კვლევის თანახმად, შესაძლოა, სამყარო შეიკუმშოს — როდისაა ეს მოსალოდნელი
ფოტო: Getty Images
სამყაროში ყველაფერი დიდი აფეთქებით დაიწყო, მაგრამ რით დასრულდება? ერთ-ერთი ჰიპოთეზური სცენარის თანახმად, კოსმოსი გაფართოებას შეწყვეტს და შემჭიდროვდება, რაც დიდი შეკუმშვის სახელითაა ცნობილი.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ბნელი ენერგიის შესახებ ასტრონომიული კვლევების მონაცემები გამოიყენეს და კომპიუტერული მოდელი შექმნეს. მისი პროგნოზით, დიდი შეკუმშვა დაახლოებით 33.3 მილიარდ წელში მოხდება. სამყარო ამჟამად 13.8 მილიარდი წლისაა, ანუ იქამდე თითქმის 20 მილიარდი წელია დარჩენილი.
ეს შედეგები ეწინააღმდეგება კოსმოლოგიურ თეორიას, რომლის მიხედვითაც სამყაროს გაფართოება მუდმივია. ამის საწინააღმდეგოდ, უკანასკნელ კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ კოსმოსი მაქსიმალურ დონეზე 7 მილიარდ წელში გაფართოვდება და შემდეგ შეკუმშვას დაიწყებს.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამყაროს გაფართოებაში იდუმალი ძალა მონაწილეობს, რომელსაც ბნელი ენერგია ეწოდება. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ის კოსმოლოგიური მუდმივაა, ანუ კოსმოსზე უცვლელად ზემოქმედებს. ამის მიუხედავად, ბოლო კვლევები მის შესაძლო დინამიკურობაზე მიუთითებს.
ახალ მოდელში უარყოფითი კოსმოლოგიური მუდმივაა წარმოდგენილი, რომელიც ელემენტარულ ნაწილაკ აქსიონთაა გაერთიანებული. წარმოიდგინეთ რეზინი, რომელიც იწელება — ის გაწელვას მუდმივად ვერ განაგრძობს, რადგან ელასტიკური ძალა გაფართოებას შეეწინააღმდეგება და რეზინს თავდაპირველ მდგომარეობაში დააბრუნებს. მეცნიერთა ჰიპოთეზით, იგივე შეიძლება მოხდეს კოსმოსშიც.
კერძოდ, ის გაფართოებას შეანელებს, სანამ ახლანდელზე დაახლოებით 69%-ით დიდი გახდება, ანუ მაქსიმალურ ზომას მიაღწევს (7 მილიარდ წელში). შემდეგ იგი ეტაპობრივად შემჭიდროვდება, რადგან სამყაროზე გრავიტაცია და უარყოფითი მუდმივა იქონიებს გავლენას. საბოლოოდ, ეს სამყაროს კოლაფსით დასრულდება.
ავტორების თქმით, მათი მოდელი საკმაოდ სპეკულაციურია და არაფერს ამტკიცებს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მალე მისი დატესტვა შეძლონ. ისინი იმედს სამომავლო ასტრონომიულ პროექტებზე ამყარებენ, რომელთა შესწავლის მთავარი სამიზნეც ბნელი ენერგია და მისი მახასიათებლებია.
ასეა თუ ისე, სანერვიულო არაფერია, რადგან, მართალი რომც იყოს, ამ ჰიპოთეზური შეკუმშვის დაწყებამდე ძალიან დიდი დრო იქნებოდა დარჩენილი. ახალი ნაშრომი არარეფერირებული კვლევების ონლაინ პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

კომენტარები