები — ესენია სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი აქვთ;
- ნაღდი სახის ფულადი სახსრები, ან მათი ექვივალენტები — ეს მოიცავს ფულის ბაზრის ფონდებს, სადეპოზიტო სერტიფიკატებს და სახაზინო ვალდებულებებს;
- უძრავი ქონება, ან მატერიალური აქტივები — ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობა, ქონება ან ხელოვნების ნიმუშები;
- ფიუჩერსები, ან სხვა ფინანსური კონტრაქტები — აქ იგულისხმება ისეთი სახის ხელშეკრულებები, როდესაც სასაქონლო აქტივის, ან ფასიანი ქაღალდის ყიდვა/გაყიდვის სამომავლო თარიღზე ხდება შეთანხმება, თუმცა ფასი კონტრაქტის გაფორმების დროს წინასწარ განსაზღვრულია;
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი აქტივი შესაძლოა რამდენიმე კლასს მიეკუთვნებოდეს. მაგალითად, ოქრო მატერიალური აქტივია, მაგრამ, ასევე, მასზე ფიუჩერსული კონტრაქტებითაც ვაჭრობენ.
სტრატეგიული დივერსიფიკაცია
საკუთარი ფინანსური პორტფელის მართვისას თქვენ შეგიძლიათ გადაწყვეტილებები შეცვალოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად რისკიანი ხართ, როგორი ფინანსური საჭიროებები გაქვთ და როგორია თქვენი განწყობა გარანტირებული, სტაბილური შემოსავლების მიმართ.
სხვადასხვა სახის ობლიგაციას განსხვავებული საკრედიტო რეიტინგი აქვს. მაგალითად, კორპორატიული ობლიგაციისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ობლიგაცია ხშირად ნაკლებად სარისკოა.
ასევე, აქციებსაც გააჩნიათ საკუთარი მახასიათებლები, რომელთა ცოდნაც ფულის დაბანდებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ასეთი მახასიათებელი შესაძლოა იყოს კომპანიის ზომა, საბაზრო კაპიტალიზაცია და სხვ. ყველა ეს კომპონენტი ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის, ან ამცირებს.
გეოგრაფიული დივერსიფიკაცია
ინვესტორთა უმრავლესობისთვის მეტად კომფორტულია საკუთარი ქვეყნის შიგნით არსებულ ბაზრებზე ოპერირება. გეოგრაფიული დივერსიფიკაცია კი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ინვესტორმა "მშობლიური ქვეყნისადმი მიკერძოებას" თავი დააღწიოს. ახალ, გლობალურ ბაზრებზე გასვლა ზოგჯერ უფრო მეტად მომგებიანია, ვიდრე შიდა ბაზრებისადმი მიჯაჭვულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი პორტფელის გეოგრაფიულ დივერსიფიკაციას აქტიურად განიხილავდეს.
გახსოვდეთ, როდესაც თქვენ მიერ დაბანდებული თანხები საერთაშორისო ბაზრებზეა განაწილებული, თქვენ მხოლოდ ერთი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დამოკიდებული აღარ ხართ — ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ფულადი სახსრების გეოგრაფია დივერსიფიცირებულია.
დროითი დივერსიფიკაცია
თუ სხვადასხვა სახის აქტივში თანხა დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად დააბანდეთ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი პორტფელი დროის მიხედვით დივერსიფიცირებულია. ამის საპირისპირო და შედარებით სათუო შემთხვევაა, როდესაც ინვესტორები ფულს ერთიანად, ან ხანმოკლე პერიოდში აბანდებენ.
ინვესტირების ხანგრძლივ პერიოდზე გადანაწილება პორტფელს მოკლევადიანი რყევების შედეგად მიღებული დანაკარგებისგან იცავს. მაგალითისთვის, საფონდო ბირჟას მოკლევადიანი ჩავარდნები ხშირად ახასიათებს, თუმცა ათწლეულების ჭრილში მისი ტრენდი ყოველთვის აღმავალია. ინვესტირების ამგვარი სტრატეგიის ავკარგიანობის საკითხი ჯერ კიდევ საკამათოა, თუმცა ერთი რამ ცხადია, ინვესტორს უნდა ჰქონდეს დროის შეგრძნება და საკუთარი გეგმებიც ამის მიხედვით დაალაგოს.
თანამედროვე პორტფელის თეორია
თანამედროვე პორტფელის თეორიის ავტორი ნობელის პრემიის ლაურეანტი, ეკონომისტი, ჰარი მარკოვიცია. ამ თეორიის მიხედვით, რისკის ყველა დონისთვის არსებობს დაბალანსებული პორტფელი, რომელიც (რისკის გათვალისწინებით) მაქსიმალურად მაღალ მოგებას გაძლევს. მსგავსი პორტფელი იდეალური არ არის, თუმცა მას შეუძლია რისკებისა და შემოსავლების დაბალანსება.
რისკით გამოწვეული დანაკარგებისა და პოტენციური ამონაგების დაბალანსების ერთ-ერთი საშუალება პორტფელის დივერსიფიცირებაა. თუ თქვენ ინვესტირებას გადაწყვეტთ, აქტივები იმგვარად დააზღვიეთ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური პორტფელი შექმნათ — ეს გარანტირებული შემოსავლის მიღების საშუალებას მოგცემთ, რომელიც რისკისთვის თანმდევ შესაძლო დანაკარგებსაც დაფარავს.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები