მალავს თუ არა საიდუმლოს ყოვლისმხედველი თვალის სიმბოლო?
როგორ იქცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გამოსახულება – სამკუთხედში მოთავსებული თვალი – შეთქმულების თეორეტიკოსების განტევების ვაცად? ჟურნალისტი მეთიუ უილსონი ამ ორაზროვანი სიმბოლოს ისტორიას მოგვითხრობს.
შეთქმულების თეორიები ხშირად დაშიფრულ სიმბოლოებსა და დაფარულ ვიზუალურ ნიშნებს ემყარება. ყოვლისმხედველი თვალი ერთ-ერთი ასეთი სიმბოლოა, რომელსაც მასონებს უკავშირებენ და ასევე აპოკრიფულ ილუმინატების გაერთიანებასაც — ელიტის წარმომადგენელთა საიდუმლო ჯგუფი, რომელიც თითქოს სამყაროზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.
ყოვლისმხედველი თვალი შეთქმულების თეორეტიკოსებისათვის განტევების ვაცია, რადგან ის თითქოს ყველგანაა დამალული, მაგრამ თან ძალიან თვალშისაცემია: ეს სიმბოლო არა მარტო მთელი მსოფლიოს გარშემო უამრავ ეკლესიასა თუ მასონურ შენობაში გვხვდება, არამედ იგი ასევე გამოსახულია ამერიკული ერთდოლარიანის უკანა მხარეს ამერიკის გერბთან ერთად.
სიმართლე რომ ვთქვათ, საკმაოდ უცნაური და უჩვეულო გადაწყვეტილებაა, რომ ის ამერიკის სახელმწიფო სიმბოლოდ შეარჩიეს. უსხეულო თვალი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი სახით ავტორიტარული დიდი ძმა გვიმზერს. მის ქვეშ მოთავსებულ პირამიდასთან კომბინაციით კი უძველეს ეზოტერიკულ კულტს მოგვაგონებს. მაინც საიდან იწყება ყოვლისმხედველი თვალის წარმოშობა, რატომ იწვევს ჩვენში ასეთ დიდ ინტერესს და საიდან დაუკავშირდა ეს სიმბოლო მასონებსა და ილუმინატებს?
თავდაპირველად ყოვლისმხედველი თვალი ქრისტიანული სიმბოლო იყო, რომლის ადრეულ ნიმუშებსაც ვხვდებით რენესანსის დროინდელ რელიგიურ ნახატებში, სადაც ეს სიმბოლო ღმერთს გამოხატავს. ერთ-ერთი ასეთი ნახატია პონტორმოს მიერ 1525 წელს შექმნილი სერობა ემაუსში, რომელზეც ეს სიმბოლო მოგვიანებით, სავარაუდოდ, 1600-იან წლებშია მიხატული.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ამ სიმბოლოს წარმომავლობის შესახებ მოგვითხრობს, 1593 წელს გამოქვეყნებული სიმბოლოების წიგნია, სახელწოდებით Iconologia (იკონოლოგია). ამ წიგნის უფრო გვიანდელ გამოცემებში ყოვლისმხედველი თვალი მოხსენიებულია, როგორც განსახიერება "ღვთაებრივი ჭვრეტისა", ანუ ღმერთის გულმოწყალებისა. როგორც სიმბოლოს სახელწოდება და მისი ადრინდელი მნიშვნელობა გვეუბნება, ის ღმერთის მიერ კაცობრიობის მიმართ გამოჩენილი გულმოწყალე ყურადღების აღსანიშნავად შეიქმნა.
ფესვები წარსულში
ზუსტად არავინ იცის, თუ ვინ შექმნა ეს სიმბოლო, თუმცა ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, აშკარაა, რომ უკვე არსებული რელიგიური მოტივები გამოიყენა. სამკუთხედი დიდი ხნის განმავლობაში აღნიშნავდა ქრისტიანულ სამებას: მამის, ძისა და სულიწმინდის ერთობლიობას. გასულ საუკუნეებში ღმერთს ზოგჯერ სამკუთხედის ფორმის შარავანდედითაც გამოსახავდნენ. სინათლის სხივები, რომლებსაც ხშირად სიმბოლო ასხივებს, ასევე ქრისტიანულ იკონოგრაფიაში მანამდე არსებული სიმბოლოა, რომელიც ღმერთის ბრწყინვალებას გამოხატავს. თუმცა, საიდან იღებს სათავეს ეს მისტიკური უსხეულო თვალი? ღმერთი მრავალი ფარული გზით მანამდეც გამოუსახავთ, მათ შორის, ღრუბლიდან გამოწვდილი ცალი ხელის სახით, მაგრამ არა, როგორც თვალი.
სიმართლეს აცდენილი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ცალკე გამოსახული თვალი თავისთავად გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს — ის გამოხატავს ძალაუფლებას, ხოლო მნახველს აგრძნობინებს, რომ მას უყურებენ. ამ შედეგის მიღწევის მცდელობას ბუნებაშიც ვხვდებით: ზოგიერთ ცხოველს სხეულზე თვალის მსგავსი ლაქები აქვს, რაც მტაცებლებს აფრთხობს. სიურრეალისტმა ფოტოგრაფმა მენ რეიმ შესანიშნავად შეაჯამა უსხეულო თვალის იდუმალება, როდესაც მან რენე მაგრიტის ნახატის ყალბი სარკე (1929) შეფასებისას თქვა, რომ ის "ისევე ხედავს, როგორც მას ხედავენ".
თუმცა თვალის სიმბოლოს უფრო ღრმა ისტორია აქვს, რომელსაც ყველაზე ადრეულ რელიგიებთან მივყავართ. ქრისტეშობამდე მესამე ათასწლეულში შუმერები გარკვეული ქანდაკებების სიწმინდეს მათი თვალების ანომალიურად გაზრდით გამოხატავდნენ, რათა მოვალეობრივი სიფხიზლის შეგრძნება გაეძლიერებინათ. ისინი ცერემონიებსაც კი მართავდნენ, სადაც ხელოვანები ქანდაკებებს მათი თვალების "გახელით" აცოცხლებდნენ.
თუმცა, ძველი ეგვიპტელები იყვნენ ისინი, ვისაც უსხეულო თვალის, როგორც იდეის, შექმნა უკავშირდება: მაგალითად, სარკოფაგზე დახატული თვალები გარდაცვლილს საშუალებას აძლევდა, იმქვეყნადაც დაენახა. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგვიპტური სიმბოლო გახლავთ ჰორუსის თვალი.
ამ სიმბოლოს გამოსახულება რეალურად ადამიანისა და შევარდენის თვალის ჰიბრიდია, რომელიც ფრინველის მუქ წარბსა და ღაწვის ნაწილებს აერთიანებს. უძველესი ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით, მეფე-ღმერთ ჰორუსს (ხშირად გამოსახავდნენ როგორც შევარდენს ან მხოლოდ ამ ფრინველის თავს) ბრძოლაში თვალები ამოაცალა მისმა ბიძამ — ომის ღმერთმა სეთმა. მოგვიანებით ღვთაება თოთის დახმარებით მან ისინი აღიდგინა. სწორედ ამის გამო ჰორუსის თვალი დამცავი სიმბოლო გახდა, რომელსაც ხშირად თილისმად იყენებდნენ: ისეთი პატარა ნაკეთობა, რომლის ჯიბით ტარებაც ადამიანისთვის ადვილი იყო და ასე ღვთიურ მფარველობას გრძნობდა.
ამ და ადამიანისგან გამოცალკევებული, უსხეულო თვალის სხვა ეგვიპტურმა იეროგლიფებმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ იკონოგრაფიაზე რენესანსის ეპოქაში. ამ პერიოდში სწავლულები და ხელოვანები აღფრთოვანებულნი იყვნენ ეგვიპტური დამწერლობით. თუმცა, მათ ბოლომდე არ ესმოდათ ის და მისი თარგმნის მცდელობები ძირითადად სავსე იყო უზუსტობებით. ერთ-ერთი ასეთ ყველაზე ცნობილ შემთხვევას ვაწყდებით 1499 წელს გამოცემულ რომანში, სახელწოდებით პოლიფილოს სიზმარი, სადაც ეგვიპტური თვალის სიმბოლო გადმოთარგმნილია როგორც "ღმერთი".
თარგმანში დაკარგული
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგვიპტური იეროგლიფების ორიგინალი მნიშვნელობის არსებითად არასწორად გაგებამ შემდგომში ბევრ რამეს ასევე მცდარი საფუძველი შეუქმნა. დღესდღეობით უკვე ვიცით, რომ იეროგლიფები ძირითადად ფონეტიკური ნიშნების წერილობითი ფორმაა, თუმცა 1400-1500-იან წლებში სჯეროდათ, რომ მათ მისტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ბევრს მიაჩნდა, რომ იეროგლიფურ დამწერლობაში სიმბოლოები – ცხოველები, ჩიტები და აბსტრაქტული ფიგურები – წინასწარ განზრახულ საიდუმლოს მალავდა: იმის ნაცვლად, რომ იეროგლიფები ლინგვისტური სისტემის ნაწილად აღექვათ, თითოეული მათგანი მნახველის შთაგონებით იძენდა სხვადასხვა მნიშვნელობას. როგორც მაშინ სჯეროდათ, ეს სიმბოლოები იყო თავსატეხი, რომლის ამოხსნაც ბევრნაირად შეიძლებოდა.
ამ აზრმა დიდი გავლენა იქონია ევროპულ ხელოვნებაზე. როდესაც სიმბოლოების ისეთი ლექსიკონები, როგორებიცაა ანდრეა ალჩატის 1531 წლის ემბლემატა და ჩეზარე რიპას უფრო გვიანდელი იკონოლოგია, გამოქვეყნდა, ავტორები ყურადღებას "საიდუმლოს ამოხსნაზე" ამახვილებდნენ და მათ მკითხველს შესაძლებლობას აძლევდნენ, რომ ხშირად მეტად რთული ვიზუალური სიმბოლოების როგორც გაშიფვრაში, ასევე მათი მნიშვნელობის კონსტრუირებაში თავად მიეღოთ მონაწილეობა.
ამის შედეგად, ყოვლისმხედველი თვალის მსგავს გამოსახულებებს ეზოტერიკული მნიშვნელობა განზრახ მიეწერა. ეს არის სიმბოლო, რომელიც თითქოს იმისთვის შეიქმნა, რომ მუდამ ხელახალი და ზოგჯერ არასწორი დატვირთვაც კი მიანიჭონ. ამის რეალურ განხორციელებას გვიანდელ მე-18 საუკუნეში ვაწყდებით: ამ პერიოდის სამი მაგალითი ცხადად გვაჩვენებს, თუ როგორ სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ ყოვლისმხედველ თვალს.
პირველ შემთხვევას რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში ვაწყდებით, როცა ჟან-ჟაკ-ფრანსუა ლე ბარბიეს მიერ 1789 წელს გამოქვეყნებული ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკალარაციის ტექსტის ზედა ნაწილში ყოვლისმხედველი თვალი გამოსახეს. ამ შემთხვევაში ეს სიმბოლო ახლადფორმირებული ეგალიტარული ერის მიმართ პატერნალისტურ მზრუნველობას გამოხატავდა.
მეორე მაგალითს 1794 წლის ბრიტანეთში მივყავართ, სადაც იურისტმა ჯერემი ბენთამმა დაიქირავა არქიტექტორი უილი რეველეი, რათა მისი პანოპტიკუმისთვის – ახალი, რევოლუციური ციხე, რომელშიც ყოველი საკანი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იქნებოდა – ლოგო შეექმნა. საბოლოო დიზაინში ყოვლისმხედველი თვალი აღმოჩნდა – ამ შემთხვევაში უკვე მიუკერძოებელი სამართლიანობის თვალდაუხამხამებელი მზერის სიმბოლო – რომელიც გარშემორტყმული იყო სიტყვებით: "წყალობა", "სამართლიანობა" და "სიფხიზლე".
მესამე ნიმუშად აშშ-ის ისტორია გამოდგება, როცა 1782 წელს ქვეყნის გერბის დიზაინი გასაჯაროვდა. თომას ჯეფერსონმა, ბენჯამინ ფრანკლინმა და ჯონ ადამსმა წარადგინეს თავიანთი იდეები ამ სახელმწიფო სიმბოლოს დიზაინისთვის, თუმცა ჩარლზ თომსონი, კონტინენტური კონგრესის მდივანი, იყო ის, ვინც ახალგაზრდა იურისტისა და მხატვრის — უილიამ ბარტონის დახმარებით, პირამიდისა და ყოვლისმხედველი თვალის სიმბოლო გერბის სხვა ელემენტებთან დააკავშირა. დაუმთავრებელი პირამიდა ჩაფიქრებული იყო, როგორც "ძლიერებისა და მუდმივობის" გამოხატულება, მისი 13 დონე კი აღნიშნავდა ამერიკის 13 თავდაპირველ შტატს. ყოვლისმხედველი თვალი ახლადწარმოქმილი ერისადმი ღმერთის თანამგრძნობი მეთვალყურეობის გამომხატველი სიმბოლო იყო. ჩამოთვლილი მაგალითებიდან არცერთი უკავშირდებოდა მასონების გაერთიანებას.
რა ვიცით ილუმინატების შესახებ? ეს დაჯგუფება პირველად 1776 წელს ბავარიაში შეიქმნა და 1787 წელს დაიშალა, მათი ამ ადრეული მოღვაწეობის შესახებ ცნობები კი მეტწილად ბუნდოვანია. ჩვენ არც კი ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ვიზუალური სიმბოლოები ამ თავდაპირველი ორდენისათვის. ის კი სიმართლეა, რომ ილუმინატის წევრები შთაგონებულნი იყვნენ მასონთა იმ იდეებით, სადაც ზოგჯერ ყოვლისმხედველ თვალს იყენებდნენ უზენაესი შემოქმედის (ღმერთის) სიმბოლოდ, რითაც სხვა მრავალი იმდროინდელი ეკლესიისგან არ განსხვავდებოდნენ.
მიუხედავად ამისა, მასონები ყოვლისმხედველ თვალს გვიანდელ მე-18 საუკუნემდე ხშირად სულაც არ იყენებდნენ, ანუ იქამდე, სანამ ბენთამმა, ლე ბარბიემ, თომსონმა და ბარტონმა არ გამოიყენეს ის უკვე თავიანთი ფართოდ გავრცელებული მიზნებისთვის. შეთქმულების თეორეტიკოსებისდა სამწუხაროდ, ერთდოლარიანზე გამოსახული ყოვლისმხედველი თვალი უფრო მეტს გვეუბნება მე-18 საუკუნეში არსებულ ესთეტიკაზე, ვიდრე საიდუმლო ელიტების ძალაუფლებაზე.
თანამედროვე ეპოქაში ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან მადონა, ჯეი-ზი და კანიე ვესტი, არაერთხელ დაადანაშაულეს ილუმინატების იკონოგრაფიის, მათ შორის ყოვლისმხედველი თვალის გამოყენებაში. თუმცა, ილუმინატებთან კავშირზე მეტად, რაც ყველა ამ მუსიკოსს აერთიანებს, გახლავთ კარგი ალღო რაღაც საკულტოსადმი (ან შესაძლოა, პროვოკაციისადმი) როგორც ვიზუალურ ხელოვნებაში, ისე მუსიკაში. ყოვლისმხედველი თვალის მრავალჯერადი გამოყენება – და ეს შეგვიძლია, მოვარგოთ როგორც მადონას და ჯეი-ზის, ისე ბენთამს, ლე ბარბიეს, თომსონს, ბარტონს, მასონებს, რენესანსის ხელოვანებსა და ყველა სხვა ცალკეულ პირებსა თუ ჯგუფებს – არის მტკიცებულება არა საერთო შეთქმულებისა, არამედ ამ სიმბოლოს, როგორც ლოგოს დიზაინის, უკვდავი ჩინებულობისა.
კომენტარები