როგორ და რატომ ქმნიან მწერლები წარმოსახვითი სამყაროების რუკებს
წიგნების — განსაკუთრებით კი, ფენტეზის ჟანრის — მოყვარულისთვის ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება ყდის გადაშლისას რუკის აღმოჩენაა. მწერლის რუკა სრულიად წარმოსახვით სამყაროზე მიგვანიშნებს. წიგნის დასაწყისში რუკა დაპირებაა, წიგნის შუაში — გიდი და ორიენტირი, წიგნის ბოლოში კი ყველა იმ ადგილის შეხსენება, რომელიც სიუჟეტმა მოგანახულებინა.
წიგნი, მწერლის რუკა, იმ ათობით ჯადოსნურ რუკას აერთიანებს, რომელიც მწერლის მიერ შექმნილი ადგილების ილუსტრაციებს წარმოადგენს. "ყველა რუკა ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია", — წერს წიგნის რედაქტორი, ჰიუ ლევის–ჯოუნსი, — "ზოგიერთი მწერლისთვის რუკის გაკეთება ამბის შეთხზვისთვისა და გადმოცემისთვის უმთავრესი მნიშვნელობისაა".
ჩვენთვის ცნობილი პირველი წიგნი, რომელსაც წარმოსახვითი ადგილის რუკა ერთვოდა, ტომას მორის 1516 წელს გამოცემული უტოპია არის. დღეისთვის ყველაზე ცნობილი ფენტეზი ატლასების სიაში კი ისეთი ჯადოსნური ადგილების რუკები შედის, როგორებიცაა შუახმელეთი, ზღაპრული ნარნია და ვინი პუჰის ტყე.
მაგრამ უშუალოდ წიგნებზე დართული რუკების გარდა, არსებობს მწერლების მიერ წერისას შექმნილი ნახაზებიც, რომლებიც შემოქმედებითი პროცესის საიდუმლოებებს ხდიან ფარდას. სწორედ ასეთ რუკებს შორისაა თავად ტოლკინის მიერ რვეულის ფურცელზე დახაზული მორდორი, კლაივ ლევისის ჩანახატები, დევიდ მიჩელის გამოუქვეყნებელი რუკები და ჯეკ კერუაკის მიერ განვლილი იმ მარშრუტის რუკა, რომელიც მან წიგნში, გზაზე, აღწერა (ეს უკანასკნელი განსხვავებული ტიპის ფანტაზიის ნაყოფი კია, მაგრამ არანაკლებ მომხიბვლელი გახლავთ).
ლიტერატურული რუკებიდან ერთ-ერთი გამორჩეული განძის კუნძულის გახლავთ. "ეს ერთ–ერთი ყველაზე საკულტო ლიტერატურული ატლასია", — წერს ლევის-ჯოუნსი. რობერტ ლუი სტივენსონმა ეს რუკა პირველად 1881 წელს, თავისი გერის გასართობად დახაზა. მასზე აღნიშნული წითელი იქსი ჩამარხული განძის ადგილმდებარეობაზე მიუთითებდა.
ამ რუკამ მწერლების თაობებს აღუძრა კარტოგრაფიული ინტერესი. მსგავსი გამოცდილება რუკების მოყვარულ მწერლებს შორის ერთობ ხშირია: ერთი წიგნის რუკა მეორეს აჩენს. წიგნის, როგორ მოვარჯულოთ დრაკონი, ავტორი, კრესიდა კოუელი ერთ-ერთ თავის ესეში წერს, თუ როგორ შთააგონა ბავშვობაში ბრონტეების მიერ დახატულმა რუკებმა: "ისინი პატარა, ლამაზ წიგნებში იყო ჩახაზული, რომლებიც ცალკე აღებულებიც გასაოცარნი იყვნენ, რადგან ტექსტი მათში იმდენად პაწაწინა ასოებით იყო გამოყვანილი, თითქოს, თაგვებს დაუწერიათო".
ბევრი მწერლისთვის რუკის შექმნა ისეთი საქმიანობაა, რომელიც მას თავისი ნაშრომის სამყაროში კიდევ უფრო მეტად ითრევს. "ყოველთვის ხატვით შემყავდა ჩემი თავი სიუჟეტებში", — წერს აბი ელფინსტოუნი, სიზმრის ქურდის ავტორი, — "ყოველი ამბის წერას რუკის დახატვით ვიწყებ, რადგან სიუჟეტი მხოლოდ მაშინ იღებს სათავეს, როდესაც პერსონაჟები ერთი ადგილიდან მეორეში იწყებენ გადაადგილებას".
მიჩელი თავის წიგნებში რუკებს არ ბეჭდავს, მაგრამ ისინი მას წერის პროცესისას სჭირდება. "თუ პერსონაჟის მთაზე ასვლას აღვწერ, უნდა ვიცოდე, რას გადაეყრება ის მწვერვალამდე მისაღწევ გზაზე", — ამბობს მიჩელი.
თუმცა რუკების შექმნა, ყველაფერთან ერთად, გასართობიცაა. ამის დასტურად, მისი ბნელი საწყისების ავტორი, ფილიპ პულმანი აღნიშნავს, რომ: "წერა მძიმე სამუშაოა, ხატვა კი — ნამდვილი მხიარულება. სიუჟეტისთვის რუკის დახატვა ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს და გაფერადებაც გახალისებს".
"ტოპოგრაფიაზე ოცნება სიუჟეტისა და პერსონაჟების განვითარებისთვის საჭირო მძიმე ფიქრისგან გათავისუფლებს", — აღნიშნავს მიჩელი.
"რუკების შექმნა ამბის თხრობის ერთ-ერთი ყველაზე გამათავისუფლებელი და აღმაფრთოვანებელი ნაწილია", — ამბობს ელფინსტოუნი.
თუმცა რუკის შექმნას თავისი სირთულეებიც აქვს. ფრენსის ჰარდინგი, საბავშვო წიგნების ბრიტანელი მწერალი, გვიყვება ერთ პრობლემაზე, რომელსაც თავის წიგნში აღწერილი კუნძულისთვის რუკის შექმნისას გადაეყარა: "კუნძულის მოხაზულობა ჩიტისთავიან, გრძელთითებიან ორფეხა ცხოველს უნდა მგვანებოდა". ამ ადგილის რუკაზე გადმოტანის პირველმა მცდელობამ უბრალოდ ვერ გაამართლა. "ისეთი რაღაცის დახატვა, რაც ერთდროულად ადამიანი-ჩიტის ჰიბრიდსაც ჰგავს და ავთენტურ ხმელეთსაც, იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ", — ურთავს ის.
ჰარდინგი წერს, რომ ზოგჯერ მის მიერ შექმნილი სამყაროები შეუძლებელია, რუკაზე გადმოიცეს, თუმცა მსგავსი ადგილების აღმწერი ამბებიც კი თავად ქმნიან რუკებს მკითხველის გონებაში. "წარმოსახვით ადგილებს შეუძლიათ, ახალი რაღაცები აღმოგვაჩენინონ", — წერს ლევის-ჯოუნსი. რუკა ეხმარება მკითხველს ან მწერალს, იმ წარმოსახვითი სამყაროს შესახებ ჩამოიყალიბოს შეხედულება, რომლის საზღვრებიც მხოლოდ ფანტაზიის ჩარჩოებითაა შეზღუდული.
კომენტარები