აფხაზეთში ცხოველთა დამცველები უსახლკარო ცხოველების სიცოცხლისთვის იბრძვიან
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
დაახლოებით ერთი წლის წინ აფხაზეთის ორ რაიონში — სოხუმსა და გაგრაში უსახლკარო ცხოველების იარაღით მოკვლა აიკრძალა. სანაცვლოდ, ადგილობრივი ხელისუფლება თავშესაფარს აშენებს, სადაც ამ ცხოველების სტერილიზაცია მოხდება, თუმცა მანამდე, ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა იზრდება. იმ რაიონებში, სადაც ცხოველების იარაღით დახოცვა აკრძალულია, მოსახლეობა ძველი ნორმის დაბრუნებას ითხოვს.
მიუსაფარი ცხოველების იარაღით დახოცვა აფხაზეთში ომის შემდეგ დაიწყო და ახლა ხუთ რაიონში გრძელდება. თავიდან ჩვეულებრივ იარაღს იყენებდნენ, შემდეგ დიტილინის შემცველი ინექციით ჩაანაცვლეს. გამონაკლისი მხოლოდ გაგრა და სოხუმია, სადაც ცხოველების დამცველები უფრო აქტიურები არიან.
სოხუმში მიუსაფარი ცხოველების დახოცვა 2020 წლის მაისში აიკრძალა, როცა ქალაქის მერი ბესლან ეშბა გახდა. ფინანსები, რომლებიც ადრე უპატრონო ძაღლებისა და კატების დასახოცად გამოიყენებოდა, ქალაქთან ახლოს, სოფელ ძიგუტაში, ახალი თავშესაფრის ასაშენებლად მიმართეს.
მერის მოადგილე ასტამურ აშუბა, რომელიც თავშესაფრის შექმნის იდეას ლობირებდა და დღეს მისი მშენებლობის მხარდამჭერია, ამბობს, რომ საქმე ეხება დაახლოებით 800 000 რუბლს (10 000$) წელიწადში. თავშესაფარში დაჭერილ მიუსაფარ კატებსა და ძაღლებს ჩაუტარებენ სტერილიზაციას და უმკურნალებენ, რაც საშუალებას იძლევა მათი რაოდენობა უფრო ეფექტურად და ჰუმანურად გაკონტროლდეს.
"როდესაც ძაღლს კლავენ, მის ადგილას სხვა მოდის, ხოლო როდესაც სტერილიზაციას უკეთებენ — რჩება თავის არეალში და არ მრავლდება. შედეგად, ცხოველების რაოდენობა ოპტიმალურ დონეზე ნარჩუნდება", — აცხადებს აშუბა.
ჩინოვნიკის თქმით, თავშესაფარი ჯერ ვერ გაიხსნება, რადგან პანდემიის დროს, მის ასაშენებლად გამოყოფილი ბიუჯეტი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენეს. თუმცა აშუბა აღნიშნავს, რომ მშენებლობის 80%-ზე მეტი დასრულებულია.
სოხუმსა და გაგრაში ადგილობრივები ჩივიან, რომ რადგან ცხოველების დახოცვა აიკრძალა და თავშესაფარი დასრულებული არ არის, მაწანწალა ძაღლების რაოდენობა გაიზარდა. ისინი ქალაქის ადმინისტრაციისგან ითხოვენ, ძაღლები ქუჩებიდან და ეზოებიდან რაიმე ხერხით მოაშორონ.
"შვილიშვილებთან ერთად ყოველ დღე ვსეირნობ უბნის ერთადერთ პარკში. გარდა იმისა, რომ გარშემო უამრავი მანქანაა და საჭიროა მუდმივი ყურადღება, რათა ბავშვი გზისკენ არ გაიქცეს, ახლა ძაღლების მოგერიებაც გვიწევს. ისინი ხშირად დასდევენ ველოსიპედით მოსეირნეებს. გარშემო სულ ძაღლის ფეკალიებია, ბავშვები ყველაფერს პირში იქანებენ და მერე თვეობით ჭიებზე გვიწევს მკურნალობა" — ყვება სოხუმის ახალი რაიონის 60 წლის მაცხოვრებელი, ლუბა ვართაგავა.
მერის მოადგილეც ადასტურებს, რომ ძაღლების რაოდენობა ვიზუალურად გაზრდილია, თუმცა, მისი თქმით, ზუსტად დათვლილი არ არის.
აშუბა ამბობს იმასაც, რომ იგეგმება განკარგულების გამოცემა, რომლის მიხედვითაც ძაღლების მეპატრონეებს, რომლებიც ცხოველებს ქალაქში სასეირნოდ უშვებენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, კერძოდ, ჯარიმა.
ცხოველთა დამცველი კარინა კოლპაკჩანი კი აღნიშნავს, რომ მიუსაფარი ცხოველების საშიშროება გადამეტებულია და უპატრონო ძაღლები უმიზეზოდ არავის კბენენ.
"ისინი იცავენ თავს, ლეკვებს ან საჭმელს, უბრალოდ არ უნდა შეაწუხოთ და ძაღლები არაფერს დაგიშავებენ".
ვეტერინარული კლინიკა "სალიონნი პიოსის" ექიმი, ელენა კირეევა ამბობს, რომ აფხაზეთის ქუჩებში ცხოველების უმეტესობა სახლიდან გაგდებულია. რაც შეეხება ლეკვებს, მისი თქმით, როგორც წესი, მათ ბაზრებთან ან ნაგავსაყრელებთან ტოვებენ, რადგან ჰგონიათ, რომ ამ ადგილებში ისინი გამოკვებას შეძლებენ.
"ჩვენთან ყველაზე ხშირად ტრავმირებული ცხოველები ხვდებიან — მაგალითად, მანქანის ქვეშ მოყოლილები, ხანდახან კი ცეცხლნასროლი ჭრილობებითაც", — ამბობს ექიმი.
ცხოველთა დამცველის, კარინა კოლპაკჩანის თქმით, ხშირად აფხაზეთში ჯიშიან ძაღლებს იშინაურებენ, თუმცა არ ითვალისწინებენ საკუთარ შესაძლებლობებსა და ცხოველის მოთხოვნილებებს, შედეგად კი, ძაღლები ქუჩაში ხვდებიან. მას ჰასკებისა და მონადირე ძაღლების მაგალითები მოჰყავს, რომლებიც თვითგასეირნების შედეგად იკარგებიან და პატრონის კვალს ვეღარ აგნებენ.
ზოოკლინიკა "სალიონნი პიოსის" ძირითადი პაციენტები ცხოველთა დამცველების მიერ გადარჩენილი უსახლკარო ცხოველები არიან.
"ხშირად ასეთ ცხოველებს ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროებათ, ამიტომ მიუსაფარი ცხოველების მკურნალობაზე ფასდაკლებებია", — განმარტავს ელენა კირეევა.
კლინიკაში ცხოველის მცირე ხნით დატოვებაც შეიძლება, აქ მათ უვლიან და პოტენციურ პატრონს ეძებენ.
კარინა კოლპაჩანი ამბობს, რომ ცხოველებთან დამოკიდებულების შესაცვლელად საჭიროა ცხოველთა დამცველი კანონის მიღება.
"კანონის პროექტი დევს პარლამენტში, მაგრამ ის ჯერ ნედლია. ჩვენ მას საკუთარი ძალებით ვხვეწთ. გვინდა გავიგოთ, როგორ იმუშავებს ის პრაქტიკაში. მასში გათვალისწინებული იქნება ჯარიმები ცხოველების მიმართ უპასუხისმგებლო და სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ".
ცხოველების დაცვის ფონდი "აგუხრა" 6 წლის მანძილზე ლობირებდა მიწის ნაკვეთის გამოყოფას, სადაც ცხოველების დროებითი სახლები უნდა აშენებულიყო. ეს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პირველი პროექტია, რომელიც უსახლკარო ცხოველების პრობლემის ჰუმანური გადაწყვეტილებისთვის ცხოველების დამცველების მიერ იყო ინიცირებული.
მომავალში, თავშესაფარში აპირებენ ცხოველების სტერილიზაციას, თუმცა შესაბამისი პროგრამა აფხაზეთში ჯერ არ არსებობს. ცხოველთა დამცველების დათვლებით, ოთხი წლის მანძილზე აფხაზეთში, მოხალისეებისა და პრობლემისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების დახმარებით, სტერილიზაცია ჩაუტარდა დაახლოებით ათას ცხოველს. შედეგად არ გაჩნდა 30 000-მდე კნუტი და ლეკვი.
ისინი ცდილობენ, ცხოველებისთვის პატრონები სოციალური ქსელების მეშვეობით დახმარებით იპოვონ. ამ ხერხით გაგრის ფონდ "ბაგირას" მოხალისეებმა რუსეთში, ევროპაში, ამერიკასა და კანადაში 700-მდე ძაღლს უპოვეს ახალი სახლი.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
კომენტარები