სახალხო დამცველი, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთად, მიმართავს საქართველოს მთავრობას ნოვრუზის ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისთვის 21 მარტს გადაადგილების შეზღუდვა დროებით მოხსნას.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული და აღაირებს, მის მიზანს — ადამიანების ვირუსის გავრცელებისგან დაცვას. მაგრამ ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ნოვრუზის დღესასწაულის ტრადიციული ფორმით აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ის შობის ღამეს დაწესებულ გამონაკლისზეც მიუთითებს.

სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას, რათა ეთნიკური უმცირესობებს გაუმტკიცდეთ განცდა, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას, მათი ეროვნული და რელიგიური თავისუფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, ერთი დღით ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნაზე უარი თქვა.

მსგავსი უარი თვეების წინ მიიღეს იმ რელიგიურმა კონფესიებმა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამჯერადაც და მაშინაც მთავრობამ მიზეზად კორონავირუსის გავრცელების რისკები დაასახელა.

ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა, ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენაა. აზერბაიჯანული თემის განცხადებით, ეს ყველაფერი საღამოს საათებში სრულდება, ხოლო 21:00 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში ხელს უშლით.

ამავე თემაზე: