ევოლუციის შედეგად ადამიანები, შესაძლოა, შხამიან არსებებად იქცნენ — კვლევა
თუმცა ეს, შესაძლოა, ასობით თაობის შემდეგ მოხდეს.
ძუძუმწოვართა დიდი ნაწილი და მათ შორის, ადამიანები, შხამიანი არსებები არ არიან, მაგრამ ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ ჩვენს გენეტიკურ საფუძველს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.
ოკინავას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტისა (OIST) და ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერები ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაში განმარტავენ, რომ რეპტილიებსა და ადამიანებს აქვთ ერთი და იგივე გენეტიკური საფუძველი, რომელიც ორალური შხამის განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
ეს არსებითად იმაზე მიანიშნებს, რომ ევოლუციის შედეგად, ადამიანები და სხვა ძუძუმწოვრები, შესაძლოა, შხამიან არსებებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა, მოხსენების მიხედვით, ამას ათასობით წელი დასჭირდება, ამიტომ ჯერჯერობით, სადარდებელი არაფერია.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ამ კავშირის აღმოჩენა ტაივანის Protobothrops flavoviridis გველგესლების შხამის წარმომქმნელ ქსოვილზე დაკვირვებით შეძლეს. გველგესლას გენების გამოკვლევის შედეგად გუნდს შესაძლებლობა მიეცა, უკეთ შეესწავლათ გველის შხამის შესაქმნელად საჭირო ცილების ექსპრესიის (ცილების სინთეზი, მოდიფიცირება და რეგულირება) პროცესი.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებს არ შეუსწავლიათ ის გენები, რომლებიც შხამის გენებთან ერთად მუშაობენ. მათ გამოავლინეს 3 000 "ერთობლივად მომუშავე" გენი, რომლებიც უჯრედებს სტრესისგან იცავენ და არეგულირებენ ცილის მოდიფიცირებასა და დახვევას.
გუნდმა დაწვრილებით შეისწავლა ის გენომები, რომლებიც ძუძუმწოვრებსაც მოიცავს და აღმოაჩინა, რომ მათში აღნიშნული გენების განსხვავებული ვერსიაა წარმოდგენილი.
მკვლევრებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ამ ცხოველების სანერწყვე ჯირკვლების ქსოვილებზე — აქ მათ შენიშნეს იმის მსგავსი აქტივობის ნიმუში, რომელიც გველების შხამის ჯირკვლებში დაიკვირვება. ამის საფუძველზე ისინი ფიქრობენ, რომ გველების შხამის ჯირკვლები და ძუძუმწოვრების სანერწყვე ჯირკვლები ერთსა და იმავე გენეტიკურ საფუძველს იზიარებენ.
აღნიშნულის შესახებ აქამდეც არსებობდა მოსაზრება, თუმცა ეს პირველი მყარი მტკიცებულებაა, რომელიც ამ თეორიას ადასტურებს.
"ისეთი ძუძუმწოვრებისთვის, როგორიცაა მწერიჭამია ბიგა, მათ ნერწყვსა და შხამს შორის დიდი მსგავსება არსებობს. აღსანიშნავია, რომ ბიგას შხამი რეპტილიების კომპლექსურ შხამთან შედარებით ბევრად მარტივი შემადგენლობისაა", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა და OIST-ის დოქტორანტურის სტუდენტმა, აგნიშ ბარუამ.
როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, სანერწყვე ჯირკვლებმა ფუნქცია შეიცვალონ და შხამის წარმოება უზრუნველყონ. "იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ გარემო პირობებში თაგვებს, რომლებიც საკუთარ ნერწყვში ტოქსიკურ ცილებს წარმოქმნიან, უკეთეს რეპროდუქციულ შედეგს მიაღწევენ, მაშინ, შეიძლება, რამდენიმე ათას წელიწადში შხამიან თაგვებთანაც მოგვიწიოს გამკლავება", — ამბობს გუნდი.
ძნელია იმის გარკვევა, ადგანან თუ არა უკვე თაგვები ამ ევოლუციურ გზას და კიდევ უფრო ძნელია იმის გაგება, ჩვენი ევოლუცია თუ მიგვიყვანს მომავალ შხამიან თაობებამდე.
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც არამხოლოდ შხამიან გველებსა და სხვა რეპტილიებს, არამედ შხამიან თაგვებს, ძაღლებს, შიმპანზეებსა და ადამიანებსაც ვხვდებით. საბედნიეროდ, ამის ალბათობა არც ისე დიდია.
კომენტარები