ახალი ფანჯარა კოსმოსში — 23 ივნისს ამუშავდება ტელესკოპი, რომელიც ასტრონომიაში თამაშის წესებს შეცვლის

ფოტო: Wikipedia
20-წლიანი სამუშაოების შემდეგ, ვერა ს.რუბინის ობსერვატორიის პირველ გადაღებულ ფოტოებს ვიხილავთ. ობსერვატორია ჩილეში აშენდა და ის უდიდესი ციფრული კამერითაა აღჭურვილი.
2025 წლის 23 ივნისს აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ენერგეტიკის დეპარტამენტი ტელესკოპის პირველ დაკვირვებებს გაასაჯაროებენ, რითაც ცის შესწავლაში სრულიად ახალი ერა დაიწყება.
პირდაპირი ეთერისთვის თვალის დევნება მთელი მსოფლიოდან იქნება შესაძლებელი. მისი ყურება YouTube-ზე, თბილისის დროით 19:00 საათზე (23 ივნისს) შეგეძლებათ.
რუბინის ტელესკოპის შემუშავების იდეა პირველად 2001 წელს გაჩნდა. ობსერვატორია სამხრეთის ცის 10-წლიან კვლევას ჩაატარებს. ის ამას ახლო-ულტრაიისფერ, ოპტიკურ და ახლო-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში გააკეთებს.
ცის თითოეული მონაკვეთი დაახლოებით 800-ჯერ ჩაიწერება ტელესკოპის 3 200 მეგაპიქსელიანი კამერის გამოყენებით.
ყოველ 24 საათში რუბინი დაახლოებით 20 ტერაბაიტის მონაცემს დაამუშავებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იმედის მომცემია.
ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელი სიმძლავრე მოითხოვს მონაცემთა გადაცემის, დამუშავებისა და შენახვის უახლეს ინსტრუმენტებს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ რუბინი სამყაროს შესახებ ისეთ შეკითხვებზე გასცემს პასუხს, რაზეც ამ მომენტში წარმოდგენაც კი არ გვაქვს.
"რუბინის სიჩქარის, ფართო ხედვის არეალისა და მგრძნობიარე კამერის კომბინაცია აფართოებს ტელესკოპის შესაძლებლობების ფარგლებს", — აცხადებენ ასტრონომები.
მათი თქმით, არცერთ სხვა ტელესკოპს არ შეუძლია ერთდროულად ასეთი უზარმაზარი მონაცემების დამუშავება და მკრთალი ობიექტების დაფიქსირება.
კომენტარები