ადამიანის ტვინი სინათლეს ასხივებს? — მეცნიერები მის გაშიფვრას ცდილობენ

ფოტო: Getty
დედამიწაზე არაერთი ბიოლუმინესცენციური ორგანიზმი არსებობს, რომლებიც ძირითადად წყალში ბინადრობენ. როგორც წესი, ადამიანები მათ რიცხვში არ მოვიაზრებით, თუმცა 1920-იანი წლებიდან მეცნიერები მსჯელობენ ჩვენს ძალიან მკრთალ ნათებაზე, რომელიც ხილული სპექტრისაა. ასეთი "ბიოფოტონების" შესწავლა საკუთარი ორგანიზმის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის.
ახალი კვლევის ფარგლებში ბიოლოგებმა ცოცხალი ადამიანის ტვინის მკრთალი ელვარება თავის ქალის გარედან დააფიქსირეს. დადგინდა, რომ ის იმის მიხედვით იცვლება, თუ რა სამუშაოს ასრულებს ორგანო. შესაბამისად, იგი ტვინის ჯანმრთელობისა და ფუნქციონირების პოტენციურ ინდიკატორად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელზე დაკვირვების სამომავლო ტექნიკასაც ფოტოენცეფალოგრაფია უწოდეს.
თავად ნათებას მეცნიერები ულტრასუსტი ფოტონური ემისიის (UPE) სახელით მოიხსენიებენ. ის მაშინ დააფიქსირეს, როცა მონაწილეთა ტვინს ელექტროენცეფალოგრაფიული ქუდით სიბნელეში, სხვადასხვა მდგომარეობაში აკვირდებოდნენ: მოსვენებისას და ხმების აღქმასთან დაკავშირებული დავალების შესრულებისას.
სანამ შედეგებზე გადავალთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ აბსოლუტური ნულის ზედა ტემპერატურის მქონე ნებისმიერი რამ ინფრაწითელ, იგივე თერმულ, რადიაციას ასხივებს. UPE მისგან განსხვავდება, რადგან ახლო ხილული სპექტრის ტალღების სახით გვხვდება და ელექტრონების მიერ ენერგიის დაკარგვისას ფოტონების წარმოქმნის შედეგია (მეტაბოლიზმის ჩვეულებრივი მეორეული პროდუქტი).
ექსპერიმენტით გაირკვა, რომ UPE სიგნალები ფონურად არსებული ფოტონებისგან განირჩევა, თანაც თავის ქალის გარედან. ეს ფოტოელექტრონული გამაძლიერებლის დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან მკრთალი სინათლის მიმართაც მგრძნობიარეა. ასევე, ამ ემისიასა და ქუდის მიერ ჩაწერილ ტვინის აქტიურობას შორის კორელაციაც გამოვლინდა.
მეცნიერებს სურთ, რომ ეს ემისიები ტვინის სხვაგვარი აქტიურობების ფონზეც შეისწავლონ, რათა უფრო მეტი გაიგონ. მათი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები