ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ ვაქცინებიდან, რომლებიც მომავალში რეგისტრაციას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას ელოდებიან, 1,7 მილიონი დოზა უკვე დაჯავშნილი აქვთ. როგორც მინისტრმა რადიო თავისუფლებას უთხრა, აღნიშნული ვაქცინები COVAX პლატფორმის მიღმა დაჯავშნეს.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მათ იციან, თუ რომელი ვაქცინები მიიღებენ აღიარებას როგორც მკაცრი მარეგულირებლების, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან.

"ერთ-ერთ მწარმოებელთან გვაქვს დაკვეთილი მილიონი დოზა. გვაქვს კიდეც ორ მწარმოებელთან მოლაპარაკება 100-100 ათას დოზაზე და დამატებით 500 ათას დოზაზე. ანუ ჯამური რაოდენობა მილიონ 700 ათასი დოზის ჩვენ მომავალი პერიოდისთვის, COVAX პლატფორმის მიღმა, გვაქვს დაჯავშნილი. ისევ მინიშნებით შევეცდები შემოვიფარგლო, რომ ეს არის ის ვაქცინები, რომლებიც მარტის და აპრილის თვეში ელოდება უკვე რეგისტრაციას და აღიარებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან", — განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 200 ათას დოზაზე, რომელსაც ორი მწარმოებელი ჰყავს, კონტრაქტი ხელმოწერილია და ჯანმოს აღიარებას ელოდებიან, რათა ქვეყანაში შემოვიდეს.