რატომ უტარებენ გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს ექსპერტიზას კაცები
22 წლის მარი გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. მასზე მაშინ იძალადეს, როცა მეგობრებთან ერთად გასართობად იმყოფებოდა. პოლიციას იმავე ღამეს მიმართა, რის შემდეგაც ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. სამხარაულის ბიუროს დასავლეთ საქართველოში ქალი ექსპერტები არ ჰყავს, რის გამოც ნაცხის ანალიზი კაცმა ექსპერტებმა გაუკეთეს. ქალი ამბობს, რომ მათი მხრიდან უხეში დამოკიდებულებისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. მარი ახლა ორ დავაშია ჩართული: ერთი გაუპატიურებას ეხება, მეორე კი ქალი ექსპერტების არარსებობას. საქმე შეისწავლა სახალხო დამცველმაც და თქვა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თუნდაც არაპირდაპირ იძულება, შეამოწმოს სხვა სქესის ექსპერტმა, არის გენდერულად არამგრძნობიარე მიდგომა. ომბუდსმენმა სამხარაულის ბიუროს მოუწოდა, რეგიონულ დეპარტამენტში ქალი ექსპერტები დაასაქმოს.
2020 წლის ზაფხულში მარი (სახელი შეცვლილია) საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, ღია ცის ქვეშ მდებარე რესტორანში მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მოძალადეც ამ სუფრაზე აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა დალიეს და ცეკვავდნენ. მაგიდასთან მყოფმა მარიმ კი მათთან მისვლა გადაწყვიტა. უკვე ბნელოდა და იმის გამო, რომ მეგობრები ღია ცის ქვეშ მდებარე რესტორანში იმყოფებოდნენ, არც განათება იყო დამონტაჟებული. მეგობრებისკენ მიმავალ მარის მოულოდნელად კაცი წამოეწია და კოცნა დაუწყო, შემდეგ კი გააუპატიურა. მეგობრები მას დიდი ხნის მანძილზე ეძებდნენ და ბოლოს ყვირილის ხმა გაიგონეს. ასე იპოვეს. კაცი გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.
სამართალდამცავებმა მარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს — გაუპატიურების დამტკიცებისთვის ექსპერტიზა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა ძალადობაგამოვლილი ქალი ამბობს, რომ კაცი ექსპერტები უხეშად მოექცნენ, ერთ-ერთმა კი სექსუალურად შეავიწროვა.
"თბილისში ვფიქრობდი წასვლას, რადგან დასავლეთ საქართველოში ქალი ექსპერტი არ იყო, მაგრამ ფიზიკურად არ შემეძლო შორს წასვლა, ცუდად ვიყავი. ვიფიქრე, რა მოხდება, ექსპერტები არიან კაცებიც-მეთქი. როცა შევედი, ახალგაზრდა კაცი დამხვდა და მეკითხებოდა რაღაცებს. ერთ-ერთ კითხვაზე ვუპასუხე, რომ არ მახსოვდა. მართლა არ მახსოვდა და ტყუილს ხომ არ დავაბრალებდი? ნასვამიც ვიყავი და აღელვებულიც. თუ არ გახსოვს, რატომ აჭერინებ მერეო. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. მერე მითხრა, გაიხადეო და როცა გავიხადე, მკერდზე ავიფარე ხელები. ჩამოიღე ძუძუდან ხელიო. შემდეგ ნაცხი ხომ უნდა აეღო და ისეთი შებოჭილი ვიყავი, ძლივს ავედი სკამზე. მეორე ექსპერტიზის დროს ორი კაცი იყო, ისინი შედარებით ხანშიშესულები. ნაცხის ანალიზი რომ უნდა გაეკეთებინათ, ვერ დავჯექი, ფეხებს ვერ ვშლიდი. გაშალე ფეხებიო და ტრაკზე მომარტყა ხელი. თან მელაპარაკებოდა, როგორც შვილს, ისე გექცევიო", — გვიყვება მარი.
მისი თქმით, ქალი ექსპერტების შემთხვევაში არ ექნებოდა განცდა, რომ ცუდად მოექცნენ. გარდა ამისა, ექსპერტიზაზე მისვლა არ გაუჭირდებოდა. ამ შემთხვევაში კი, ძალადობის შემდეგ კიდევ იმაზე მოუწია ფიქრი, როგორ მოექცეოდნენ კაცი ექსპერტები.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიმართვის შემდეგ, სახალხო დამცველმა ამ საქმის შესწავლა დაიწყო. ომბუდსმენმა თავის დასკვნაში თქვა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ექსპერტიზა ქალმა ექსპერტებმა უნდა ჩაუტარონ და კაცი ექსპერტის მიერ შემოწმება სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების უმრავლესობისთვის სასურველი არ იქნება.
WISG-ის იურისტი, ქეთი ბახტაძე On.ge-სთან ამბობს, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები სასამართლო-სამედიცინო ექსპრტიზის ჩატარებაზე ხშირად უარს აცხადებენ და ამის მიზეზი ტრავმული გამოცდილებაა, რაც, მათ შორის, ექსპერტის სქესსაც უკავშირდება.
"დაზარალებულმა უნდა აირჩოს, საკუთარ პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა და ღირსების უფლების შელახვა უფრო მნიშვნელოვანია თუ მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა", — აღნიშნავს ის.
კანონის მიხედვით, თუ გაუპატიურების მსხვერპლი არასრულწლოვანია, აუცილებელია ექსპერტიზა იმავე სქესის ადამიანმა ჩაატაროს, ხოლო თუ სრულწლოვანია, მაშინ შესაძლებელია სხვა სქესის ექსპერტის დაშვებაც. ქეთი ბახტაძის განმარტებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არის ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიებას ეს სჭირდება იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები დამნაშავის წინააღმდეგ. ამ პროცესში, როგორც დაზარალებულის, ისე გამოძიების ინტერესია, მტკიცებულებები დროულად შეგროვდეს, განსაკუთრებით გაუპატიურების შემთხვევაში, რადგან ეს არის დანაშაული, სადაც შეიძლება კვალი გაქრეს რამდენიმე საათშიც კი.
"სწორედ ამ დროს ხდება ერთგვარი ზეწოლა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ კი, შენ შეგიძლია უარი განაცხადო და სქესი აირჩიო, მაგრამ თუ თანახმა იქნები, კაც ექსპერტსაც შეუძლია შემოწმება. მაღალი ალბათობით, სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების უმრავლესობისთვის, არ იქნება სასურველი, მსგავსი ძალადობის შემდეგ სხვა მამაკაცი, თუნდაც ექსპერტი შეეხოს. აქ ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. ამან შეიძლება უფრო დაამძიმოს მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა", — აღნიშნავს ბახტაძე.
ის მიუთითებს იმაზეც, გაუპატიურების შემთხვევებში ექსპერტიზაზე ინფორმირებულ თანხმობად არა სირტყივიერი, არამედ წერილობითი განცხადება უნდა ჩაითვალოს.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზა ჩატარდა ღამით, დაახლოებით დილის 5 საათისთვის. ჩაატარა კაცმა ექსპერტმა. ქალი იყო ფიზიკურად იმდენად ცუდად, რომ ექსპერტიც აღნიშნავს, სავარძელზე ასვლაც კი გაუჭირდაო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზეპირი თანხმობა ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ნების თავისუფალ გამოვლინებად ჩავთვალოთ", — ამბობს იურისტი.
გაუპატიურების საქმისწარმოება ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში გრძელდება. თუმცა სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდეგ, სამხარაულის ბიურომ გამოთქვა მზაობა, დაასაქმოს ქალი ექსპერტები. როგორც ბიუროში On.ge-ს უთხრეს, ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი კადრების მოძიება და ამ მიზნით, უკვე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მიიღონ ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვისაც აქვს სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატი სპეციალობით "სასამართლო მედიცინა".
On.ge-ს კითხვას, აქამდე ყოფილა თუ არ შემთხვევა, როცა ქალი ექსპერტების ნაკლებობა გამოჩნდა, როგორც პრობლემა და რას აკეთებდნენ ამის აღმოსაფხვრელად, სამხარაულის ბიუროში პასუხობენ, რომ "სასამართლო მედიცინის" სპეციალისტების ნაკლებობა ზოგადი პრობლემაა და არამხოლოდ საქართველოში. მათივე განმარტებით, სასამართლო მედიცინის ექსპერტობისთვის აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება, რეზიდენტურის სრული კურსი და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატი. ამასთან, ბიუროს განცხადებით, ექსპერტი უნდა ავლენდეს საკმარის კომპეტენციას, რომ საქმიანობა დამოუკიდებლად შეეძლოს.
"სასამართლო მედიცინის სპეციალისტების ნაკლებობა ზოგადად მედიცინის საერთო პრობლემაა და არ წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელ რაიმე გამონაკლისს. ქალი ექსპერტების ნაკლებობა დიდი ხანია დგას. შესაბამისი სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, ბიუროს კანონმდებლობით არ აქვს უფლება დაასაქმოს ამ სფეროში კადრი", — აღნიშნავენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.
ბიუროში, ასევე, გვითხრეს, რომ მათი არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის დაახლოებით 20 ქალი სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც აქვს სპეციალობა "სასამართლო ექსპერტიზა" და მათგან 9 დასაქმებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. თუმცა აქედან არცერთი არ არის რეგიონებში.
რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ამბობენ, რომ შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტებმა მოკლვევა ჩაატარეს და "გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა". მათივე თქმით, სხეულზე დაზიანებების არსებობის და სქესობრივ სფეროში ჩადენილი ქმედებების დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ბიუროში ადამიანი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მიჰყავთ და მისი თანხმობის გარეშე "ვერ განხორციელდება შემოწმება და მით უმეტეს, სხეულის ტანსაცმლით დაფარული მიდამოების შემოწმება".
თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ბიუროში დამატებით დაინერგა პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის გამოკვლევის პროცესში, რაც დაკავშირებული იქნება სხეულის დაზიანებული ნაწილის გაშიშვლებასთან და დაზიანებების აღმოსაჩენად სხეულის დათვალიერებასთან, "გამოსაკვლევი პირი" წინასწარ, წერილობით ადასტურებს თანხმობას, რომ გამოკვლევას ჩაატარებს საპირისპირო სქესის ექსპერტი. ბიუროში კიდევ ერთხელ მიუთითებენ იმაზე, რომ სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ექსპერტიზა ჩატარდეს თბილისში.
"ყოვeლივე გამორიცხავს შემოწმებულ პირთა მხრიდან მომავალში იმის მტკიცებას, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა საპირისპირო სქესის ექსპერტმა, გამოსაკვლევი პირის ნების საწინააღმდეგოდ", — აღნიშნავენ ექსპერტიზის ბიუროში.
ამ დროისთვის უცნობია, როდის შეძლებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შესაბამისი ადამიანების მოძიებას და რეგიონებში დასაქმებას, რათა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები არ გახდნენ იძულებულნი, შესაბამისი კვლევა კაცმა ექსპერტებმა ჩაუტარონ.
კომენტარები