შესაძლოა, სატურნის თანამგზავრ ტიტანზე მცირე ბიომასის მქონე სიცოცხლე არსებობდეს
ფოტო: NASA
სატურნის უდიდესი თანამგზავრი ტიტანი მზის სისტემაში სიცოცხლისთვის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ობიექტია, რომელიც ყინულქვეშა ოკეანეს შეიცავს. ახალი კვლევის თანახმად, იქ რომ მიკროორგანიზმები ბინადრობდნენ, მათი ბიომასა სულ რამდენიმე კილოგრამი იქნებოდა.
საქმე ისაა, რომ ტიტანზე ენერგიისა და საკვები ნივთიერებების მიმოცვლის ციკლი, შესაძლოა, წყლის თითო ლიტრში ერთი უჯრედის ფერმენტაციისთვისაც კი არ იყოს საკმარისი. მის ზედაპირზე ნახშირწყალბადები -179 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე თხევადი ხდება და დიდი ზომის მდინარეებსა თუ ტბორებში გროვდება. საერთო ჯამში ის 5 სხვადასხვა შრეს აერთიანებს — მყარ ბირთვს, ექსტრემალური წნევის პირობებში წარმოქმნილ უჩვეულო ყინულის ფენას, მარილიან ოკეანეს, ყინულის საფარველსა და ატმოსფეროს.
მეთანის ღრუბლებიდან ზედაპირზე ორგანული მოლეკულები წვიმის წვეთების ან მყარი ნაწილაკების სახით მუდმივად ხვდება. თავად ატმოსფეროს ზედა ნაწილში აზოტისა და მეთანის მოლეკულები მზის ულტრაიისფერი რადიაციის გავლენით იშლება, სხვადასხვა კომბინაციით შეერთებისას კი მძიმე ორგანულ მოლეკულებს წარმოქმნის. ისინი ნახშირბადითა და ჟანგბადითაა მდიდარი.
ყინულზე ეს მასა მაღალი და მუქი დიუნების ფორმირებას უწყობს ხელს. შესაძლოა, ისინი იქიდან ნაპრალების გავლით ოკეანეში ხვდებოდეს და იქიდან ზემოთაც კი ინაცვლებდეს. ამ პროცესებზე დაყრდნობით მეცნიერებმა ბიოენერგეტიკული მოდელი შექმნეს. მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რამდენად შეძლებდა ტიტანი მსგავსი ორგანული მატერიით მიკრობების შენარჩუნებას.
სატურნის თანამგზავრზე მიკრობები, შესაძლოა, ენერგიას გლიცინის გამოყენებით გამოიმუშავებდნენ (როგორც დედამიწაზე მცხოვრები ბაქტერია Clostridia) და უჟანგბადო გარემოში ფერმენტაციას განიცდიდნენ. ავტორები მას იმიტომ განიხილავენ, რომ ყველაზე მარტივი მეტაბოლური პროცესია და უცხო ორგანიზმების შესახებ სპეკულაციებს არ საჭიროებს.
ასევე, გლიცინი (უმარტივესი ამინომჟავა, ცილების საშენი მასალა) და მისი "წინამორბედები" სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია: ისინი ასტეროიდებში, კომეტებში და ვარსკვლავებისა თუ პლანეტების მაფორმირებელ ღრუბლებშია. ტიტანის ოკეანეში ის მაინც მცირე ოდენობით დაგროვდებოდა, ამიტომ დიდ ბიომასას ვერ ეყოფოდა. აქედან ასკვნიან, რომ ამ ციური სხეულის ოკეანეში მთლიანობაში იმ მასის მიკროორგანიზმები შეიძლება იყოს, რომელსაც პატარა ძაღლს თუ შევადარებთ — წყლის თითო ლიტრში 1 უჯრედზე ნაკლები.
თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ტიტანზე სიცოცხლის კვალის პოვნა თივის ზვინში ნემსის ძიებას შეგვიძლია შევადაროთ, თანაც ეს "ზვინი" ჩვენგან 1.2 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Planetary Science Journal გამოქვეყნდა.

კომენტარები