სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის წინსვლისთვის დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ვითარების დეესკალაცია და მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების დაწყება.

მათი თქმით, ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობა აუცილებელია და პოტენციურ ვადამდელ არჩევნების საკითხზე შეთანხმებასთან ერთად, ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც ქვეყანას განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, უზრუნველყოფს დაბალანსებისა და გაწონასწორების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც მომავალში სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევას გამორიცხავს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუქცევადს გახდის.

სამოქალაქო სექტორის განცხადებით, კრიზისიდან გამოსავლის მიზნით რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაა მნიშვნელოვანი, კერძოდ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, რეალური საარჩევნო რეფორმის გატარება, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, ოპოზიციისთვის პოლიტიკურ პროცესზე გავლენის გარკვეული ბერკეტების გადაცემა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმის ჩატარება.

"ვფიქრობთ, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად ამ საკითხების უმოკლეს ვადებში ფართო ჩართულობით გადაჭრა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესებშია. აუცილებელია ოპოზიციის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესსა და რეფორმებში მინიმუმ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს და ამით გზას გაუხსნის, საზოგადოების სრული კონსოლიდაციით ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს", — აცხადებენ ისინი.

არასამთავრობო სექტორის განცხადებით, მომავალში საქართველოში დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს, რათა სახელმწიფო სათანადოდ გაუმკლავდეს ეგზისტენციურ გამოწვევებს.