სანამ საბჭოთა რეპრესიები ქართულ ავანგარდს იმსხვერპლებდა — ფოტოები
00წაკითხვა00კომენტარი00გაზიარება
25 თებერვალს ონლაინფესტივალი Georgia’s Fantastic Tavern - Where Europe Meets Asia დაიწყო, რომელიც მწერალთა სახლის ორგანიზებით იმართება და ინგლისურენოვანი პუბლიკისთვის საქართველოს კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ეს ფესტივალი ძირითადად ლიტერატურული შინაარსისაა და 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად ტარდება.
ამასთან დაკავშირებით ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian სპეციალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც თავის საერთაშორისო მკითხველს ქართული კულტურისა და იმ ხელოვანების შესახებ მოუთხრობს, რომლებიც მოგვიანებით საბჭოთა ცენზურისა და ტერორის, შემდეგ კი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.
როცა რუსეთის მონარქიის დამხობის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკამ 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქართული მოდერნისტული ხელოვნების აღმავლობის ხანა დაიწყო. ამ ფოტოზე ვხედავთ გიგო გაბაშვილს (ცენტრში) სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად.
ელენე ახვლედიანი (მარცხნიდან მეორე) ქართულ მოდერნისტულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ქალი ფიგურა იყო. პარიზში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ (ლადო გუდიაშვილთან და დავით კაკაბაძესთან ერთად), სამშობლოში დაბრუნება და საბჭოთა რეჟიმში ცხოვრება მოუწია, რომელიც 1921 წელს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ დამყარდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა, რომ თავის შემოქმედებაში ინდივიდუალური სტილი შეენარჩუნებინა.
დავით კაკაბაძე ქართულ ავანგარდისტულ მხატვრობაში წამყვანი ხელოვანი იყო და ამავდროულად პიონერი ფოტოგრაფიასა და კინემატოგრაფიაში.
მარცხნიდან მარჯვნივ: მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის დაარსებაში. ის 1937 წლის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა; მიხეილ ჭიაურელმა ნოვატორული ფილმების გადაღებით დაიწყო კინორეჟისორის კარიერა, თუმცა 1940-იან წლებში სტალინისტური პროპაგანდის შემცველი ფილმების შექმნა მოუწია; ქეთევან მაღალაშვილი იმ დროის მნიშვნელოვანი ფერმწერი-პორტრეტისტი იყო; ცენზურის გამო ლადო გუდიაშვილის მოდერნისტულ ხელოვნება იზღუდებოდა, თუმცა ის სტალინის რეჟიმის ქვეშაც ახერხებდა თავისი ხელწერის შენარჩუნებას.
ნიკო ფიროსმანი ნახატი ხილის გამყიდველი თათარი ბიჭი.
წინ სხედან: ვასილ ბარნოვი (მწერალი), გიორგი ლეონიძე (პოეტი), იაკობ ნიკოლაძე (მოქანდაკე) და თამარ აბაკელია (მოქანდაკე და თეატრის მხატვარი). უკან დგანან: კირილ ზდანევიჩი (მხატვარი), ვალერიან გაფრინდაშვილი (პოეტი), პაოლო იაშვილი (პოეტი) და ტიციან ტაბიძე (ცისფერყანწელების სახელოვანი წევრი). ეს ფოტო 1924 წელსაა გადაღებული. კირილ ზდანევიჩი და მისი ძმა, ილია, ქართული ავანგარდის გულში იყვნენ: ისინი ხატავდნენ, წერდნენ და სხვა მომიჯნავე სფეროებშიც სცდიდნენ თავიანთ ნიჭს.
კირილ ზდანევიჩის მიერ თეატრალური დადგმისთვის შექმნილი სცენის დიზაინი.
ელენე დარიანი, იდუმალებით მოცული პოეტი, რომელსაც საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა პაოლო იაშვილთან და ამავდროულად ფსევდონიმით გამოქვეყნებული 14 ეროტიკული პოემის ავტორია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იაშვილის სახელს მიეწერებოდა.
ნიკო ფიროსმანის ნახატი ვირის ხიდი.
ცისფერყანწელების სახელოვანი წევრები 1916 წელს: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. ეს უკანასკნელი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა.
მიხეილ ჯავახიშვილი მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული რომანისტი და მოთხრობების ავტორია, რომელიც ასევე 1937 წელს დახვრიტეს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფი სახალხო გვარდია 1918-21 წლებში.
ქართველი ჯარისკაცები, თბილისი, 1918-21 წლები.
წითელი არმიის შეჭრა თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი.
კომენტარები