მსოფლიოში ქალების თითქმის ნახევარს არ აქვს საშუალება სექსზე და კონტრაცეფციაზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს
მსოფლიოში ქალების თითქმის ნახევარს არ ეძლევა საშუალება, გააკეთოს არჩევანი ჯანდაცვასა და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით, ასევე, თანხმობა ან უარი თქვას სექსზე. ეს შესაძლებლობა ქალების მხოლოდ 55%-ს აქვს.
ამის შესახებ საუბარია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალ ანგარიშში, სახელწოდებით — ჩემი სხეული მე მეკუთვნის. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გლობალურად, თითქმის ყოველ მეორე ქალს არ ეძლევა უფლება და შესაძლებლობა თავისი სხეულის ავტონომია დაიცვას. სხეულის ავტონომიის დარღვევის ფორმებში შედის სექსუალური ძალადობა, ბავშვთა/ადრეული ქორწინება, ღირსების გამო მკვლელობა და სხვა.
სხეულის ავტონომიურობა ნიშნავს საკუთარი სხეულისა და მომავლის შესახებ არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების უფლებასა და თავისუფლებას, ძალადობისა და იძულების გარეშე. ეს არის თავისუფალი არჩევანის უფლება, დაამყაროს თუ არა ადამიანმა სქესობრივი კავშირი, როდის და ვისთან; ასევე თავისუფალი არჩევანის უფლება, დაორსულდეს თუ არა, როდის და ვისგან. გარდა ამისა, სხეულის ავტონომიურობა მოიცავს თავისუფალი არჩევანის უფლებას, საჭიროების შემთხვევაში ადამიანმა მიმართოს ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
ანგარიშის მიხედვით, 57 ქვეყანაში მცხოვრები ქალების თითქმის ნახევარს საშუალება არ აქვს, თავად გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა სექსი თავის პარტნიორთან, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეპტივები, ან მოიძიოს სამედიცინო დახმარება.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაერო თავის ანგარიშში სხეულის ავტონომიაზე ამახვილებს ყურადღებას. დოკუმენტით UNFPA ზომავს როგორც ქალების უფლებამოსილებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულის თაობაზე, ასევე იმასაც, ქვეყანაში არსებული კანონები რამდენად უჭერს მხარს, ან ერევა ქალების უფლებებში, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღონ.
იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია:
- ქალების მხოლოდ 55%-ია სრულად უფლებამოსილი გააკეთოს არჩევანი ჯანდაცვასა და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით და ასევე, შეუძლია, რომ სექსზე თანხმობა ან უარი თქვას;
- ქვეყნების მხოლოდ 71%-ში არის გარანტირებული წვდომა დედათა ჯანმრთელობის მომსახურებაზე;
- ქვეყნების მხოლოდ 75%-ში არის სამართლებრივ დონეზე უზრუნველყოფილი სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა კონტრაცეფციაზე;
- ქვეყნების მხოლოდ 80-მდე პროცენტს აქვს სექსუალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშემწყობი კანონები;
- ქვეყნების მხოლოდ 56-მდე პროცენტში არსებობს კანონები და პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ განათლებას ადამიანის სექსუალობის შესახებ.
"არსებითად, ასობით მილიონ ქალს და გოგოს საკუთარ სხეული არ ეკუთვნის. მათ ცხოვრებას სხვები მართავენ. ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ქალების თითქმის ნახევარს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, ჰქონდეს თუ არა სქესობრივი კავშირი, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეფცია, ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს", — აღნიშნავს UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია, ქალებს უფრო მეტად აქვთ სხეულზე ავტონომია. თუმცა იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს ჯანდაცვაზე, კონტრაცეფციაზე და არ აქვთ შესაძლებლობა, განაცხადონ თანხმობა ან უარი სექსზე, კვლავაც მნიშვნელოვნად მაღალია: 19% უკრაინაში, 23% ყირგიზეთში, 31% ალბანეთში და 34% სომხეთში. ტაჯიკეთში ქალების 67%-ს არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე.
ანგარიშში, ასევე, საუბარია სხვა ფაქტებზე, რომლებიც არღვევს სხეულის ავტონომიას:
- 20 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი მოძალადეზე დაქორწინების შესახებ, სადაც კაცს შეუძლია სისხლისსამართლებრივ დევნას გაექცეს, თუ ის იმ ქალზე ან გოგოზე დაქორწინდება, რომელიც გააუპატიურა;
- 43 ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა დაქორწინებულ პირებს შორის გაუპატიურების შესახებ;
- 30-ზე მეტ ქვეყანაში შეზღუდულია ქალების უფლება გადაადგილდნენ სახლის გარეთ;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ბიჭები თითქმის სამჯერ უფრო მეტი ალბათობით შეიძლება დაექვემდებარონ სექსუალურ ძალადობას და ამ თვალსაზრისით, გოგოები ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან.
UNFPA-ის ანგარიში მიუთითებს იმაზეც, რომ ზოგჯერ, შეიძლება, ძალადობის აღმოფხვრაზე მიმართულმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად დაარღვიოს სხეულის ავტონომია. მაგალითად, გაუპატიურების საქმის გამოსაძიებლად, სისხლის სამართლის მართლმსჯულების სისტემა შეიძლება მოითხოვდეს, რომ ძალადობაგამოვლილმა ადამიანმა ე.წ. ქალწულობის შემოწმება გაიაროს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სხეულის ავტონომიურობის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, როგორიცაა, მაგალითად, გაუპატიურება, დანაშაულად არის აღიარებული. თუმცა, გაერო ამბობს, რომ კვლავ რჩება სხვა უამრავი დარღვევა, რომლებიც პრაქტიკითა და კანონებითაც კი არის გამყარებული და რომელთა უმეტესობის საფუძველი მყარად ფესვგადგმული გენდერული უთანასწორობაა. კერძოდ:
- ბავშვთა/ადრეულ ასაკში ქორწინება — ეს პრაქტიკა ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით გოგოს ართმევს უფლებას მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით;
- ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლების მიღების უფლების შეზღუდვა — ზოგიერთი მოზარდი სრულწლოვანების ასაკს აღწევს ისე, რომ არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას საკუთარი სხეულისა და სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ. შედეგად, მათ არ შეუძლიათ საკუთარ თავსა და საკუთარ ურთიერთობებთან დაკავშირებით გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ გადაწყვეტილებებზე;
- ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება — ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება არის ქალებისა და გოგოების უფლებების დარღვევა, რომლის საბოლოო მიზანი მათ სექსუალობასა და სხეულებზე კონტროლის მოპოვებაა;
- ძალდატანებითი ანალური გასინჯვა — არასამედიცინო მიზნით წარმოებული ინვაზიური გასინჯვა, იმის დასადასტურებლად, რომ პირს ჰქონდა ჰომოსექსუალური კონტაქტი;
- იძულებითი ქორწინება — იძულებითი ქორწინების შემთხვევაში, საცოლე აღიქმება ნივთად ან ქონებად, რომლის ფლობა, ყიდვა, გაყიდვა და რომლითაც ვაჭრობა შესაძლებელია, რა დროსაც უგულებელყოფილია მისი უფლებები და ავტონომიურობა;
- იძულებითი სტერილიზაცია და კონტრაცეპტივების გამოყენების იძულება — ზოგიერთ ქვეყანაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მკვიდრ მოსახლეობას ან შევიწროებაში მყოფ უმცირესობების წარმომადგენლებს და ზოგადად, ქალებს იძულებით სტერილიზაციას უტარებენ და კონტრაცეპტივების გამოყენებას აიძულებენ;
- გაუპატიურება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე — გაუპატიურება ან სხვა ფორმის სექსუალური ძალადობა, რომელიც ამ ძალადობის ჩამდენი პირების მიერ მცდარად აღიქმება როგორც "განსაკურნებელი" ან "გამოსასწორებელი" ქმედება;
- ღირსების მკვლელობები — ღირსების მკვლელობებს ადგილი აქვს საზოგადოებებში, სადაც ოჯახის ე.წ. "ღირსება" ადამიანის, ჩვეულებრივ, იმ ქალების სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვნად არის აღქმული, რომლებიც ამ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებსა და ქცევის წესებს არღვევენ;
- ქორწინებით დაკავშირებული პარტნიორის გაუპატიურება — ქორწინებით დაკავშირებული პარტნიორის გაუპატიურება აღიარებულია, როგორც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა. თუმცა ზოგ ქვეყანაში ქორწინებაში მყოფ პარტნიორთან სქესობრივი კავშირის დამყარება დაშვებულია მისი თანხმობის გარეშე;
- გაუპატიურების შემთხვევაში მოძალადეზე ქორწინების წესი — რიგ ქვეყნებში, მოძალადე კაცი, რომელიც მის მიერვე ჩადენილი გაუპატიურების მსხვერპლზე ქორწინდება, თავისუფლდება სისხლისამართლებრივი პასუხისმგელობისგან;
- რეპროდუქციული იძულება — პირის მიერ გამოვლენილი ქცევა, რომელიც ემსახურება მეორე პირის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ან გადაწყვეტილებებზე კონტროლის მოპოვებას. ეს შესაძლებელია მოიცავდეს პარტნიორის თანხმობის გარეშე მის დაორსულებას, პარტნიორის იძულებას ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტაზე, ან ოჯახის დაგეგმვის მიზნით გამოყენებულ მეთოდში ჩარევას, როგორიცაა მოტყუება კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენების შესახებ (მაგალითად, კონდომის მოხსნა სქესობრივი აქტის დროს);
- ქალწულობაზე შემოწმება — არასამედიცინო მიზნით წარმოებული ინვაზიური გასინჯვა იმის დასადასტურებლად, რომ გოგოს ან ქალს ჰქონდა სექსუალური კონტაქტი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეალური გამოსავლის მისაღწევად მიმართული ყველა ქმედება დაზარალებულთა საჭიროებებს და გამოცდილებებს უნდა ითვალისწინებდეს.
"სხეულის ავტონომია არის საფუძველი ადამიანის ყველა უფლებით, მათ შორის, ჯანმრთელობისა და ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრების უფლებით სარგებლობისთვის", — ამბობს ალანა არმიტაჯი, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.
"ქალი, რომელიც საკუთარ სხეულს თავად აკონტროლებს, უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს თავისი ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ის უფრო მეტს აღწევს არამარტო ავტონომიის კუთხით, არამედ, ასევე, ჯანმრთელობისა და განათლების, შემოსავლისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ წარმატებული იყოს ქალი და ასევე, მისი ოჯახიც", — აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ნატალია კანემი.
გაერო აღნიშნავს, რომ როდესაც ქალები და გოგოები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საკუთარი სხეულის შესახებ თავად იღებენ, ამით არა მხოლოდ იზრდება მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, არამედ ეს ხელს უწყობს მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მათი განათლების დონის ამაღლებას, მათი შემოსავლების ზრდასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
კომენტარები