ეგვიპტეში დიდი ხნის წინ დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 2 400 წლისაა. იგი ნილოსის დელტის აღმოსავლეთ ნაწილში ნახეს, რომელსაც ადრე იმეტი ერქვა.

იმეტი არქეოლოგიური კვლევის არეალში, თელ ელ-ფარაინში, მდებარეობს. პირველი გათხრები ორი საუკუნის წინ სწორედ იქ ჩატარდა. მაშინ არქეოლოგებმა ყურადღებით მხოლოდ ტაძარი გამოიკვლიეს, ქალაქის ნაშთები კი შეუმჩნეველი დარჩა. ხელახალი გამოკვლევისას მეცნიერებმა მაღალი გარჩევადობის სატელიტური გამოსახულებები გამოიყენეს და თიხის აგურების უძველესი ნანგრევები შენიშნეს — ნიშანი იმისა, რომ იქ დიდი ზომის საცხოვრებელი ნაგებობები უნდა ყოფილიყო.

როცა ადგილზე გათხრები დაიწყო, არქეოლოგებმა მჭიდროდ დასახლებული უბანი აღმოაჩინეს. მათ კოშკის ტიპის მრავალსართულიან სახლებსაც მიაკვლიეს, რომლებიც ადამიანებისთვის საცხოვრებლად გამოსადეგი იქნებოდა.

"ამგვარი სახლები ძირითადად ნილოსის დელტაში გვხვდება. ისინი გვიანდელი და რომაული პერიოდებს დროინდელია. იმეტში მათი არსებობა მიუთითებს, რომ ეს ქალაქი მჭიდროდ დასახლებული და ურბანულად განვითარებული ადგილი იყო", — ამბობს არქეოლოგი ნიკი ნილსენი.

BBC-ის ცნობით, მეცნიერებმა თიხის ქვაბში თევზის წვნიანის ნარჩენები იპოვეს. ის, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში მომზადდა. ქალაქში ასევე ფერმები, მარცვლეულის დამუშავებისთვის განკუთვნილი ადგილი და დიდი რელიგიური ნაგებობის ნაშთები იყო.

სტელა, რომელზეც ჰარპოკრატეა გამოსახული

ფოტო: University of Manchester

ქალაქში არსებული ტაძარი პტოლემეს შუა პერიოდით თარიღდება, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ დაიწყო. იგი ვაჯეტის ტაძრისკენ მიმავალი რიტუალური გზის თავზე იყო აშენებული. მიიჩნევდნენ, რომ რეგიონს იქამდე გველის ღვთაება მფარველობდა, რომელსაც ფარაონებიც კი სცემდნენ პატივს.

გათხრებისას არმოჩენილი სხვადასხვა არტეფაქტი მკვლევრებს ეხმარება, რომ იმეტში მცხოვრები ადამიანების რწმენა უკეთ შეისწავლონ. მაგალითად, ნახეს ფიგურა, სახელად შაბტი, რომელსაც საფლავში ათავსებდნენ იმ რწმენით, რომ იგი "იმქვეყნად" მკვდრის მაგივრად იმუშავებდა.

ასევე იპოვეს პატარა სტელა, რომელზეც ღვთაება ჰარპოკრატეა გამოსახული. ის ორ ნიანგზე დგას, მის თავზე კი ღმერთი ბესის თავი ჩანს. სავარაუდოდ, ეს სიმბოლო დაავადებებისგან დაცვის მიზნით გამოიყენებოდა.

სისტრუმი, მუსიკალური ინსტრუმენტი

ფოტო: University of Manchester

გათხრებისას იპოვეს მუსიკალური საკრავი სისტრუმიც, რომელზეც ჰატორის — სიხარულისა და მუსიკის ღვთაების — ორი თავია გამოსახული.

"ეს აღმოჩენა ნილოსის დელტაში ყოველდღიური ცხოვრების, სულიერებისა და ურბანული დაგეგმარების უკეთ გაგებაში გვეხმარება. ეგვიპტის გვიანდელი პერიოდის არქეოლოგიაში იმეტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება", — დასძინა ნილსენმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.