კარტოგრაფ ივერი მელაშვილს კონკრეტულმა ჯგუფებმა მოღალატის სტატუსი 2-ჯერ მიაწერეს — პირველად, როცა საზღვრის დადგენის საკითხზე გამოძიება დაიწყო და მეორედ, როცა საპატიმრო დატოვა და დავით გარეჯსა და საზღვარზე ისაუბრა. პირველ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი სახელისუფლებო მესიჯბოქსმა და პროპაგანდამ შეასრულა. ფაქტობრივად იგივე მოხდა მეორედაც, თუმცა ამჯერად, სანამ პოლიტიკური ტრიბუნებიდან მისი კრიტიკა დაიწყებოდა, საქმეში ტროლები ჩაერთვნენ.

"როცა ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა ჩემია, როგორ არის შენი, როცა არ არის?! არ გაქვს ამის საფუძველი და იქ ვიღაცა, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი. არ არის შენი, არ დაგითმობს არასდროს" — ეს სიტყვები ივერი მელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე საათში, გადაცემა რეაქციაში თქვა. ამოჭრილი ჩანაწერი მალევე გაჩნდა ქართული მარშის მესვეურებისა და პროსახელისუფლებო ტროლების ფეისბუქგვერდებზე.

ორაზროვანი და გაურკვეველი წინადადება აქტიურად ტრიალებდა სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ფეისბუქგვერდებზე და თან ახლდა ფრაზები: "დარწმუნდით, რომ მოღალატეა?", "ღიად თქვა, რომ დავით გარეჯი ჩვენი არ არის", "ასე გაყიდა სამშობლო".

ზემოთ ხსენებული ჯგუფები მონდომებით ცდილობდნენ იმის მტკიცებას, რომ მელაშვილმა ფრაზაში — "როგორ არის შენი, როცა არ არის" — დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი იგულისხმა. კარტოგრაფი კი განმარტავს, რომ ის საუბრობდა კონკრეტულ მონაკვეთზე, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს იმ ფაქტს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ისტორიული კუთვნილებაა.

ივერი მელაშვილი

On.ge-სთან ინტერვიუში ამ საკითხთან დაკავშირებით მელაშვილი ამბობს:

"ვიგულისხმე ის, რომ საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადგენილი იყო საზღვრის ხაზი, როგორც მოკავშირე რესპუბლიკებს შორის. საზღვრის ხაზის ის მონაკვეთი, რომელსაც ახლა დავით გარეჯის მონაკვეთს ეძახიან, არის მხოლოდ დავით გარეჯის ნაწილი და, ჩვენდა სამწუხაროდ, საზღვრის ხაზი თხემზე იყო დაფიქსირებული. ამასთან დაკავშირებით ვთქვი. [საუბარია ზემოთ მოყვანილ ციტატაზე]

ჩვენი სურვილია აზერბაიჯანის მხარეს ველაპარაკოთ დელიმიტაციის მიზნით და ქედს იქით, დადგენილი საზღვრის იქით მოქცეული დავით გარეჯის კომპლექსის მცირე, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაწილი, შემოვიდეს ჩვენს ტერიტორიაში. ეს არის მოლაპარაკებების საგანი. ჩვენი რომ არის დავით გარეჯი სულ მთლიანად, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით — ამაზე ორი აზრი არ არის. მაგრამ რომ გინდა, შენს ტერიტორიაზე მოაქციო, ამისთვის მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მიმდინარე პროცესია. ვიღაცის განცხადება ამ დროს, რომ "არა, ეს განხილვის საგანი არაა და ჩემია", ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს".

მსგავსი განმარტება მელაშვილმა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერითაც გაავრცელა, თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ის მაინც გაურკვეველი დარჩა, მეორე ნაწილს კი გარკვევის სურვილიც არ ჰქონია, რადგან მთელ ენერგიას იმაში ხარჯავდა, რომ მელაშვილი მოღალატედ წარმოეჩინა და მის მიმართ აგრესია გაეღვივებინა. ამაში მარტივად დავრწმუნდებით, თუ ხელისუფლების, პარტაქტივის, ტროლების, სასულიერო პირებისა და ქართული მარშის აქტივობებს დავაკვირდებით.


მელაშვილის ფრაზის გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა პრორუსული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ. გადაცემის ნაწყვეტი, წარწერით "მოღალატე" მან ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, რასაც მოაყოლა რამდენიმე დისკრიმინაციული და აგრესიის წამახალისებელი პოსტი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე. მსგავსი პოსტები მალევე გაჩნდა მისი თანაგუნდელების გვერდებზეც.

ფოტო: კადრი სანდრო ბრეგაძის ფეისბუქიდან

ეს ვიდეო აიტაცეს პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდებმაც, რომლებიც ხშირად ავრცელებენ მთავრობის მხარდამჭერ პროპაგანდას და ღიად ესხმიან თავს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ფოტო: კადრები ფეისბუქგვერდიდან

დღის განმავლობაში, სხვადასხვა მომხმარებელი, მათ შორის ავთენტური ანგარიშები და ტროლები, ამ ვიდეოებს ავრცელებდნენ ჯგუფებში: საქართველო და რუსეთი, ქართველი მართლმადიდებლები, კონსერვატორები.

ფოტო: კადრები ფეისბუქგვერდებიდან

გარდა ამისა, ტროლგვერდები უკვე ნაცად ტაქტიკას მიმართავდნენ — იდენტური შინაარსის მასალები, მიმები და მელაშვილის შეურაცხმყოფელი პოსტები რამდენიმე პროსახელისუფლებო გვერდზე ერთდროულად ქვეყნდებოდა.

ფოტო: კადრები ფეისბუქგვერდიდან

დისკრედიტაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთო მედიის ნაწილი და პროსახელისუფლებო პარტაქტივი. მაგალითად, ივერი მელაშვილის შესახებ კრიტიკულ ნიუსებს შეხვდებოდით გიორგი გახარიას მხარდამჭერების ჯგუფში.

ფოტო: კადრები ფეისბუქგვერდიდან

ამ დროს უსაქმურად არც სახელისუფლებო რგოლი ყოფილა. სოციალურ ქსელსა და თუ საჯარო ტრიბუნებზე, ისინი მელაშვილს "გამყიდველს" უწოდებდნენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ელენე ხოშტარიამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა 100-მდე სქრინი, რომელშიც Vin Vin Aris აპლიკაციის გამოყენებით გამოვლენილია პარტაქტივისა და სახელმწიფო მოხელეების კოორდინირებული აქტივობა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ.

საერთო ხმაურში არც ეკლესია დარჩენილა ჩუმად. ტრადიციულად, მუქარით "გამოიჩინა თავი" მეუფე იაკობმა, თან ისე, რომ თავად ეს მუქარა არ ჰგონია.

"მართლა ეკლესიაში რომ ვართ, ის ხომ არ ჰგონიათ. ჩვენ კაცობაც ვიცით და ყველაფერი. თუ სადმე ომი ყოფილა, ყველგან ნაომარი ვარ მე და ჭკვიანად იყვნენ. ამით კი არ ვემუქრები", — თქვა მან ივერი მელაშვილის განცხადებების შეფასებისას.

საპატრიარქომ კი, მელაშვილს უპირობოდ დააბრალა "აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმება" და "კადნიერების" გამო გააკრიტიკა.

"რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?" — ეწერა მათ განცხადებაში.

სანამ სახელმწიფო მოხელეები სოციალურ ქსელს, სასულიერო პირები კი მრევლს ამხედრებდნენ, მმართველი გუნდის ლიდერები მესიჯბოქსს ამყარებდნენ. მაგალითად, ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ არ შეიძლება "სული არ აგემღვრეს", როცა "სამშობლოზე იძახიან მეზობლისააო".

"რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან და ან რა ჩვენება უნდა მისცენ ამ კომისიის წევრებმა?! მაგათ ხელში კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები", — აცხადებდა მაღლაფერიძე.

"ამღვრეულმა სულმა" მალევე იჩინა თავი. მოქალაქემ ტექნიკის მაღაზიაში მყოფ ივერი მელაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეოს, სადაც ისმის, რომ ბაქარ ადამია ივერი მელაშვილს მოღალატეს უწოდებს, უყვირის და მისკენ იწევს, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. საზოგადოების ნაწილმა ეს ფაქტი დაგმო, მაგრამ ქართული ოცნების პარტაქტივმა საპირისპიროდ იმუშავა.

ბაქარ ადამია "ქვეყნის მცველ გმირად" შეირაცხა და მისი ვიდეო, როგორც "საკადრისი პასუხის" მაგალითი, არაერთ ჯგუფში აღმოჩნდა. ამ შემთხვევაშიც გვხვდებოდა როგორც რეალური ადამიანების, ასევე, არაავთენტური ანგარიშების აქტიურობა. მაგალითად, ივერი მელაშვილის შეურაცხყოფის ვიდეოს შეხვდებით "ახალი ამბების" ჯგუფში, რომლის დახასიათება მიგვანიშნებს, რომ ის ქართული ოცნების, კერძოდ, კახი კახიშვილის მხარდასაჭერადაა შექმნილი.

ფოტო: კადრი ფეისბუქგვერდიდან

ჩნდება კითხვა, რა რეაქცია ჰქონდა მომხდარზე მმართველ გუნდს? აი, ასეთი:

"ივერი მელაშვილს განზრახ დაატარებენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვი ჩნდება, იმისათვის, რათა იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს და ამ პროვოკაციაზე არ უნდა აჰყვეს საზოგადოება" — ეს სიტყვები ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის ეკუთვნის.

მმართველი გუნდის კიდევ ერთმა აქტიურმა სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ მომხდარი "დაგმო", უფრო ზუსტად, თავიდან გვეგონა ასე. მდინარაძემ თქვა, რომ "არანაირი თავდასხმა არანაირი ფორმით არ არის მისაღები". მაგრამ მეორე დღეს, მისი რიტორიკა პოლიტიკური კონტექსტით შეივსო და აგრესიული ქმედებების "დატოლება" დაიწყო. მეტიც, მან დააზუსტა, რომ წინა განმარტება ჟურნალისტის მიერ "არასწორი ფორმით" დასმული კითხვის შედეგი იყო.

"არაფერს ნიშნავდა თურმე და გამოხატვის თავისუფლება იყო ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც ნაგავი ჩამოამხეს ადამიანს, დეპუტატს, თავზე მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პოზიცია ნაცმოძრაობის პოზიციას არ დაემთხვა. ეს გამოხატვის თავისუფლება იყო და გუშინდელი ინციდენტი თურმე იყო უმძიმესი თავდასხმა. ეს არის ორმაგი სტანდარტი", — ასე გააკრიტიკა მან ოპოზიცია ივერი მელაშვილზე საუბრისას.

ამავე ინტერვიუში, მდინარაძემ ისიც თქვა, რომ ბაქარ ადამიას საქციელი "შეიძლება, არ გავამართლოთ", მაგრამ იქნებ მას "გულწრფელად სწამდა და სჯეროდა იმისა, რასაც აკეთებდა".

ის, რაც მდინარაძემ გულწრფელ რეაქციად მიიჩნია, საზოგადოებისთვის მელაშვილისადმი ახალი აგრესიის საფუძველი გახდა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მუქარისშემცველი კომენტარებისა, რომელიც სოციალურ ქსელებში ივერი მელაშვილის მიმართ იწერება. ზოგიერთი კომენტარი ტროლებს ეკუთვნის და ხშირად სწორედ ისინი იწვევენ დისკუსიას, სადაც ნეგატიური ფონი იქმნება. თუმცა, აგრესიას რეალური ადამიანებიც ავლენენ, რომლებიც, მესიჯბოქსების გავლენით დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ მელაშვილი მოღალატეა, რის გამოც მასზე ძალადობას ამართლებენ.

ფოტო: კადრები ფეისბუქგვერდიდან

ივერი მელაშვილისადმი საფრთხე რომ რეალურია, ჩანს იმაშიც, რომ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში მისი სახლის მისამართს არკვევენ.

ფოტო: კადრი ფეისბუქგვერდიდან

მოქალაქეთა ნაწილს, შესაძლოა, სჯერა იმის, რომ მელაშვილმა "სამშობლო გაყიდა", შესაძლოა, იმისიც სჯერათ, რომ გამოძიება სახელმწიფო და არა ვიწრო პარტიული ინტერესებით არის მართული. On.ge ამ სტატიით საქმის მასალებს არ განიხილავს და არც პირად აღქმებზე გვაქვს დავა. პრობლემა იმაშია, რომ ქართული ოცნების მესიჯბოქსის გავლენით, ჩნდება "ანგარიშსწორების" საშიში ფორმა, რომელიც ეროვნულ მოტივებზე აპელირებით აგრესიას თესავს. თანაც ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ქართული ოცნების ოპონენტები, აქტივისტები, NGO-ები ან რიგითი მოქალაქეები სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიით თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან.

გაიგეთ მეტი პროსახელისუფლებო ტროლებზე:

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში — ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.