საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. უწყების განცხადებით, ნანგრევებიდან სულ სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ორი დაშავებულია.

"ინიციატორის გადმოცემით, ჩამონგრეული იყო მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მომდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მისამართზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ სახლში, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ მუშები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულად დაიწყო მოქალაქეების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო", — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.