"ფუნქციებით აჭრელებული" — რა ელის იპოდრომს
თბილისის მერიამ იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დააანონსა. ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს ქართუ ფონდმა გადასცა, პროექტსაც ის განახორციელებს.
მიუხედავად იმისა, რომ გეგმა საკმაოდ მასშტაბურია და ძირფესვიან რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სპეციალისტები და ურბანისტები მის ნაკლოვანებებზე საუბრობენ.
ჰოლანდიური კომპანია LAP-ის მიერ შექმნილი პროექტი სოციალურ ქსელში 8 თებერვალს კიდევ ერთხელ გავრცელდა და მომხმარებლების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებული ყურადღება კი საავტომობილო პარკინგმა მიიქცია.
LAP-ის პროექტის თანახმად, რეაბილიტაციის შემდეგ 36 ჰექტარზე გაშენებული თბილისის ცენტრალური პარკი, როგორც იპოდრომს ერქმევა, დღეში 10-დან 15 თასამდე ადამიანს მოემსახურება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ შეიქმნება სივრცე როგორც ბავშვებისთვის, ისე ოჯახური დასვენებებისთვისა და მოხუცებისთვის.
პროექტის მიხედვით, რომლის რამდენიმე რენდერი LAP-მა გაავრცელა, პარკში სხვადასხვა ზონა მოეწყობა, მათ შორის ბოტანიკური ბაღი, ფრანგული ბაღი, ფანტანები, მედიათეკა, ამფითეატრი, იაპონური ბაღი, სკეიტპარკი, მოსასვენებელი სივრცეები და ა.შ. ამასთან, მომხმარებლებისთვის სამი საპარკინგე სივრცეა გათვალისწინებული. პარკში მოეწყობა Park Village, სადაც შესაძლოა, რესტორანი, ბარი და სუვენირების მაღაზია განთავსდეს.
პარკში მთავარი შესასვლელი პანორამული ხიდი იქნება, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის გადაკვეთს. ამასთან, როგორც ავტორები ამბობენ, ტერიტორიაზე მოხვედრა მანქანებისთვის მოსახერხებელი იქნება როგორც გზატკეცილის, ისე ქალაქის ცენტრიდან. მოეწყობა ორი შესასვლელი — ჩრდილოეთის და დასავლეთის მხრიდან, სადაც მოქალაქეებისთვის 500-მდე საპარკინგე ადგილი იქნება.
ერთ-ერთი მიზეზი კი, რის გამოც პროექტი გააკრიტიკეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთათვის ნაკლები მისაწვდომობაა.
ქალაქდამგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე On.ge-სთან ამბობს, რომ პროექტის მხოლოდ იმ ნაწილს იცნობს, რომელიც გამოქვეყნებულია. მისი თქმით, ამხელა ტერიტორიაზე პარკის გაკეთება უკვე დადებითი მოვლენაა, თუმცა პროექტში არსებობს ხარვეზებიც.
ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პარკი მოწყვეტილია ვაკე-საბურთალოს გზას, საიდანაც მოსახლეობა ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ხვდებოდეს. მისი თქმით, პარკი მოსახლეობისთვის ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს, თუმცა ამ პროექტის მიხევდით, ეს შესაძლებლობა არ არის და მსურველებს მანქანით მოუწევთ მისვლა.
"უზარმაზარი დასახლება რომ გააკეთეს და დანარჩენი რატომ არ მიუმატეს ამ პარკს, არ ვიცი. შეიძლება გაყიდულია ეს ტერიტორია. ყოველ შემთხვევაში, ის არის მოწყვეტილი ვაკე-საბურთალოს გზას, საიდანაც უნდა იკვებებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. იქ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ყოველთვის იყო. ტრადიცული ადგილი იყო იპოდრომზე შესასვლელად და ახლა საერთოდ მოჭრილია. გასასვლელი ახლაც არის და ხალხი იქედან დადის, მაგრამ სხვის ტერიტორიაზე დადიან, შეიძლება, არალეგალურად. საერთოდ, ცუდია, რომ ავტობანის მსგავსი ტრასიდან ხდება მომსახურება ამ პარკის და იმიტომაც არის ეს უზარმაზარი სადგომები", — აღნიშნავს ბაქრაძე.
ბაქრაძე გამოყოფს მიუთითებს პარკის ფუნქციებზეც. ქალაქდამგეგმარებელი აღნიშნავს, რომ პარკი მაქსიმალურად მშვიდი ადგილი უნდა იყოს, თუმცა მას მულტიფუნქციურ გასართობ ადგილად განიხილავენ, რაც არასწორია.
"ახლა იქ იმდენი რაღაცაა, აჭრელებულია ფუნქციებით, პარკის ცხოვრებაც ასეთი აჭრელებული იქნება. ათასნაირი გასართობი იქნება. ეს ცუდია. უნდა იყოს დასასვენებელი ადგილი, ბიომრავალფეროვნებისთვის უნდა იყოს ყველა პირობა შექმნილი — რაც შეიძლება მეტი ფრინველი, მწერი, შეიძლება ცხოველებიც იყვნენ. მოკლედ, ეს უნდა იყოს ბუნებრივი ადგილი, სადაც წავა ადამიანი და ბუნებაში ამოისუნთქებს. უნდა იყოს რაც შეიძლება ცოტა ბილიკი და გზა", — აღნიშნავს ის.
პროექტის დაგეგმარებისა და საზოგადოების ჩართულობის პრობლემებზე საუბრობს მწვანე ალტერნატივის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძეც.
მისი თქმით, პროექტის შექმნისას საზოგადოება საერთოდ არ ყოფილა ჩართული. ამასთან, გუჯარაიძე მიუთითებს, რომ დაირღვა კანონი, კერძოდ, არ ჩატარდა მსგავსი მასშტაბის პროექტისთვის სავალდებულო სკრინინგი.
"სკრინინგი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა შეფასდეს პროექტის ზეგავლენა ტერიტორიის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და გადაწყდეს, რამდენად შეიძლება, ეს პროექტი მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე იყოს ამ გარემოზე და საჭიროა თუ არა, უფრო დეტალური გარემოსდაცვითი კვლევების ჩატარება", — ამბობს გუჯარაიძე.
ორგანიზაციამ საქმის კურსში ჩააყენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ახლა რეაგირებას ამ უწყებისგან ელოდება. გუჯარაიძის თქმით, როგორც მათ გაიგეს, მერია პროექტის დეტალებთან დაკავშირებით ქართუ ფონდთან ამისამართებს.
"როცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება პროექტი, დაუშვებელია, რომ მუნიციპალიტეტი არ იყოს არა თუ ინფორმირებული, არამედ ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ თავად შეიძლება არ ახორციელებდეს", — განმარტავს გუჯარაიძე.
ნინო გუჯარაიძე პრობლემას ხედავს უშუალოდ პარკის დაგეგმვაში და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საზოგადოების ინტერესები გათვალისწინებული არ ყოფილა. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში იპოდრომის ტერიტორიამ გარკვეული ფუნქცია შეიძინა იმ ადამიანებისთვის, ვინც მისით სარგებლობდა:
"ამ ფუნქციით იაპონურ ბაღში ვერ ირბენ და სპორტისთვის ვერ გამოიყენებ".
გარდა ამისა, გუჯარაიძე ამბობს, რომ თბილისის ცენტრალურ პარკს ქართუ ფონდი საბოლოოდ მუნიციპალიტეტს გადასცეს, თუმცა მისი მოვლა, რომელიც დიდ თანხებთან არის კავშირში, სწორედ ამ უკანასკნელს მოუწევს.
"რასაც რენდერებზე ვნახულობთ, იქ არის იაპონური ბაღი, არის ფრანგული ბაღი, არის რთული კონსტრუქციები. შეიძლება, საჩუქრად ვიღაცისთვის სასიამოვნო იყოს, მაგრამ იმ საჩუქარს მერე მოვლა და შენახვა სჭირდება. ეს ყველა ქვეყანაში არის ძალინ დიდ თანხებთან დაკავშირებული. თუკი საჩუქარს გჩუქნიან, უნდა იცოდე, შემდგომში ამ საჩუქრის შენახვა რა დაგვიჯდება", — ამბობს მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი.
პროექტთან დაკავშირებით On.ge თბილისის მერიასაც დაუკავშირდა, თუმცა მათ ქართუ ფონდში გადაგვამისამართეს.
თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, სამუშაოები, სავარაუდოდ, ორ წელში დასრულდება.
კომენტარები