ვაქცინაციის პირველი დღე — ვინ აიცრა
ბევრი განცხადების, თარიღების გადაწევა-გადმოწევისა და Covax პლატფორმის კომენტარის შემდეგ, რომელსაც ლამის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასამართლოში ჩივილი მოჰყვა, ქვეყანამ ვაქცინა 13 მარტს, როგორც იქნა, მიიღო. AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს დილით ჩამოიტანეს. პროცესში პირველები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ანუ ყველაზე უფრო რისკჯგუფში მყოფი ადამიანები ჩაერთნენ.
უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი კი 15 მარტის დილიდან დაიწყო. ჟურნალისტებმა წინა საღამოდ უკვე ვიცოდით, რომ აცრას პირველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე გაიკეთებდა. იმნაძე აიცრა, თუმცა მას ზუგდიდში ევექსი კლინიკების ალერგოლოგმა, ლანა უბილავამ დაასწრო და ის გახდა პირველი ადამიანი საქართველოში, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, კერძოდ კი, AstraZeneca გაიკეთა. ეს ინფორმაცია ევექსის კლინიკამაც დაადასტურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"აცრის შემდეგ, არანაირი შეგრძნება არ მაქვს, აბსოლუტურად არაფერი მიგრძნია, რადგან სრულიად უმტკივნეულოა. იმუნიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა — ის არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დავამარცხოთ პანდემია და კორონავირუსი. როგორც ექიმი, მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია", — თქვა ლანა უბილავამ.
ინფორმაცია პირველი აცრილის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთანაც გადავამოწმეთ, თუმცა მან ზუსტი საათი ვერ გვითხრა და ვერ დაგვიდასტურა, ვინ გაიკეთა პირველმა ვაქცინა.
თუმცა იმნაძე ნამდვილად იყო პირველი თბილისში. ჟურნალისტები პროცესს, რომელზეც არაერთი მითი თუ დეზინფორმაცია გვსმენია, ინფექციურ საავადმყოფოში ვესწრებოდით. ყველას გვაინტერესებდა, რა ხდება, როცა ნანატრ ვაქცინას იკეთებ.
ინფექციურ საავადმყოფოში ვაქცინაციისთვის ერთი ოთახი იყო გამოყოფილი. პაციენტი ჯერ საკუთარ რიგს ელოდა, შემდეგ რეგისტრაციას გადიოდა და თავისთვის განკუთვნილ სკმაზე თავსდებოდა. არაფერი განსაკუთრებული, პროცესი ზუსტად იგივეა, რასაც სხვა აცრის გაკეთების დროს აქამდეც გავდიოდით.
პირველი პაციენტის აცრის დროს ექიმმმა სამუზეუმო ექსპონატივით, რამდენიმე წამი გაიჩერა AstraZeneca ხელში და ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ყველა მხრიდან ფოტოაპარატები აჩხარუნდა. ამ დროს პაატა იმნაძე, სამედიცინო სკამზე მოთავსებული, აცრას ელოდა. რამდენიმე წამში კი მთელმა საქართველომ ვაქცინაციას პირდაპირ ეთერში უყურა.
რა თქმა უნდა, აცრის შემდეგ, ყველას იმის გაგება გვინდოდა, როგორ გრძნობდა პაციენტი თავს. მართალია, მას მინიმუმ 30 წუთი მშვიდად დაჯდომა და დასვენება ურჩიეს, მაგრამ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პაატა იმნაძემაც არ დააყოვნა და პირველი კომენტარი მალევე გააკეთა.
"მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს იწყება ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ გავითავისოთ, ეს ვაქცინა არის ერთადერთი გზა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. მინდა ყველა კოლეგას, ნებისმიერ თანამოქალაქეს მოვუწოდო, იმისათვის, რომ დავბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებაში, აუცილებელია ქვეყანაში ბევრი აიცრას. ხედავთ, გავიკეთე ვაქცინა, არაფერი ამაში საშიში არ არის", — თქვა მან.
იმნაძის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრირებული მედპერსონალის აცრა ინტენსიურად გაგრძელდა. თავის რიგს ბევრი, მათ შორის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე ელოდა — მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩართულები არიან კორონავირუსის მართვის პროცესში; რომლებმაც თავი განსაკუთრებით მაშინ დაგვამახსოვრეს, როცა ყოველდღიურად ახალი შემთხვევების გადანაწილებას გვაცნობდნენ და რეკომენდაციების დაცვისკენ უწყვეტად მოგვიწოდებდნენ.
ექიმები ამბობენ, რომ ამით მაგალითს აძლევენ, პირველ რიგში, კოლეგებს და შემდეგ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს გვითხრა, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამაც.
"იმისთვის, რომ დავძლიოთ კორონავირუსი და ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება, აუცილებელი, ერთადერთი გზა არის იმუნიზაცია. AstraZeneca არის ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა.
ჩვენ ჩავიტარეთ ვაქცინა, მაგალითი მოგეცით მოსახლეობას, ამიტომ გავაცნობიეროთ, რომ ეს არის აუცილებელი ქვეყნისთვის, გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა, დავრეგისტრირდეთ და ყველანი ავიცრათ", — აღნიშნა მან.
ვაქცინაცია რომ ჩვეულებრივი, უმტკივნეულო პროცესია, ამას ზახი გაუსვა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემაც და ყველას მოუწოდა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ.
"ვულოცავ საქართველოს, რომ დაიწყო ვაქცინაცია. აბსოლუტურად უნდა ვიყოთ იმედით. გუშინ იმდენი მესიჯი მოდიოდა ვაქცინასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვაქცინა მავნეა. არა ბატონო, ძალიან კარგია.
ამ ვაქცინით აიცრა ბევრი ქვეყანა და არაფერი გართულებები არ ყოფილა. გუშინ ითქვა, რომ თრომბოემბოლიასთან არანაირი კავშირი არა აქვს ამ ვაქცინას, არის ძალიან მაღალი ხარისხის და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მასიურად მოხდეს ვაქცინაცია", — თქვა ენდელაძემ.
თამარ გიორგაძე
ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge
მედიას ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძეც. მან თავი ყველას მაშინ დაგვამახსოვრა, როცა ვაქცინის მიღების შემდეგ, იყო პირველი, ვინც AstraZeneca-ს გაკეთების სურვილი გამოთქვა და ასაცრელად დარეგისტრირდა.
ასაცრელადაც პირველი მივიდა და თავის რიგს რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ დასვენებაა რეკომენდებული, იგი მაინც მშვიდად პასუხობდა ზღვა შეკითხვებს. თამარ გიორგაძის თქმით, ამით მაგალითს აძლევს ყველას, არც ვაქცინის უსაფრთხოებას აყენებს ეჭვქვეშ და ეს პანდემიას დასრულების ერთ-ერთ წინაპირობად მიაჩნია.
"ვაქცინაცია ჩატარდა უვნებლად, უმტკივნეულოდ, არანაირი ცუდი შეგრძნება არ აქვს. ვარ ერთ-ერთი პირველი, რომელიც აიცრა, რადგან მაგალითი მიმეცა ჩემი კოლეგებისთვის, ჯერ ჩემს ცენტრში და შემდეგ, საერთოდ მედიცინის მუშაკებში.
არაფერი საშიში არ არის და მოვუწოდებ ყველას, აიცრან და დაიცვან როგორც საკუთარი თავები, ასევე, ირგვლივ მყოფები", — განაცხადა თამარ გიორგაძემ.
ფოტო: On.ge / ანა მსხალაძე
ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გოგიჩაიშვილიც.
ამირან გამყრელიძე
ფოტო: On.ge / ანა მსხალაძე
იმუნიზაციის პროცესი დაიწყო რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც. ინფექციური საადმყოფოდან სწორედ იქ გადავინაცვლეთ. ვაქცინაციისთვის რამდენიმე ოთახი იყო გამოყოფილი და პირველი პაციენტები თავის რიგს ელოდნენ. პროცესს აკვირდებოდა NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც და ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა. გამომდინარე იქედან, რომ მას COVID-19 უკვე გადატანილი აქვს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია.
მისი თქმით, "დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი დამთავრებაა". გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, წელს მილიონ 600 ათასი ადამიანის აცრას გეგმავენ, რის შემდეგაც, მიაჩნია, რომ ცხოვრების "ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით".
დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია დამთავრება. ჩვენ უნდა ავცრათ წელს მილიონ 600 ათასი ადამიანი. თუ ამას გავაკეთებთ, ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.
აცრა გაიკეთა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ და თქვა, რომ ვაქცინაცია ძალიან დიდი სიკეთეა. მასაც მიაჩნია, რომ ეს დიდ როლს ითამაშებს კორონავირუსის დამარცხებაში.
"თვითგრძნობა ამ წუთას სრულიად დამაკმაყოფილებელი მაქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც მქონდა, სანამ გავიკეთებდი. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, მე მიმაჩნია, რომ ვაქცინაცია ძალიან დიდი სიკეთეა, სხვადასხვა ვაქცინამ გადაარჩინა ასეულობით მილიონი ადამიანი სიკვდილს, მათ შორის, ეს ვაქცინაც ძალიან დიდ როლს ითამაშებს კოვიდინფექციის უმძიმესი გართულებების პრევენციის საქმეში.
ლევან გოფოძე
ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge
ვიკეთებ ამ ვაქცინას, რომ კიდევ ერთხელ ყველამ ნახოს, ვაქცინაცია არ არის რაიმე საშინელი მოვლენა, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც აუცილებელია მძიმე დაავადებების პრევენციისთვის", — თქვა გოფოძემ.
ვაქცინაციის პროცესი დაიწყო რეგიონებშიც. აჭარაში პირველი ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე აიცრა.
"მსოფლიოში არ არსებობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის იმაზე ეფექტური საშუალება, ვიდრე ვაქცინაცია, ამიტომ მოვუწოდებ მედპერსონალს, ჩაერთონ ამ პროცესში", — განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ნინო ნიჟარაძე
ფოტო: აჭარის ჯანდაცვა
ვაქცინაცია დაიწყო გორშიც. სამედიცინო ცენტრი გორმედის დირექტორის, გია სვანაძეს ინფორმაციით, დღეს კლინიკაში 20 მედპერსონალს აცრიან. პროცესი მიმდინარეობს კახეთშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყო და AstraZeneca პირველებმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა და ექიმმა ზეინაბ მგელიაშვილმა გაიკეთეს. პროცესში ჩაერთნენ ქუთაისის ექიმებიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვაქცინა პირველმა კარდიოქირურგმა ნიკა ვაშაყმაძემ გაიკეთა, ხოლო ოზურგეთში ვაქცინით პირველი კლინიკა მედალფას დირექტორი, დათო მდინარაძე აიცრა.
ექიმები აცხადებენ, რომ საჯაროდ ვაქცინის გაკეთებით, მაგალითს აძლევენ კოლეგებს, რასაც, თავის მხრივ, საზოგადოებაში მოჰყვება ვაქცინაციის მიმართ ნდობის ამაღლება. მიუხედავად ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, ერთ დღეში მხოლოდ 500 ექიმი აიცრა.
საკმაოდ დაბალია იმ მედპერსონალის რიცხვი, რომელიც ვაქცინაციისთვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდა — 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, ეს რეგისტრაცია მხოლოდ 2 492-მა ადამიანმა გაიარა, არადა, ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინების პირველი პარტია 43 200 დოზაა, რომელიც მთლიანად მედპერსონალზეა გათვლილი. დღის ბოლოსკენ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ვაქცინაციისთვის უკვე 3 500-მდე ადამიანია რეგისტრირებული.
ამის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ პასუხობს კითხვებს, რა გააკეთეს ანტივაქსერული კამპანიის წინააღმდეგ. 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა და NCDC-ის ხელმძღვანელმა On.ge-ს კითხვების პასუხად განაცხადეს, რომ საყვედურის მოსმენას არ აპირებენ და საქართველოს მოქალაქეები თავად შეაფასებენ, რამდენად ეფექტურად იმუშავა მათმა უწყებებმა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის დაწყების პირველი დღე საკმაოდ ხალხმრავალი იყო, მოსახლეობა მაინც სკეპტიკურად უყურებს ამ პროცესს.
მხოლოდ ვაქცინის დაწყების პირველ დღეს დააანონსა საინფორმაციო კამპანია ჯანდაცვის სამინისტრომ. აიცერი, ვაქცინა გვიცავს! — ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ ამ ლოზუნგით მოუწოდებს. ექიმები კი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
ვაქცინა მოქალაქეებმა ორჯერ უნდა გაიკეთონ. მათთვის, ვინც უკვე აიცრა, განმეორებითი პროცესი 8 კვირის შემდეგ იქნება.
ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, ასევე, უსაფრთხოებაზე, წაიკითხეთ:
- 2000 წლიდან მოყოლებული, ვაქცინებმა 37 მილიონი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა
- "თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის" — ვაქცინა, დეზინფორმაცია და "ელვის სისწრაფე"
- პოპულაციური იმუნიტეტის მსოფლიო ლაბორატორია: ისრაელის ვაქცინაციის ისტორია
- როგორ მტკიცდება, რომ კორონავირუსის ვაქცინები ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის
- AstraZeneca: 17 მილიონი ადამიანის მონაცემზე დაყრდნობით, თრომბოემბოლიის შემთხვევები ვაქცინას არ უკავშირდება
- WHO: არ არსებობს მტკიცებულება, რომ AstraZeneca თრომბოემბოლიას იწვევს, შესანიშნავი ვაქცინაა
კომენტარები