ქართული ოცნების დეპუტატს, მიხეილ სარჯველაძეს "ნაკლებად სჯერა", რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია მმართველი ძალის კონკურენტი იქნება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას — "განიხილავთ კონკურენტად ამ ახალ პარტიას, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზე, რომლამდეც სულ რამდენიმე თვე რჩება".

"არ მგონია, სიმართლე გითხრათ. ვერ განვიხილავ ამას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე რა მოცემულობაც არსებობს, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, რომ ეს შეიძლება იყოს კონკურენტი ქართული ოცნების. მაგალითად, ოპოზიციური ნიშის დაკავების შემთხვევაში, პოლიტიკური ლიდერის მხრიდან, რომელიც სულ ახლახანს იყო იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომლის კრიტიკის დაწყებასაც აპირებს, მე არ მგონია, რომ ეს დიდი დივიდენდის მომტანი იყოს ერთბაშად და თუნდაც, შემოდგომაზე ვიხილოთ მსხვილი რეიტინგით ეს პოლიტიკური ჯგუფი. მე ამ შანსებს სკეპტიკურად შევხედავდი. არ ვიცი, მომავალი როგორი იქნება, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ ეს შეიძლება ქართული ოცნების კონკურენტად განიხილებოდეს, თუნდაც წლების შემდეგ", — თქვა მან.

ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა და ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდებიან. ესენი არიან:

  1. გიორგი ხოჯევანიშვილი;
  2. მიხეილ დაუშვილი;
  3. ანა ბუჩუკური
  4. ალექსანდრე მოწერელია;
  5. ბექა ლილუაშვილი;
  6. შალვა კერესელიძე

ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ ქართული ოცნებების წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ამავე დროს კი, გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით დგამენ ამ ნაბიჯს.