ვოლოდიმირ ზელენსკი — ქართული პროსახელისუფლებო ტროლგვერდების ახალი სამიზნე
სოციალური მედიის გიგანტის, Facebook-ის მასშტაბური წმენდის შემდეგ უფრო აშკარა გახდა, რომ საქართველოში ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან აფილირებული გვერდები ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს საფრთხის ქვეშ აყენებენ. ისინი აქტიურობენ ყოველთვის, როცა პოლიტიკური პროცესები ჩიხში შედის და ქსენოფობიური, ჰომოფობიური, სექსისტური ნიშნით ესხმიან თავს "მოწინააღმდეგე მხარეს", რომელშიც აქამდე პოლიტიკოსები, აქტივისტები, არასამთავრობოები და მოწყვლადი ჯგუფები იყო გაერთიანებული, რამდენიმე დღის წინ მათ ახალი სამიზნე იპოვეს.
"წახალისებული" ფეისბუქ-ომი
უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ვიცე-პრემიერის თანამდებობის შეთავაზება არა მხოლოდ დიპლომატიური დაძაბულობის, არამედ "ფეისბუქ-ომების" მიზეზიც გახდა. თავდაპირველად, ტროლგვერდები სააკაშვილს ესხმოდნენ თავს, რაც მათი მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, უცხო არ იყო. თუმცა, როცა ქართული ოცნების ლიდერებმა გააჟღერეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის საქციელი "კატეგორიულად მიუღებელია" და ქვეყანა ამის გამო "პოლიტიკურ დისკომფორტს უნდა გრძნობდეს", სტრატეგია შეიცვალა.
- მიუღებელია, დააზიანებს უკრაინასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას — თალაკვაძე სააკაშვილზე
- ეს არის ხელისუფლებებს შორის მეგობრობის ტესტი — კობახიძე სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდები ავრცელებდნენ კონტენტს, რომელიც არამხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი თანაგუნდელების დამცირებას, არამედ უკრაინის, როგორც "არასერიოზული" ქვეყნის წარმოჩენასა და ანტაგონიზმის გაღვივებას ემსახურებოდა.
პოსტების ნაწილი არაეთიკური შინაარსისაა, თუმცა მათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ.
პირველი "იარაღი" ზელენსკის წინააღმდეგ მისი სამსახიობო კარიერა აღმოჩნდა. სხვადასხვა გვერდზე, რომელთა უმეტესობა ფეისბუქმა უკვე დაბლოკა, გავრცელდა ვიდეოები რუსეთში ჩამოყალიბებული მხიარულთა და საზრიანთა კლუბიდან (რუსული კომედიური სპექტაკლები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით იმართება და ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ), რომლებშიც ზელენსკი სააკაშვილს აშარჟებდა. გვერდების ნაწილი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ უკრაინის პრეზიდენტი არასერიოზულია, სააკაშვილს პატივს არ სცემს და მასთან თანამშრომლობა "უპრინციპობაა".
მეორე ნაბიჯი სააკაშვილისა და ზელენსკის "მსგავსების" ჩვენება იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ამ გვერდების მომხმარებლების უმეტესობა სააკაშვილის მიმართ აგრესიულადაა განწყობილი, ადმინისტრატორები ცდილობდნენ, იგივე დამოკიდებულება გაეჩინათ უკრაინის პრეზიდენტის მიმართაც. მაგალითად, ვრცელდებოდა ვიდეოები, რომელშიც ზელენსკი და სააკაშვილი შადრევანში შერბიან, ან დამონტაჟებული ფოტოები ზელენსკის სერიალიდან, სადაც ის ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე, უკრაინის პრეზიდენტის როლს ასრულებდა.
ტროლგვერდები ყველა ფორმით ცდილობდნენ, რომ მომხმარებლში აგრესია გაეღვივებინათ. კომენტარებიდან გამომდინარე, ტაქტიკა მუშაობდა.
დამცინავი პოსტების გარდა, ქვეყნდებოდა კონტენტიც, რომელიც დამამცირებელი შინაარსის იყო, როგორც ზელენსკის, ასევე სააკაშვილის მიმართ.
ტროლგვერდების სამიზნე ზელენსკისთან ერთად გახდა მისი თანაპარტიელი დავით არახამიაც. სანამ ოფიციალურად დადასტურდებოდა, რა თანამდებობაზე ინიშნებოდა სააკაშვილი, სწორედ არახამია აჟღერებდა მედიასთან ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას, რაც პროსახელისუფლებო გვერდებს არ გამორჩენიათ.
ტროლგვერდებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ალექსანდრ ოლშანსკის, რომელიც რეფორმების საბჭოს წევრია. ისინი ცდილობდნენ მომხმარებელი იმ აზრამდე მიეყვანათ, რომ ოლშანსკისთან თანამშრომლობა "არასერიოზულია". ამ ნარატივს, მსგავსი შინაარსის ფრაზებით, სხვადასხვა ფეისბუქგვერდი ავრცელებდა. მათი მიზანი იყო არასერიოზულად წარმოეჩინათ სააკაშვილიც.
როცა ორმხრივი ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და ზელენსკიმ სააკაშვილს თანამშრომლობის სხვა ფორმატი შესთავაზა, ტროლგვერდებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ქართული ოცნების მესიჯბოქი "მოგონილ თანამდებობაზე".
- არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნამ გარკვეული ხინჯი შეიტანა — ვოლსკი სააკაშვილი
- მოგონილი თანამდებობა შესთავაზეს — კალაძე უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნაზე
თუმცა, ყველაზე სახიფათო ამ პოსტებში ანტილიბერალური გვერდის, ანტი-პარადოქსის ნარატივი იყო, რომელმაც სცადა მეგობარ ერებს შორის კონფლიქტი გაეღვივებინა.
ანტი-პარადოქსი სხვადასხვა დროს ანტიდასავლურ, პრორუსულ ნარატივს და ქსენოფობიურ მესიჯებს ავრცელებდა.
როგორ გაგრძელდება ფეისბუქზე სტრატეგიული პარტნიორის წინააღდმეგ ტროლების ომი, სავარაუდოდ, იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს მთავრობა ელჩთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს. ზელენსკის თანაგუნდელი დავით არახამია მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული რეაქცები შიშისა და პოლიტიკური ამბიციების კომბინაცია იყო. ქართულ ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ჯობდა ქართულ ოცნებას მომხდარზე შედარებით რბილი რეაგირება ჰქონოდა, ან საერთოდ არ შეემჩნია.
- ნორმალურია, X ქვეყანამ Y-ს უთხრას გამითვალისწინე გასამართლებულიაო, მაგრამ ოცნებას ანგარიშს აღარ უწევენ — მარგველაშვილი უკრაინაზე
- ხელისუფლებისგან სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ სააკაშვილის დანიშვნაზე არანაირი რეაგირება მოეხდინათ — კაპანაძე
ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები მომხდარს "გაუგებრობას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ "თუკი ქვეყნები დაქუცმაცდებიან, ეს ჩრდილოელი მეზობლისთვის უფრო ხელსაყრელია", რადგან უკრაინისა და საქართველოს მთავარი მტერი, სწორედ რუსეთია, რომელსაც ორივე ქვეყნის ნაწილი აქვს ოკუპირებული.
როგორ სრულდება ტროლგვერდების "კარიერა"
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არც პირველი შემთხვევაა და არც ბოლო, როდესაც ტროლგვერდები ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან. მსგავსი შინაარსის კონტენტს ავრცელდებდნენ გვერდები ორი გვამი უნდათ, იყავი და გაგეკეთებინა, მახსოვს, ვერ დაბრუნდებიან და ათეულობით სხვა, რომლებიც უკვე ფეისბუქის "შავ სიაში" არიან.
Facebook ყალბ ინფორმაციას და არაავთენტურ კოორდინირებულ ქმედებებს უკვე რამდენიმე წელია ებრძვის. მათი ოფიციალური პოზიციით, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, მოჩვენება, თითქოს კონკრეტული აზრი პოპულარულია და მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
Facebook-მა უკვე არაერთხელ თქვა ისიც, რომ საქართველოში მოქმედი გვერდების უკან მყოფი პირები ცდილობდნენ შეენიღბათ თავიანთი ქმედებები, თუმცა მათ რამდენჯერმე შეძლეს კავშირების გამოვლენა. პირველად, მმართველ გუნთან და სარეკლამო კომპანია პანდასთან დაკავშირებით, მეორედ კი ქართულ ოცნებასთან აფილირებულ კოკა ყანდიაშვილთან, ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია On.ge-მ მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები