5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ალკოჰოლი რეაბილიტაციის პროცესში

ფოტო: Getty Images
ტრავმა, მიუხედავად მისი სიმძიმისა და წარმოშობისა, ადამიანის სხეულისთვის სერიოზული გამოწვევაა. სპორტისგან მიღებული დაზიანება, რაიმე უბედური შემთხვევა თუ ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი, სხეულისგან დასვენებასა და მოთმინებას მოითხოვს. ამ რთულ პერიოდში ორგანიზმი მთელ მის რესურსს დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად იყენებს, რის გამოც, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: დასაშვებია თუ არა რეაბილიტაციის პროცესში ალკოჰოლის მიღება?
შეიძლება პასუხი გაზვიადებული მოგეჩვენოთ, მაგრამ გამოჯანმრთელების პერიოდში სულ ცოტა ალკოჰოლიც კი საგრძნობლად აფერხებს აღდგენის პროცესს. ამას ხუთი ძირითადი მიზეზი განაპირობებს:
1. იმუნური სისტემის დარღვევა
ალკოჰოლი იმუნურ უჯრედებს აფერხებს და ართმევს დაზიანებულ ქსოვილებამდე მიღწევისა და აღდგენის უნარს, რაც თავის მხრივ ანელებს ჯანსაღი კუნთების, მყესებისა და იოგების რეგენერაციას. დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებამ იმუნურ სისტემაზე შეიძლება იმდენად იმოქმედოს, რომ სამიდან ხუთ დღემდე თქვენი სხეული ინფექციებისგან თითქმის სრულად დაუცველი იქნება. საინტერესოა, რომ ალკოჰოლის ზომიერი ოდენობით მიღებაც კი აჩერებს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს და ახანგრძლივებს შეშუპებას.
2. აღდგენის შეფერხება
ალკოჰოლის მიღებიდან მალევე, კუნთოვანი ცილის სინთეზი რამდენიმე დღით ფერხდება. როდესაც ეს უნარი დაქვეითებულია, კუნთების რეგენერაცია ნელდება. ერთი კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის გამო კუნთების აღდგენისა და ხელახალი აშენების პროცესი 24-37%-ით შემცირდა. ეს იწვევს მუდმივ სისუსტესა და ტკივილს, რის გამოც ხელახალი ტრავმის მიღება მარტივდება.
3. ძვლებისა და ქსოვილების დასუსტება
ძვლების, მყესებისა და კუნთების დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებული ქსოვილებიდან სიგნალები იგზავნება და ბუნებრივი აღდგენითი პროცესები იწყება, მაგრამ ალკოჰოლი ამ სასიგნალო გზებს აფერხებს და ხელს უშლის აღდგენით პროცესს. ამის გამო შეხორცების პროცესი საგრძნობლად ნელდება, ხოლო დაზიანებული ქსოვილების შეშუპების რისკი იზრდება.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო ძვლის მოტეხილობა საშუალოდ ორ კვირამდე პერიოდით ხანგრძლივდება, ხოლო დაჭიმულობა ორიდან სამ კვირამდე ვადით.
4. ჰორმონალური დისბალანსი
ჰორმონები ორგანიზმის მრავალ აღდგენით პროცესს უწევს კოორდინაციას. განსაკუთრებით სასარგებლო აღმდგენი ჰორმონებია ტესტოსტერონი და სომატოტროპინი. ორივე მათგანი ტრავმის მიღების შემდეგ კუნთებისა და სხვა შემაერთებელი ქსოვილების აღდგენას უწყობს ხელს.
ალკოჰოლი ამცირებს ამ ჰორმონების გამოყოფას და აფერხებს ორგანიზმის აღდგენით უნარს. ამავდროულად, ალკოჰოლი ზრდის კორტიზოლის დონეს. კორტიზოლი ორგანიზმის მთავარი სტრესის ჰორმონია. მისი მომატებული დონე ტვინისთვის საფრთხის მატებასთან ასოცირდება და ტვინიც ენერგიის მობილიზებას იწყებს. ის ენერგია, რომელიც ტრავმის აღდგენას უნდა მოხმარებოდა, კორტიზოლის გამოყოფის შემდეგ, მნიშვნელოვნად იკლებს და პროცესიც შესაბამისად ნელდება.
5. ხელახალი დაზიანების რისკის გაზრდა
ტვინსა და სხეულს შორის მკაფიო კომუნიკაცია კოორდინირებული მოძრაობისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ ალკოჰოლი ხელს უშლის ამ კომუნიკაციის დამყარებას.
შედეგად, წონასწორობის შენარჩუნება და სწრაფი რეაქცია რთულდება. ალკოჰოლის მცირე ოდენობით მიღებაც კი, მოძრაობის გართულებას იწვევს, რაც შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. აღნიშნული ფაქტი, უკვე დაუცველი ქსოვილებისთვის ძალიან დიდი საფრთხეა.
ალკოჰოლი და ტრავმისგან აღდგენა
მიმდინარე კვლევები აჩვენებს, რომ რეაბილიტაციის პერიოდში ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო ზღვარი არ არსებობს. ალკოჰოლის მცირე ოდენობით მიღებაც კი მნიშვნელოვნად აფერხებს აღდგენით პროცესს. კონკრეტული დრო დამოკიდებულია ტრავმის ტიპზე, პიროვნებაზე და მიღებული ალკოჰოლის დოზაზე.
გამოდის, რომ ტრავმის მიღების შემდეგ, ალკოჰოლზე უარის თქმა გონივრული და არგუმენტებზე დამყარებული გადაწყვეტილებაა. იმის მიუხედავად, თუ რომელ ალკოჰოლურ სასმელს სვამთ ან რა დოზით, მეცნიერების გზავნილი მარტივია — გამოჯანმრთელების პროცესი პაბში არ მიმდინარეობს.
ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში, ალკოჰოლზე უარის თქმა აჩქარებს აღდგენით პროცესს და ამცირებს ხელახალი დაზიანების მიღების რისკს. ალკოჰოლის მიღება სრულად პირადი არჩევანის საკითხია, მაგრამ თუ თქვენი პრიორიტეტი სწრაფად და ეფექტურად გამოჯანმრთელებაა, თქვენი შანსების გასაზრდელად ალკოჰოლზე უარის თქმა ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.
კომენტარები