მართალია, დღეს დროის გასაყვანი უამრავი საშუალება მოგვეპოვება, მაგრამ, ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ბევრ ადამიანს კვლავ უყვარს კითხვა: მაგალითად, აშშ-ში დღეში 1,8 მილიონ ეგზემპლარზე მეტი წიგნი იყიდება და ერთი ნახევარი მილიონი კიდევ გაერთიანებულ სამეფოში. წიგნების საშუალებით სამყაროს შესახებ უამრავი რამის სწავლა შეიძლება, ასევე სიტყვის მარაგის გამდიდრება და წერის უნარების განვითარებაც. მაგრამ შეუძლია თუ არა მხატვრულ ლიტერატურას, რომ უკეთეს ადამიანებადაც გვაქციოს?

მხატვრულ ლიტერატურას ბევრნაირი დამსახურება მიეწერება: საქველმოქმედო და მოხალისეობრივი საქმიანობიდან დაწყებული, არჩევნებში მონაწილეობის ტენდენციის გაზრდით დამთავრებული. უფრო მეტიც, საუკუნეების განმავლობაში ძალადობის ეტაპობრივი შემცირებაც მხატვრული ლიტერატურის კითხვასთანაა დაკავშირებული.

პერსონაჟები ამბებში გვითრევენ. არისტოტელემ თქვა, რომ როცა ტრაგედიას ვუყურებთ, ჩვენში ორი ემოცია ჩნდება: სიბრალული და შიში — პირველი პერსონაჟის მიმართ, ხოლო მეორე საკუთარი თავის გამო. ამ დროს უნებურად თავს გმირის ადგილას წარმოვიდგენთ ხოლმე და მათ რეაქციას იმას ვადარებთ, თუ როგორ მოვიქეცით მაშინ, როცა წარსულში ჩვენც, ამ პერსონაჟის მსგავსად, კონკრეტულ სიტუაციასთან მოგვიწია გამკლავება; ამგვარი გამოცდილების არქონის შემთხვევაში კი, წარმოვიდგენთ, როგორ მოვიქცევით მომავალში, თუ ჩვენც ანალოგიურ შემთხვევასთან გვექნება საქმე.

ამგვარად, კითხვა ერთგვარი სავარჯიშოა, რომელიც საკუთარ თავს სხვის ადგილზე წარმოგვადგენინებს. ეს კი რეალურ ცხოვრებაში ემპათიის უნარს ავითარებს და სხვების გაგებაში გვეხმარება. კანადელი კოგნიტური ფსიქოლოგი კით ოტლი მხატვრულ ლიტერატურას "გონების ფრენის სიმულატორს" უწოდებს. იმ პილოტივით, რომელიც ფრენაში ისე ვარჯიშობს, რომ მიწას არ სცდება, ის ადამიანიც, რომელიც მხატვრულ ნაწარმოებს კითხულობს, სოციალურ უნარებს ივითარებს ყოველ ჯერზე, როცა რომანს გადაშლის. თავის კვლევაში კიტმა აღმოაჩინა, რომ როგორც კი წიგნის გმირებთან საკუთარი თავის გაიგივებას ვიწყებთ, მაშინვე ამ პერსონაჟების მიზნებსა და სურვილებს ვირგებთ: მაგალითად, როცა ისინი საფრთხეში არიან, ჩვენ გული გვიჩქარდება; უფრო მეტიც, შესაძლოა, ამ დროს დაძაბულობისგან სუნთქვაც კი შეგვეკრას. თუმცა, კითხვისას იმის წინასწარ ცოდნის ფუფუნება გვაქვს, რომ ფიქციურ სამყაროზე მოთხრობილი ამბები რეალურად არ ხდება ჩვენს თავს — ამიტომ შიშისგან არ ვიოფლებით და სიტუაციიდან თავის დასაღწევად არც ფანჯრიდან ვხტებით.

კოგნიტურმა ფსიქოლოგმა მხატვრულ ლიტერატურას "გონების ფრენის სიმულატორი" უწოდა.

ფოტო: Getty Images

ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის ზოგიერთი ნერვული მექანიზმი, რომელსაც ადამიანის ტვინი კითხვის პროცესში ამბის აღსაქმელად იყენებს, ერთგვარად იმეორებს რეალურ სიტუაციებში გონების მუშაობის პრინციპს. მაგალითად, თუ წავიკითხავთ სიტყვებს "ფეხის კვრა", ამ დროს ტვინის ის ნაწილი გააქტიურდება, რომელიც პასუხისმგებელია ფიზიკურად მოქმედების შესრულებაზე; ამავდროულად, თუ წავიკითხავთ, რომ პერსონაჟმა შუქი ჩააქრო, ტვინის ის ნაწილი გააქტიურდება, რომელიც ხელის ჩაჭიდებასთანაა დაკავშირებული.

ასევე იმისთვის, რომ კითხვისას სიუჟეტს მივყვეთ, უნდა ვიცოდეთ, რომელმა გმირმა რა იცის, ამის გამო როგორ გრძნობენ თავს და რა ჰგონია თითოეულ პერსონაჟს, რას შეიძლება ფიქრობდნენ სხვები. ამის აღსაქმელად კი საჭიროა უნარი, რომელიც "გონების თეორიის" სახელითაა ცნობილი. როცა ადამიანი პერსონაჟის აზრებს კითხულობს, ტვინის ის ნაწილები აქტიურდება, რომლებიც გონების თეორიას უკავშირდება.

როცა ადამიანი პერსონაჟის აზრებს კითხულობს, ტვინის ის ნაწილები აქტიურდება, რომლებიც "გონების თეორიას" უკავშირდება.

ფოტო: Getty Images

რადგანაც კითხვის პროცესში მკითხველი სხვების მიმართ თანაგრძნობას იჩენს, შესაძლოა, ვიღაცამ გაიფიქროს, რომ ადამიანებს, რომლებიც მხატვრულ ტექსტებს კითხულობენ, უკეთესი სოციალური უნარები აქვთ იმათთან შედარებით, ვინც ძირითადად არამხატვრულ ლიტერატურას ეტანება, ან საერთოდაც არ კითხულობს.

ამის გამოსავლენად საჭირო კვლევის ჩატარების სირთულე ისაა, რომ უამრავ ჩვენგანს წაკითხული წიგნების რაოდენობის გაზვიადება სჩვევია. ამის თავიდან ასარიდებლად ფსიქოლოგმა კით ოტლიმ და მისმა კოლეგებმა სტუდენტებს მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ავტორების სია დაურიგეს და სთხოვეს, მხოლოდ ის მწერლები მოენიშნათ, რომელთა შესახებაც სმენოდათ. სტუდენტები გააფრთხილეს კიდეც, რომ სიაში რამდენიმე გამოგონილი მწერლის სახელი-გვარი ეწერა, რათა მცდარი პასუხების მითითება თავიდან აერიდებინათ. იმის მიხედვით, თუ რამდენ ავტორზე გაუგიათ ადამიანებს, კარგი გზაა იმის გასარკვევად, თუ რამდენს კითხულობენ ისინი სინამდვილეში.

ფოტო: Getty Images

ამის შემდეგ ოტლიმ კვლევაში მონაწილეებს ტესტი ჩაუტარა, რომელსაც "მზერის ინტელექტი" ეწოდება. ეს ტესტი შემდეგი პრინციპით მუშაობს: მონაწილეებს ურიგდებათ თვალების ფოტოები და მხოლოდ მათი საშუალებით უწევთ იმ ადამიანის ემოციის ამოცნობა, ვისაც ეს თვალები ეკუთვნის. გამოსაცნობი ემოციების არჩევანი მცირეა: მორცხვი, დამნაშავე, მეოცნებე ან აღელვებული. ეს დავალება იმაზე რთულია, ვიდრე ჟღერს, რადგან ერთი შეხედვით გამომეტყველება თითქმის შეუმჩნეველია და თითოეული მათგანი ნეიტრალურია — კონკრეტული ემოცია არ იკვეთება. სირთულის მიუხედავად, ოტლის კვლევის მოცემულ ტესტში მაღალი ქულები იმ მონაწილეებმა მიიღეს, რომლებსაც უფრო დიდი რაოდენობით მხატვრული ლიტერატურა ჰქონდათ წაკითხული. ამით გაირკვა, რომ ისინი პიროვნული მგრძნობელობის საზომ სკალაზეც გაცილებით მაღალ საფეხურზე იმყოფებოდნენ.

პრინსტონის სოციალური ნეირომეცნიერების ლაბორატორიაში ფსიქოლოგმა დაიანა ტამირმა დაადგინა, რომ მხატვრული ლიტერატურის მკითხველებს უკეთესი სოციალური შემეცნების უნარი აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ უფრო უკეთ გამოსდით სხვების ფიქრებისა და ემოციების ამოცნობა. ტვინის სკანირების შედეგების მიხედვით, ტამირმა აღმოაჩინა, რომ მხატვრული ტექსტის კითხვისას ტვინის იმ ნაწილშია მეტი აქტივობა, რომლის ფუნქციაც სხვების ფიქრების ამოცნობაა.

მხატვრული ლიტერატურის მკითხველებს უკეთესი სოციალური შემეცნების უნარი აქვთ.

ფოტო: Getty Images

რომანების მკითხველებს საშუალოზე უფრო კარგად გამოსდით სხვა ადამიანების ემოციების ამოკითხვა, თუმცა ნუთუ ამის გამო ისინი აუცილებლად უკეთესი პიროვნებები არიან? ამის დასადგენად მკვლევრებმა მიმართეს მეთოდს, რომელიც ფსიქოლოგიის ბევრ სტუდენტს გარკვეულ ეტაპზე გამოუყენებია: როცა "შემთხვევით" იატაკზე კალმები დაგიცვივდება და აკვირდები, ვინ ეცდება შენს დახმარებას. თუმცა კვლევისას, სანამ კალმების ძირს დაყრას გაითამაშებდნენ, მონაწილეებს ჯერ კითხვარი დაურიგეს, რომელიც მათში ემპათიის დონეს გაზომავდა. შემდეგ მონაწილეებმა წაიკითხეს მოთხრობა და უპასუხეს კითხვებს, რომლებიც კითხვის პროცესში ჩართულობას ეხებოდა: ცხადად შეძლეს თუ არა პერსონაჟების წარმოდგენა? კითხვის დასრულების შემდეგ გაუჩნდათ თუ არა პერსონაჟებზე უფრო მეტის გაგების სურვილი?

ამის მერე კი ექსპერიმენტატორებმა კვლევაში მონაწილეებს უთხრეს, რომ სხვა ოთახიდან რაღაც უნდა შემოეტანათ და, უი, უცებ ექვსი ცალი კალამი დაუცვივდათ. ამან გაამართლა: კალმების აგროვებაში უფრო მეტად ის ადამიანები მიეშველნენ, რომლებმაც უფრო დიდი ემპათია გამოხატეს პერსონაჟების მიმართ და მოთხრობაც მეტად შეიგრძნეს.

ალბათ, დაინტერესდებით, იყვნენ თუ არა უფრო კეთილები ის ადამიანები, რომლებმაც მეტი მზრუნველობა გამოხატეს პერსონაჟების მიმართ — ანუ იყვნენ თუ არა იმ ტიპის ადამიანები, რომლებიც სხვებს დახმარებას შესთავაზებდნენ. კვლევის ავტორებმა ემპათიის ტესტში მათ მიერ აღებული ქულებიც გაითვალისწინეს და აღმოაჩინეს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით ისინი, ვინც მოთხრობა მეტად შეიგრძნეს, შემდეგში მართლაც უფრო ალტრუისტულად მოიქცნენ.

ერთ ექსპერიმენტში ის ადამიანები, რომლებმაც მოთხრობის კითხვისას ამბავი მეტად შეიგრძნეს, შემდეგში უფრო ალტრუისტულად მოიქცნენ.

ფოტო: Getty Images

რა თქმა უნდა, ერთია ექსპერიმენტი და მეორე — რეალობა. სანამ გარკვეულ მიგნებას უფრო ფართო აუდიტორიას მოვარგებდეთ, მიზეზ-შედეგობრიობის საკითხიც უნდა გავითვალისწინოთ: ისიც უნდა დავუშვათ, რომ შეიძლება რეალურ ცხოვრებაში ემპათიური ადამიანები სხვების პირადი ცხოვრებით ინტერესდებიან და სწორედ ამის გამო იტაცებთ მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ეს გამოსაკვლევად სულაც არ არის მარტივი თემა: ემპათიურობის დონის გასაზომად იდეალური კვლევა იქნებოდა, თუ შემთხვევითობის პრინციპით ზოგ მონაწილეს უამრავი რომანის გაცნობას, ხოლო სხვებს მხატვრულ წიგნებზე საერთოდ უარის თქმას ვთხოვდით, მათ წლები დავაკვირდებოდით და შემდეგ შევაფასებდით, იქონია თუ არა რაიმე გავლენა რომანების კითხვამ თანაგრძნობის უნარზე.

ამის ნაცვლად, როგორც წესი, გაცილებით უფრო მოკლევადიანი კვლევები ტარდება. მაგალითად, ჰოლანდიელმა მკვლევრებმა სტუდენტები არჩევანის წინაშე დააყენეს: სთხოვეს, წაეკითხათ გაზეთის სტატიები საბერძნეთში არეულობასა და ნიდერლანდების გათავისუფლების დღის შესახებ, ან კიდევ ნობელიანტი ავტორის, ჟოზე სარამაგუს რომანის სიბრმავე პირველი თავი. ამ თავში სიუჟეტი ასე ვითარდება: მანქანაში მჯდომი კაცი, რომელიც შუქნიშანთანაა გაჩერებული, უეცრად ბრმავდება. მგზავრები მას შინ აცილებენ, ხოლო გამვლელი მანქანის სახლში მიყვანას ჰპირდება, თუმცა, ამის ნაცვლად, ის მანქანას მოიპარავს. როცა კვლევაში მონაწილეებმა პირველი თავი წაიკითხეს, მათში მაშინვე გაიზარდა თანაგრძნობის დონე და ამასთანავე ისიც აღნიშნეს, რომ ამბავმა ემოციურადაც ჩაითრია. ერთი კვირის შემდეგ ემპათიის შესაფასებელ ტესტში უფრო მეტი ქულა აიღეს, ვიდრე მაშინვე, კითხვის დასრულების შემდეგ.

რა თქმა უნდა, იმაზე კამათი შეიძლება, რომ მსგავსი გავლენა მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას არ აქვს — ჩვენ შეგვიძლია თანავუგრძნოთ ადამიანებს, რომლებსაც ახალ ამბებში ვხედავთ და, საბედნიეროდ, ხშირად ასეც ხდება. თუმცა, მხატვრულ ლიტერატურას სამი უპირატესობა მაინც აქვს: მისი საშუალებით ჩვენ პერსონაჟის შინაგან სამყაროს ისეთ სიღრმეზე ვწვდებით და ვეცნობით, როგორც ეს ჟურნალისტიკას არ შეუძლია; გარდა ამისა, ნაწარმოების კითხვისას ჩვენ გამიზნულად არ ვეჭვდებით ინფორმაციის უტყუარობაში და არ ვაყენებთ კითხვის ქვეშ იმის სანდოობას, თუ რას ამბობს ხალხი. საბოლოოდ კი, რომანები საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ ისეთი რამ, რისი გაკეთებაც რეალურ ცხოვრებაში რთულია: გავეცნოთ და მივყვეთ პერსონაჟის ცხოვრებას წლების განმავლობაში.

ფოტო: Getty Images

ამგვარად, კვლევები აჩვენებს, რომ დიდი ალბათობით, მხატვრული ლიტერატურა უბიძგებს ადამიანებს, რომ უკეთ მოიქცნენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი დაწესებულება იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს კითხვის გავლენას ჩვენზე, რომ ლიტერატურის პროგრამებსაც ქმნის. მაგალითად, კალიფორნიის ირვინის უნივერსიტეტში იოანა შაპიროს, საოჯახო მედიცინის დეპარტამენტიდან, მტკიცედ სწამს, რომ მხატვრული ტექსტების კითხვა უკეთეს ექიმებს აყალიბებს, რის გამოც მედიცინის სტუდენტებისთვის ჰუმანიტარული პროგრამა ჩამოყალიბდა.

შესაბამისად, უკვე დროა, დაინგრეს სტერეოტიპი იმ მორცხვ წიგნის ჭიებზე, რომლებსაც თავი სულ წიგნებში აქვთ ჩარგული და თითქოს ყოველდღიურობაში ხალხთან ურთიერთობა უჭირთ: სინამდვილეში, შესაძლოა, ამ წიგნის ჭიებს ადამიანების გაგება იმაზე უკეთ გამოსდიოდეთ, ვიდრე სხვა დანარჩენს.