საჭადრაკო ქვეყნის ისტორია, რომელიც გრძელდება — თიბისი ჭადრაკის განვითარების მხარდასაჭერად
"ოთხმა დედოფალმა ერთი ქუჩიდან 80-იან წლებში ჭადრაკში ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. აღმოჩნდა, რომ მოჭადრაკეები — ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი — ოთხივე ქალი თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ცხოვრობდა." — სწორედ "ოქროს ნაკრებად" წოდებული გუნდის მიერ მოპოვებული გამარჯვებით იწყება ჭადრაკის შესახებ მომზადებული საგანმანათლებლო ვიდეო საქართველო — ჭადრაკის ქვეყანა. აღნიშნული გამარჯვება მხოლოდ ერთი ფრაგმენტია იმ ტრადიციისა, რომლის გაგრძელებასაც თიბისისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთწლიანი თანამშრომლობა ემსახურებოდა.
თიბისისა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობა სპორტის მხარდასაჭერად
ჭადრაკი სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, სამხედრო სტრატეგიების დასაგეგმად მე-7 საუკუნეში შეიქმნა. ჭადრაკის შესახებ ცნობები ძველ ქართულ ნაწერებში ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან გვხვდება. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ჭადრაკს უდიდესი ისტორია აქვს. ეს ისტორია ბევრ მნიშვნელოვან ფაქტსა და სახელს მოიცავს, რომელიც ციფრული მედია პლატფორმა Movement-ის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო ვიდეოშია გაერთიანებული.
თიბისისა და ჭადრაკის ფედერაციის ერთწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, საგანმანათლებლო ვიდეოს გარდა, არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის, განახლდა ფედერაციის ვებ-გვერდი, რომელიც ჭადრაკით დაინტერესებულ ადამიანებს საჭდრაკო სამყაროში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენებისა და სიახლეების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
მარკეტინგის მიმართულებით თიბისის დახმარება ჭადრაკის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი გიორგაძის თქმით, ჭადრაკის ისტორია და ქალი მოჭადრაკეების — ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ალექსანდრიასა და ნანა იოსელიანის 30 წლიანი ჩემპიონობის ტრადიცია საზოგადოებისგან მეტ ყურადღებას იმსახურებს.
ახალი თაობა ჭადრაკის ისტორიის გასაგრძელებლად
მდიდარი წარსულის მიუხედავად, ჭადრაკის ისტორიისა და ტრადიციის გაგრძელება მთლიანად მომავალი თაობის ხელშია. სწორედ ამიტომ თანამშრომლობის ფარგლებში ნიჭიერი მოჭადრაკეებისთვის სტიპენდიის დანიშვნა და მათი წახალისება პრიორიტეტული აღმოჩნდა. შედეგად, თიბისის სტიპენდიატების სიას 7 ახალგაზრდა მოჭადრაკე შეუერთდა, რომელიც სრულწლოვანობამდე ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.
საქართველოს ჩემპიონები, ევროპისა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონები და პრიზიორები, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების ჩემპიონები და პრიზიორები — სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა ნიჭიერი მოჭადრაკეები სპორტული შედეგების მიხედვით შეარჩიეს.
"სტიპენდიატობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. რაღაცნაირად თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ და მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო. ვფიქრობ ჩემს თანატოლებსაც ეძლევათ მოტივაცია.
მიყვარს ჭადრაკის თამაშის პროცესი, მოწინააღმდეგის ფიქრების გამოცნობა. მიყვარს გამარჯვება და საპრიზო ადგილზე გასვლა, თუმცა, უფრო მეტად მარცხი მამახსოვრდება, რადგან მათი გასწორების გზებსაც ვსწავლობ და ეს უფრო მეხმარება. როგორც ყველას, ამბიცია მეც მაქვს. ძალიან მინდა მსოფლიო ჩემპიონობა. ამას დიდი შრომა უნდა, თუმცა მზად ვარ, ვიშრომო და ეს გზა გავიარო", — ამბობს საქართველოს ჩემპიონი 20 წლამდე გოგონათა შორის, ელენე წოწონავა ფოთიდან.
"ჭადრაკში მომწონს პოზიციურად შეტევა. შემთხვევით შევედი თავიდან ჭადრაკზე და შემდეგ უკვე ნელ-ნელა შედეგებიც მოვიდა", — ამბობს ანასტასია კირთაძე ქუთაისიდან.
ანასტასია მრავალ წარმატებას შორის 2017 წელს ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრასა და სასკოლო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობას გამოარჩევს. ანასტასია კირთაძის მიზანი და ოცნება მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა ათეულში მოხვედრაა.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თიბისის სტიპენდიატობა, რადგან სტიმულს მაძლევს. ყველაზე მეტად ჭადრაკში ის მომწონს, რომ საფიქრალია. დაძაბული პოზიციები რომ მიიღება, მაგ დროს ბევრი უნდა იფიქრო", — ამბობს დავით ნემსაძე ქუთაისიდან.
8-12 წლის ჭაბუკთა შორის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი საკუთარი წარმატებებიდან 11 წლის ჭაბუკთა შორის მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის პრიზიორობას გამოარჩევს. სხვების მსგავსად, მიზნები მასაც აქვს და მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებობს.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ სტიპენდიატს განსხვავებული თამაშის სტილი თუ ხედვა აქვს, მთავარი, რაც, ალბათ, შვიდივეს აერთიანებს, ჭადრაკის სიყვარული და წარმატების მიღწევის სურვილია.
ჭადრაკი სპორტის, მეცნიერებისა და ხელოვნების უნიკალური სინთეზია, სრულიად განსხვავებული სამყარო, რომლის განვითარებასაც საქართველოში უდიდესი პერსპექტივა აქვს. ქართული საჭადრაკო ტრადიციის გაგრძელებისა და განვითარებისთვის ახალი თაობის ხედვები და სტილი, მათი უშრეტი ენერგია და ენთუზიაზმია აუცილებელი, რომელსაც, თავის მხრივ, ხელშეწყობა და წახალისება სჭირდება. თიბისისა და ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ერთწლიანი თანამშრომლობა, რომელიც უკვე დასრულდა, ამის მშვენიერი მაგალითი აღმოჩნდა.
კომენტარები