ფული ერთხელ მაინც ყველას გვისესხებია, ზოგს — სახლის შესაძენად, ზოგსაც ხელფასამდე დარჩენილ დღეებში თავის გასატანად, მაგრამ იცოდით, რომ სესხს ჩვენნაირად კომპანიები და მთავრობებიც კი იღებენ? როგორ? — ისინი ობლიგაციებს უშვებენ.

ჩვენ მოგიყვებით, რა არის ობლიგაციები, რატომ გამოსცემენ მათ და როგორ შეიძლება მათი საშუალებით ვაჭრობა.

როგორ მუშაობს ობლიგაციები?

ობლიგაცია ორგანიზაციისთვის ფულის სესხების ერთ-ერთი ხერხია. მაგალითად, მთავრობას ან კომპანიას კონკრეტული საინვესტიციო პროექტისთვის თანხა სჭირდება, ის ობლიგაციას გამოუშვებს, რითიც "გთხოვს", ასესხო ფული, სანაცვლოდ კი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მის უკან დაბრუნებას და ზედ პროცენტის დამატებასაც გპირდება.

წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როცა იძენ 10-წლიან, $10 000-ის ღირებულების ობლიგაციას, რომლის საპროცენტო განაკვეთი 7%-ია. ეს იმას გულისხმობს, რომ ობლიგაციის გამომშვები ყოველ 6 თვეში ან კვარტალურად გადაგიხდის თანხის პროცენტს (ჯამში $700-ს), ხოლო მთლიან ფულს 10 წლის შემდეგ დაგიბრუნებს.

როგორ ვიშოვოთ ფული ობლიგაციებით?

ფოტო: Shutterstock

ობლიგაციებში ინვესტირების ორი გზა არსებობს. პირველ შემთხვევაში ობლიგაციებს ინვესტორები ვადის გასვლამდე ინახავენ და მასზე დარიცხულ პროცენტულ სარგებელს პერიოდულად იღებენ, ხოლო მეორე გზა ობლიგაციის იაფად შეძენასა და ძვირად გაყიდვას გულისხმობს.

ინვესტირება საობლიგაციო ფონდში

საობლიგაციო ფონდები სხვადასხვა ინვესტორისგან იღებენ თანხას და თავს ერთად უყრიან, რომ საფონდო მენეჯერმა მართოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საფონდო მენეჯერი ფულს იყენებს იმისათვის, რომ ინდივიდუალური ობლიგაციების ფართო ასორტიმენტი შეიძინოს. საობლიგაციო ფონდში ინვესტირება ბევრად უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა, ვიდრე ობლიგაციის ინდივიდუალურად ყიდვა.

ობლიგაციების ტიპები

ობლიგაციების სხვადასხვა სახე არსებობს და ყველა მათგანს გააჩნია თავისი უპირატესობები თუ ნაკლი.

კორპორატიული ობლიგაციები — ამ ტიპის ობლიგაციებს, როგორც წესი, შედარებით მაღალი საპროცენტო სარგებელი აქვს, ვიდრე სხვებს, თუმცა კომპანიები, რომლებიც კორპორატიულ ობლიგაციებს გამოსცემენ, თუმცა კორპორატიული ობლიგაციის შესყიდვა შედარებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე მაგალითად — სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ობლიგაციები.

სახელმწიფო / მუნიციპალური ობლიგაციები — ამ ობლიგაციებს სახელმწიფო, ქალაქი ან ადგილობრივი მთავრობა გამოსცემს, რათა საჯარო დანიშნულების პროექტი დააფინანსოს. სახელმწიფოს მიერ გამოშვეული ობლიგაციები ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ობლიგაციის დადეფოლტების ალბათობა ნაკლებია.

როგორ ვიყიდოთ ობლიგაციები?

ფოტო: Barron's

აქციებისგან განსხვავებით, ობლიგაციები საჯაროდ არ ივაჭრება. ამ საქმეს შუამავალი, ბროკერი სჭირდება, თუმცა აქვე ერთი პრობლემაც იჩენს თავს — იქიდან გამომდინარე, რომ ობლიგაციებით ვაჭრობა ცენტრალიზებულ ადგილას ვერ ხერხდება, ობლიგაციების ფასები მუდმივად განახლებადი არ არის და შესაბამისად ნაკლები ლიკვიდურობის შემთხვევაში სპრედი შეიძლება მაღალი იყოს.

ობლიგაციებში ინვესტირების უპირატესობები

უსაფრთხოება — ობლიგაციების ყიდვის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ სხვა საინვესტიციო აქტივებთან შედარებით უფრო უსაფრთხოა. მისი ფასები იმდენად ხშირად არ იცვლება, როგორც, მაგალითად, აქციების.

შემოსავალი — კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის შემოსავლის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ობლიგაციებში ინვესტირებისას იცი, რომ წელიწადში ერთხელ ან რამდენჯერმე საპროცენტო განაკვეთს აიღებ, რაც ხშირ შემთხვევაში ბანკებში არსებულ დეპოზიტის განაკვეთზე მაღალია. ობლიგაცია კუპონს შეიძლება იხდიდეს წლიურად, წელიწადში ორჯერ ან კვარტალურადაც კი.

ლიკვიდობა — ობლიგაციის ვადიანობის განმავლობაში შესაძლებელია ობლიგაცია მეორად ბაზარზე გადაყიდოთ და საწყისი ინვესტიცია არსებულ საბაზრო განაკვეთების შესაბამისად დაიბრუნოთ, განსხვავებით ვადიანი დეპოზიტებისა, სადაც კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო შესაძლებელია თანხის გატანის ჯარიმა დაგეკისროთ.

დივერსიფიკაციის საშუალება — ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ობლიგაციები მრავალფეროვანი პორტფოლიოს შექმნის საშუალებას იძლევა. შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში აქციებს უფრო დიდი სარგებელი მოაქვს, თუმცა ერთდროულად ორივესი, ობლიგაციებისა და აქციების ფლობა, ფინანსურ რისკებს ამცირებს.

ობლიგაციების უარყოფითი მხარეები

ფოტო: Pixabay / Pexels

საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული რისკები — იქიდან გამომდინარე, რომ ობლიგაცია შედარებით გრძელვადიანი ინვესტიციის სახეა, საპროცენტო განაკვეთი შეიძლება ხშირად შეიცვალოს. მაგალითად, თუ დღეს 10-წლიანი ობლიგაცია იყიდე, რომლის საპროცენტო განაკვეთი 3%-ია, ხოლო ხვალ ობლიგაციების იმავე გამომშვებმა ორგანიზაციამ სხვა 4%-იანი ობლიგაცია გამოუშვა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ობლიგაცია გაუფასურდა და თუ მას შეინახავ, პოტენციურად მეტი სარგებლის მიღების შანსს კარგავ.

გამომშვები ორგანიზაციის დეფოლტი — ეს იშვიათად ხდება, თუმცა თუ ორგანიზაცია გაკოტრდება, დიდი რისკია, რომ საპროცენტო და ძირი თანხის მხოლოდ გარკვეული ნაწილი დაიბრუნოთ.

გამჭვირვალობა — სააქციო ბაზრისგან განსხვავებით, ობლიგაციების ბაზარი ნაკლებად გამჭვირვალეა და შესაბამისად არსებული სპრედები (ფასთა სხვაობა) შეიძლება მაღალი იყოს.

რამდენად კარგი საინვესტიციო საშუალებაა ობლიგაცია?

ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ შენ შეგიძლია. გადაწყვეტილების მიღებაში კი რამდენიმე სცენარი დაგეხმარება:

თუ ნაკლებად რისკიანი ხარ და ფულის დაკარგვის ძალიან გეშინია. შეიძლება აქციებზე მეტად ობლიგაციები შეგეფერებოდეს.

თუ ბევრ ფულს დებ აქციებში, ობლიგაცია მრავალფეროვანი პორტფოლიოს შექმნაში დაგეხმარება და ბაზრის მერყეობისგანაც დაგიცავს.

თუ პენსიაზე გასვლას აპირებ ან უკვე ხარ ამ ასაკში, აქციებს შეიძლება ობლიგაციებით ვაჭრობა სჯობდეს. პრინციპში, ბევრ ადამიანს ურჩევენ, ასაკის მატებასთან ერთად აქციებით ვაჭრობიდან ობლიგაციებისკენ გადაინაცვლონ, რაც ცუდი რჩევა სულაც არაა იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო ასაკში ბევრი ფულის დაკარგვა და დიდ რისკებზე წასვლა არავის სურს.

რამდენიმე მარტივი მიდგომა არსებობს სასურველი პორტფელის შედგენისთვის. ერთ-ერთია 120 - თქვენი ასაკი პრინციპი, რომლის მიხედვითაც აქციებში უნდა ჩადოთ თქვენი ჯამური ინვესტიციის შესაბამისი პროცენტი, რომელსაც თქვენივე ასაკის მიხედვით გამოითლით. ანუ, თუ თქვენ ახლა 40 წლის ხართ, აქციებში 120-40 ანუ 80% უნდა ჩადოთ, ხოლო ობლიგაციებში — დარჩენილი 20%. შესაბამისად, თქვენი ასაკის მატებასთან ერთად პორტფელში ობლიგაციების წილი გაიზრდება.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.