პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი უნდა შედგეს. მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ დიალოგისთვის კარი ფართოდ გააღო.

რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, დეპუტატს მიაჩნია, რომ ეს "ექსტრემისტი ჯგუფის მიერ" შექმნილი ხელოვნური დაძაბულობაა, რომელსაც განმუხტვა სჭირდება.

"ამ განმუხტვის პროცესში, მნიშვენელოვანია, რომ ყველა სიტყვას ჰქონდეს თავისი სწორი მნიშვნელობა. მე მაგალითად ვერ ვხვდები, ვის უნდა შევურიგდე და რაზე უნდა შევურიგდე, მაგრამ ის რომ დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ. დიალოგის კარი ქართულმა ოცნებამ რომ გააღო ფართოდ, ეს კარი კვლავ ღიაა", — აღნიშნა წულუკიანმა.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს. მელიას გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია უარს ამბობს მთავრობასთან დიალოგზე და საპროტესტო აქციებს მართავს.

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.