დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ექიმებს მკაცრი პოზიცია აქვთ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებას "დაახლოებით" ეთანხმება, თუმცა "ამირან გამყრელიძის პოზიცია არის უფრო მკაცრი ყოველთვის".

"მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭო არსებობს იმისთვის, რომ იქედან კოორდინირებული და ბალანსირებული გადაწყვეტილება გამოდის. ჩვენ, ექიმები და განსაკუთრებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ უფრო მკაცრი და რადიკალური ამ თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ რეკომენდაცია დღეს არის და იყო, რომ ეს მოხდეს ეტაპობრივად, ყველაფერი. დაახლოებით ამ ტიპის გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენ უფრო რადიკალური ვიყავით", — განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პირველად ესწრებოდა ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რიგი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მოლებისა და ბაზრობების მუშაობის აღდგენა შაბათ-კვირას, რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა, საბავშვო ბაღების ფუნქციონირების აღდგენა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოქმედება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების შემსუბუქება, ჯერ კიდევ პრემიერმინისტრის პოსტზე დამტკიცებამდე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას დააანონსა.

"თქვენს მიერ დაყენებული საკითხებიდან 80% შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილი იქნება. ეს შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების გათვალისწინებით და მჭიდრო კოორდინაციით", — ასე უპასუხა მან დეპუატატების კითხვებს შეზღუდვებთან დაკავშირებით.

გაიგეთ მეტი: