სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული 5 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები ვ.მ., ნ.ჟ., თ.ბ. და ი.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ვ.მ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ.ჟ.-ს, თ.ბ.-სა და ი.მ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეხება გ.ტ.-ს, იგი დამნაშავედ ცნეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9 მარტს სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობაში 5 პირი დამნაშავედ ცნო, სრულწლოვან ბრალდებულებს სასამართლომ 16-16 წელი, ხოლო არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 ივნისს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. მისი ცხედარი მდინარე არაგვში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ბრალდებული დააკავეს, ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ამავე ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე წარედგინათ. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდა.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია, წყალში დახრჩობა გახდა. ამავე დასკვნის თანახმად, გარდაცვალებამდე მას მკვრივი/ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში მონაწილე ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". გიორგი შაქარაშვილმა აგარაკი 5 პირთან ერთად მათ მოსვლამდე დატოვა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული 6 პირი თავს დაესხა, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.