"მარტო არ ხარ" — Endo Warrior, რომელიც ენდომეტრიოზზე ცნობიერებას ამაღლებს
ტკივილი მენსტრუაციის, ოვულაციის და სექსის დროს, შებერილობა (იგივე ენდო მუცელი), წელის და ზურგის ქრონიკული ტკივილი — ეს ენდომეტრიოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია, რომლებიც ქალებს მსოფლიოს გარშემო აერთიანებს. თუმცა, რადგან მიუჩვეველი ვართ მათზე ყურადღების გამახვილებას და კარგად არ ვიცნობთ ჩვენს ჯანმრთელობას, არც იმას ვაქცევთ ყურადღებას, რას გვეუბნება ჩვენი სხეული.
ჩვენს სხეულში არსებული დისკომფორტის დაიგნორებაში საზოგადოებაც ხშირად "გვეხმარება" ასეთი ფრაზებითა და სახიფათო მითებით: "მენსტრუაციის დროს ტკივილი ნორმალურია", "ორსულობის შემდეგ გაგივლის", "გათხოვდები და გაგივლის", "აბორტი ხომ არ გაქვს გაკეთებული?", "თავისთვის რომ მიგეხედა, არ დაგემართებოდა" და ა.შ. ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზი შესწავლილი არაა და აქედან გამომდინარე, არც მისი თავიდან არიდების გზებია ცნობილი.
ქალების ჯანმრთელობის მიმართ არაკომპეტენტური დამოკიდებულება საუკუნეების პრობლემაა, თუმცა თანამედროვე ქალები და მეცნიერები ყოველდღიურად ცდილობენ ამ პრობლემის გამოსწორებას.
ამ სტატიაში ნათ ნათენაძის უანგარო წამოწყებაზე მოგიყვებით, რომელიც ენდომეტრიოზის დიაგნოზის შემდეგ, უკვე წლებია ათასობით ქალს ეხმარება. ნათი მკითხველს საჭირო ინფორმაციას ონლაინ უზიარებს. მაგალითად, ამ ვიდეოს:
ცოტა ხნის წინ მან პროექტი დაწერა და დროებითი დაფინანსება მიიღო. ის ქალები კი, რომლებიც მის ბლოგს — ცხოვრება ენდომეტრიოზით — ეცნობიან, გაგუას კლინიკაში უფასო კონსულტაციებს იღებენ. ნათი ამ შრომატევად საქმეს ენთუზიაზმით, თითქმის დახმარების გარეშე უძღვება და საკუთარ დროს და ენერგიას სხვა ქალების ცნობიერების ამაღლებას უთმობს.
ცხოვრება ენდომეტრიოზით
Endo Warriors (ენდომეტრიოზთან მებრძოლი) — ასე ჰქვიათ ქალებს, რომლებიც უხილავ, ქრონიკულ დაავადებას ებრძვიან.
როგორც უკვე აღვნიშნე, ენდომეტრიოზი ბოლომდე შესწავლილი არაა, ამიტომ მასზე ყურადღების მიპყრობა და ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილებისა და მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაციის გაზიარება მნიშნელოვანია.
3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნათ ნათენაძემ საკუთარი დიაგნოზის შესახებ გაიგო. როგორც ის ამბობს, დიაგნოზი დაავადების მართვასა და მასზე დაკვირვებაში ეხმარება.
მართალია ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, თუმცა მისი მართვა მაინც შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით, სხვადასხვა ჰორმონებითა და ლაპარასკოპიული ოპერაციით.
მნიშვნელოვანია სწორი გინეკოლოგის შერჩევა, რომელიც თუნდაც ისეთ სიმპტომს, როგორიცაა მენსტრუაციის დროს ტკივილი, ნორმად არ შეხვდება:
"ტკივილი მენსტრუაციის დროს ნორმალიზებულია, მე მაგალითად როდესაც პირველი მენსტრუაცია დამეწყო იმ დროიდან მოყოლებული დარწმუნებული ვიყავი, რომ თვეში ერთხელ ტკივილისგან ისე ცუდადაც შეიძლებოდა გავმხდარიყავი, რომ სასწრაფოს გამოძახება დამჭირვებოდა, მაგრამ ეს მაინც ნორმა იქნებოდა, რადგან "ასეთია ქალის ბედი!" გინეკოლოგი დამეხმარა დიაგნოზის იდენტიფიცირებაში და მუდმივად მეხმარება მის მართვაში".
მარტი ენდომეტრიოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქალი ამ უხილავი დაავადების შესახებ საკუთარ გამოცდილებას ყვება. უცხოური კამპანიების ფარგლებში გავრცელებულ ინფორმაციას მტკივნეული მენსტრუაციისა და ენდომეტრიოზის შესახებ ნათი ორი წლის წინ, ინსტაგრამზე გადააწყდა და აღმოაჩინა, რომ უამრავი ქალი ჩართულია დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში:
"თურმე იმაზე მეტი სიმპტომი აქვს ამ დაავადებას, ვიდრე მე წარმომედგინა. თურმე ბევრნი ვართ".
თანადგომა და უფასო კონსულტაცია
ნათმა ორი წელია რაც ფეისბუქზე ჯგუფი შექმნა, ენდო Gang, რომელიც ენდომეტრიოზის მქონე ქალებს აერთიანებს. დროთა განმავლობაში ჯგუფი მყარ მხარდაჭერის სისტემად ჩამოყალიბდა თითოეული ენდო წევრისთვის იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და მენსტრუაციაზე ღიად არ საუბრობდნენ.
"ძალიან ბევრი ქალი მეხმიანებოდა და მეუბნებოდა, რომ მთელი ცხოვრება ისინიც ჩემსავით ამ ილუზიაში ცხოვრობდნენ და ჩემი დახმარებით აღმოაჩინეს, რომ ტკივილი არ არის ნორმა და არ უნდა მოითმინონ".
კორონავირუსის პარალელურად ექიმებთან მიმართვიანობის რიცხვმა იკლო, პანდემიამ სახლში დარჩენილი ქალების მენტალურ ჯანმრთელობაზეც იმოქმედა და ისედაც ტაბუდადებულ თემებზე ინფორმაციის გავრცელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.
ნათმა, საკუთარი რესურსებითა და ენთუზიაზმით, დაავადების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად აგვისტოში ბლოგის, სახელად ცხოვრება ენდომეტრიოზით, წერა დაიწყო. პროექტს პირველი, თუმცა დროებითი ფინანსური მხარდამჭერი გამოუჩნდა — ქალთა ფონდი საქართველოში. ისეთ ტექნიკურ ხარჯებს, როგორიცაა ბლოგის დომენი, ჰოსტინგი და ა.შ. ნათი დამოუკიდებლად ფარავს.
ბლოგის შექმნის შემდეგ კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ კომპეტენტური სპეციალისტების მხრიდან სამედიცინო დახმარების გაწევა უმნიშვნელოვანესი იყო. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ნათის ჩართულობით ბლოგის ვიზიტორებს თინა გაგუას გუნდის წევრები უფასო კონსულტაციებს უწევენ. პროექტი ცხოვრება ენდომეტრიოზით ამ სერვისით უზრუნველყოფს ქალებს როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე ემიგრანტ ქალებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.ნათი ამბობს, რომ საჯაროდ საუბრით საკუთარ თავსაც დაეხმარა და მის გარშემო უამრავ ქალსაც:იშვიათ შემთხვევებში ენდომეტრიოზი, შესაძლოა, უშვილობის მიზეზი იყოს. აშშ-ს კვლევებით, ენდომეტრიოზი 15-დან 44 წლამდე ქალების 11%-ს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მინიმუმ ყოველ მეათე ქალში გვხვდება.
Endo Warriors
როცა საქმე ქალთა ჯანმრთელობას ეხება, ინფორმაციის გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქალები, რომლებიც დაავდების წინააღმდეგ მებრძოლებად გვევლინებიან, ერთმანეთის ცნობიერების ამაღლებაზე სხვადასხვა გზით ზრუნავენ.
ნათი ახლა აქტიურად ადევნებს თვალს ბრიტანელ, ავსტრალიელ და ამერიკელ ენდო ბლოგერებს. მათ ცხოვრებას და იმ მეთოდებს, რომლებითაც ისინი დაავადებას მართავენ; ინფორმაციას — რომელზეც აკეთებენ აქცენტს; სერვისებს — რომლებიც ხელმისაწვდომია მათ რეგიონებში; კვების რაციონს — რომელიც დაავადების სიმპტომების შემცირებაში ეხმარებათ და ა.შ.
"ყველაზე საინტერესო ამ პროცესში ენდომეტრიოზის მქონე სხვა ქალების და მათი გამოცდილების გაცნობაა, რადგან ყველაზე მეტს ჩემი სხეულისა და ამ დაავადების შესახებ სხვა ქალების გამოცდილებისგან ვსწავლობ — ვინ როგორ უმკლავდება ტკივილს, ვინ რა ჰიგიენურ თუ გამაყუჩებელ პროდუქტებს მოიხმარს და ა.შ. ეს ინფორმაცია ყველაზე დიდი განძია, რომლის შექმნაც მხოლოდ ქალების გაერთიანებას შეუძლია", — ამბობს ნათი.
ზოგჯერ დამღლელია მხოლოდ საკუთარი ენთუზიაზმით საქმეების კეთება, განსაკუთრებით სამუშაო დღის ბოლოს, როცა, როგორც წესი, დასვენება, გართობა და პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლება გვინდა. ნათს ასეთ დროს მოტივაციას იმ ქალების მესიჯები აძლევს, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ გაიგეს ენდომეტრიოზის შესახებ:
"ისინი, ვინც გამოვიდნენ გინეკოლოგის კაბინეტიდან დაბნეულები, ენდომეტრიოზი დაგუგლეს, ჩემს ბლოგზე მოხვდნენ და იქიდან გაიგეს ისეთი რაღაცები, რაზეც მანამდე წარმოდგენა არ ჰქონდათ და რის დასაწერადაც დიდხნიანი კვლევა, ბევრი სტატიის წაკითხვა, თარგმნა და გაერთიანება დამჭირდა. თუმცა, ამ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და ვიღაცას თუნდაც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაეხმარა".
რა სიტუაციაა საქართველოში
რედმედის, გაგუას და მიზოუნის კლინიკების სპეციალისტი და გინეკოლოგი სოფიო ბოჯგუა ამბობს, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ენდომეტრიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა, მისი არსებობის შესახებ ბევრმა ქალმა არ იცის.
ის დასძენს, რომ საქართველოში ენდომეტრიოზი უშვილობის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. ენდომეტრიოზის დროს უნაყოფობის მიზეზებია:
- შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში;
- პროსტაგლანდინების მომატებული კონცენტრაცია, რაც თრგუნავს ოვულაციას, უარყოფითად ცვლის ფალოპის მილების პერისტალტიკას, ზრდის საშვილოსნოს კუნთოვანი შრის კუმშვადობას, აფერხებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ენდომეტრიუმში ჩანერგვის პროცესს;
- პერიტონეალური მაკროფაგების ჭარბი კონცენტრაცია, რაც ანადგურებს სპერმატოზოიდებს მენჯის ღრუში, ეს კი, ბუნებრივია, განაყოფიერების ალბათობას ამცირებს.
ექიმის სიტყვებით, სამწუხაროდ, გინეკოლოგებთან შემოწმებაზე დროულად არ მიდიან, ხოლო პუბერტატული ასაკიდან მენსტრუაციის მტკივნეულ ეპიზოდსა და ჭარბ სისხლდენას ნაწლავებს აბრალებენ. სოფიო ამბობს, რომ მენსტრუაციის დრო მსუბუქი, სპაზმური ხასიათის ტკივილი ნორმალურია, თუნცა ზემოთაღნიშნული სიმპტომების დროს გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
"მნიშნვნელოვანია დროულად გამორიცხვა ენდომეტრიოზის, ვინაიდან მისი მართვა ადრეულ ეტაპზე უფრო მარტივია და ამასთანავე პაციენტს ბევრ შემდგომ პრობლემასაც ააცილებს თავიდან, რომ არაფერი ვთქვათ მუდმივ ტკივილზე და დისკომფორტზე", — ამბობს სოფიო. ენდომეტრიოზის დროს მენჯის ტკივილი (მათ შორის დისმენორეა და დისპარეუნია) ქრონიკულ ხასიათს ატარებს.
ენდომეტრიოზი ხშირად პაციენტებში მძიმე ფორმებითაც მიმდინარეობს. მათ პრობლემა ექმნებათ ყოველდღიურობაში, მტკივნეული სექსის გამო კი ზოგჯერ ისინი სექსის სურვილსაც კი კარგავენ.
ფაქტები ენდომეტრიოზზე
რა არის ენდომეტრიოზის მთავარი სიმპტომები?
კვლევაში სადაც ენდომეტრიოზის მქონე 600-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, გამოვლინდა ენდომეტრიოზის ასოცირებული შვიდი სიმპტომი, ესენია:
- მუცლის ტკივილი მენსტრუაციამდე და მენსტრუაციის დროს;
- შარდვისა და დეფეკაციის დროს ტკივილი;
- ყაბზობა ან დიარეა;
- არარეგულარული სისხლდენა;
- გულისრევა ან ღებინების შეგრძნება;
- დაღლილობა ან ენერგიის ნაკლებობა.
- ტკივილი სექსის დროს. ხანდახან ამ ტკივილს წვის შეგრძნებაც ახლავს და გენიტალიების საპროექციოდ გავრცელება.
როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა?
სოფიო ბოჯგუა ამბობს, რომ ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია. ზოგჯერ ექიმებს უჭირთ მისი დიფერენცირება მცირე მენჯის ღრუს ტკივილით მიმდინარე სხვა დაავადებებისგან, როგორიცაა საკვერცხის ცისტა, მცირე მენჯის ღრუს ანთება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ. ამ უკანასკნელის დროს ქალებს მუცლის ღრუში ძლიერი სპაზმური ტკივილი აღენიშნებათ დიარეასთან ან ყაბზობასთან ერთად. აღსანიშნავია რომ ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ენდომეტრიოზის პარალელური მიმდინარეობა.
გინეკოლოგის სიტყვებით, "ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა იწყება პაციენტის ცხოვრების ანამნეზის სწორად და გულდასმით შეკრებით, შემდეგ კეთდება ულტრაბგერა, ლაპარასკოპია, რენტგენოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა, კოლპოსკოპია, პელვიოგრაფია (მენჯის ღრუს დათვალიერება)".
The American Society for Reproductive Medicine-ის მიხედვით "ენდომეტრიოზი უნდა განიხილებოდეს, როგორც ქრონიკული დაავადება რომელიც მოითხოვს მთელი ცხოვრების მანძილზე მართვის გეგმას". სოფიო დასძენს, რომ მკურნალობის შერჩევა ინდივიდუალურია და ითვალისწინებს პაციენტის ცხოვრების ანამნეზის (ტკივილი, უნაყოფობა) სიმძიმეს, ენდოემეტრიოზის ზომას, ადგილმდებარეობასა და გავრცელებას. პაციენტის რეპროდუქციულ სურვილებს, ასაკს, კონკრეტული მედიკამენტის გვერდით მოვლენებს.
ენდომეტრიოზის მკურნალობაში შედის კონსერვატიული და ქირურგიული ჩარევა, იგივე ლაპარასკოპია. "თუმცა ხშირად შესაძლოა დაგვჭირდეს კომბინირებული მიდგომაც", — ამბობს ის.
სოფიო საქართველოში არსებულ სტატისტიკასაც იშველიებს და ამბობს, რომ ენდომეტრიოზის მქონე 1000 ქალის კვლევის დროს, დაახლოებით 80%-ს აქვს ტკივილი, 25 პროცენტს უშვილობის პრობლემა და 20 პროცენტს — ენდომეტრიომა.
კომენტარები