პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის კლების გამო რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოაცხადა. შესაბამისი დოკუმენტი გამოცემა ტაბულამ გაავრცელა, რომლის ნამდვილობაც არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ On.ge-ს დაუდასტურა.

როგორც პირველი მარტით დათარიღებულ დოკუმენტშია აღნიშნული, არხის ეფექტურად მუშაობისთვის უნდა გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია. რეორგანიზაცია 10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს.

არხის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, კომპანიას სტრუქტურული რეორგანიზების საჭიროება ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში დაინახეს, რისი მიზეზიც ბევრი იყო, მათ შორის ის, რომ რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა არხი დატოვა.

"პერმანენტულად ვიყავით იმ მდგომარეობაში რომ ლოკალური, იმწუთიერი ამოცანები გადაგვეჭრა. მაგალითად, დროულად აგვემუშავებინა საინფორმაციო სამსახური, ფაქტობრივად, ახალი შევქმენით და ავაწყვეთ არხი. ფაქტობრივად, თავიდან შევქმენით გასართობი გადაცემები, თითო-ოროლა გადაცემის გარდა. საკმაოდ დიდი შრომა დაგვჭირდა 2019 წლის შემოდგომაზე. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ პოლიტიკური თოქ-შოუები გავიდა 2020 წლის შემოდგომაზე. მერე იყო საარჩევნო პერიოდი, არავის ეცალა და არც იყო შესაბამისი პერიოდი, რომ რეორგანიზებაზე გვეფიქრა", — ამბობს პაატა სალია.

მისივე თქმით, ერთი თვის ვადაში, ალბათ, ახალ სტრუქტურას შექმნიან და ადამიანური რესურსიც ამას მოერგება. თუმცა სალია აღნიშნავს, რომ მასობრივი დათხოვნებს ადგილი არ ექნება.

"არ გვაქვს ეს განზრახვა, რომ ადამიანები სახლში გავუშვათ. აქ საუბარია იმაზე, რომ უფრო ეფექტურად იქნეს გადანაწილებული რაღაც პროცესები და ადამიანებმა შეასრულონ გარკვეული ამოცანები ისე, რომ ნაკლებ ფინანსურ დანახარჯთან, რომელსაც აქამდე ვწევდით, მივიღოთ უკეთესი შედეგი", — ამბობს არხის გენერალური დირექტორი.

როგორც იგი აღნიშნავს, არის ბევრი ნიუანსი, რაც გავლენას ახდენს შემოსავლებზე და სურთ, რომ არხი მეტად ეფექტური იყოს:

"ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ და ასეთი ამოცანა გვაქვს დასახული და იმედი გვაქვს, რომ ამ შედეგს მივაღწევთ".

რაც შეეხება გადაცემებს, სალიას თქმით რეიტინგულ გადაცემებს ისინი არ შეეხებიან, თუმცა სურთ გასართობი სეგმენტისა და პოლიტიკური გადაცემების დამატება.

2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არხი ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმიც გააუქმა. სწორედ ამ მექანიზმის გამო ვერ გადაიფორმა 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2.

არხიდან წავიდნენ მაშინდელი დირექტორი ნიკა გვარამია და ჟურნალისტების ნაწილი — მათ ახალი ტელევიზიები, მთავარი არხი და ფორმულა შექმნეს.