10 ცხოვრებისეული გაკვეთილი წითური ენ შირლისგან
ლუსი მოდ მონტგომერის ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის — ჭორფლებითა და ოცნებებით სავსე წითური ენ შირლის ისტორია ეკრანებზე არაერთხელ გაცოცხლებულა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული Netflix-ის 2017 წლის სერიალია, სახელად Anne With an E. სერიალმა მაყურებლის სიყვარული მალევე მოიპოვა, ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ როდესაც Netflix-მა ენის ისტორია სულ რაღაც სამი სეზონის შემდეგ დაასრულა, ამას გულშემატკივრების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ მალევე სერიალის გაგრძელების მოთხოვნით ონლაინ პეტიცია შექმნეს, რომელსაც დღეს უკვე თითქმის 1,5 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.
Anne With an E ადამიანური ურთიერთობებისა და მოზარდი გოგონას ყოველდღიური ცხოვრებისეული დაბრკოლებებისა თუ თავგადასავლების გარდა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსაც ეხება, როგორებიცაა რასიზმი, გენდერული თანასწორობა, ჰომოფობია, სექსუალური შევიწროება, მონობა და ა.შ.
მანამ, სანამ ენის შეუდრეკი გულშემატკივრები მეოთხე სეზონისთვის ბრძოლას აგრძელებენ, გთავაზობთ 10 ცხოვრებისეულ გაკვეთილს, რომლებიც ჩვენმა საყვარელმა მეოცნებემ გვასწავლა:
1. ოჯახი სისხლით ნათესაობაზე მაღლა დგას
გამხდარი, ცეცხლისფერთმიანი და ჭორფლიანი ენ შირლი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დიდი იდეების გამოხატვა დიდი სიტყვების გარეშე შეუძლებელია, ობოლია. ეს პირველი ფაქტია, რომელსაც სერიალის მთავარი გმირის შესახებ ვიგებთ. ენს ოჯახური გარემო სწყურია და მზადაა, მყუდრო ბუდე იქაც ეძებოს, სადაც სხვები ამას, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ელიან. მართლაც, რა აკავშირებთ მორილასა და მეთიუს ენთან? არაფერი, გრძნობების გარდა. ენი, მორილა და მეთიუ; გილბერტი და ბაში; ჯოზეფინი და ქოული — სერიალში ყველაზე მტკიცე ოჯახური კავშირი სწორედ იმ პერსონაჟებს შორის იგრძნობა, რომელთაც ერთმანეთთან სისხლით ნათესაობა არ აკავშირებთ.
2. პირველი შთაბეჭდილება საბოლოო არაა
რა მოხდებოდა, მორილა პირველ შთაბეჭდილებას რომ დასჯერებოდა და ენისთვის მეორე შანსი არ მიეცა? ქალაქი გრძელი ლექსების, ჯადოსნობის, ოცნებების, ბრძოლისა და თვალისმომჭრელი ცეცხლისფერი თმის გარეშე გააგრძელებდა მოსაწყენ და ერთფეროვან ცხოვრებას. ადამიანები იმსახურებენ მეორე შანსს — ეს ენის გულშემატკივრებზე უკეთ არავის მოეხსენება.
3. ხვალინდელი დღე კიდევ ერთი სუფთა ფურცელია
ენის ახალი ცხოვრება სულაც არაა ისეთი იდეალური, როგორიც წარმოგვედგინა. მისი თითოეული დღე შეცდომებითაა სავსე, რასაც უნდობლობა, დაცინვა და ჩაგვრა მოჰყვება, მაგრამ ყოველი დღის ბოლოს ენს თავს იმედი ახსენებს — იმედი, რომ ხვალინდელი დღე ახალი შესაძლებლობაა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, სუფთა ფურცელი შეცდომების გარეშე.
4. სწავლა შესაძლებლობაა და არა - სასჯელი
რამდენჯერ მოგვიმიზეზებია მუცლის ტკივილი სკოლის გასაცდენად? რამდენჯერ გვინატრია, ერთი ფურცლით ნაკლები გვქონოდა წასაკითხი? რამდენჯერ ჩაგვიხედავს კალენდარში ზაფხულის არდადეგებამდე დარჩენილი დღეების დასათვლელად? ენი მზადაა, ცოდნის მისაღებად კლასელების დაცინვა და უსამართლო მასწავლებლის დამცირება აიტანოს. უცნაურად არც საყვარელი ნაწარმოებების ხმამაღლა, გრძნობით კითხვა ეჩვენება და არც საუბრისას რთული სიტყვების გამოყენება, რომელთა მნიშვნელობაც მის მეგობრებს თითქმის არასდროს ესმით. სწავლისადმი ენის სიყვარული, როგორც მისი ნებისმიერი თვისება, გადამდებია: სერიალის ბოლოს ენის კლასელები ცოდნის გასაღრმავებლად კოლეჯში მიდიან.
5. შესაძლებლობებს სქესი არ განსაზღვრავს
გენდერული თანასწორობა სერიალის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია: მორილასა და მეთიუს ენის ნაცვლად, სახლში ბიჭის მოყვანა სურდათ; სკოლაში ყველა ბიჭი უკმაყოფილო და გაოცებულია, როცა გილბერტს - კლასის საუკეთესო მოსწავლეს - მეტოქეობას გოგო უწევს; ენის ჭორიკანა მეზობელი, რეიჩელ ლინდი, ქალაქის საბჭოში ერთადერთი ქალია, რომლის სიტყვასაც კაცები სერიოზულად არ აღიქვამენ; ენის ერთ-ერთ უფროს კლასელს, პრისის, მამა საოჯახო საქმიანობაში ჩართვის უფლებას მხოლოდ იმის გამო არ აძლევს, რომ ქალია. სკოლის ახალ მასწავლებელს მთელი ქალაქი ეჭვის თვალით უყურებს, რადგან მას არც ქმარი ჰყავს და არც კორსეტის ტარებით იწუხებს თავს. უთანასწორობის წინააღმდეგ ენის ბრძოლა სხვა ქალებს იმედს, ძალასა და იმის რწმენას აძლევს, რომ ისინი კაცებს არც ცოდნით, არც მონდომებითა და არც გამბედაობით ჩამოუვარდებიან.
6. ერთის მიმართ უსამართლობა ყველას მიმართ უსამართლობას ნიშნავს
ენი უსამართლობის მსხვერპლი ბევრჯერ აღმოჩენილა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხარდამჭერთა რიცხვი მუდამ ძალიან მცირე იყო, თავად უსამართლობაზე თვალი არასდროს დაუხუჭავს. ენი ერთადერთია, რომელიც კლასელის სექსუალურ შევიწროებაზე ხმამაღლა ლაპარაკს ბედავს მაშინ, როცა საკუთარი თავის დაცვის გამბედაობა თავად მსხვერპლს არ აქვს. ენი იბრძვის ცენზურის წინააღმდეგ, მთელი ქალაქისგან იცავს ახალ მასწავლებელს და არც თითქმის უცნობი ინდიელი გოგონას გადასარჩენად სახიფათო მოგზაურობას უშინდება. ენის სიმამაცე ის ძალაა, რომლის წინააღმდეგ ირგვლივმყოფები უძლურნი არიან და, შესაბამისად, სამართლიანობისთვის მებრძოლთა რიცხვი მუდმივად იზრდება.
7. განსხვავებული არ ნიშნავს ცუდს
სიახლეების შიში უცხო არც ერთი ეპოქისთვის არაა. განსხვავებული ორიენტაცია, კანის ფერი, სწავლის მეთოდები თუ ტანსაცმელი სიძულვილის მიზეზი დღესაც კი შეიძლება გახდეს. ენი მზადაა შეიყვაროს განსხვავებული ორიენტაციის მქონე ქოული და ჟოზეფინი, ბაში, რომელიც კანის ფერის გამო მუდამ ყურადღების ცენტრშია, ინდიელი გოგონა, რომლის კულტურა ადგილობრივებისთვის მიუღებელია და ქალი მასწავლებელი, რომელსაც სძულს კორსეტები. ენის წყალობით მალე მთელი ქალაქი რწმუნდება, რომ კარტოფილის გამოყენებით ნათურის ანთება მშვენიერი აღმოჩენაა და ადამიანის ფასს მისი კანის ფერი, ჩაცმულობა, ორიენტაცია თუ კულტურა ვერასდროს განსაზღვრავს.
8. დატკბი თითოეული წამით!
უბრალო ყვავილი, ლამაზი ლექსი, ტალღების ხმაური, თმაში მონარნარე ქარი, მეგობრებთან გატარებული ჩვეულებრივი საღამო, ახალი კაბა... ბნელი წარსული და გამოუცნობი მომავალი აწმყოს მშვენიერებას ვერაფერს დააკლებს. ცხოვრების თითოეული წამი აღტაცების ღირსია; მთავარია, ირგვლივ სილამაზის დასანახად თვალები ფართოდ გავახილოთ.
9. შეიყვარე საკუთარი თავი!
მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს მშვენიერების დანახვაში ენს ბადალი არ ჰყავს, საკუთარი უნიკალურობის შემჩნევა მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არაა. გოგონას იმდენად სძულს დღეს ბევრისთვის სანატრელი ცეცხლისფერი თმა, რომ საეჭვო წარმომავლობის საღებავის ფლაკონს თავზე დაუფიქრებლად იცლის. რას არ მისცემდა, სახიდან ეს მომაბეზრებელი ჭორფლები რომ გაექრო! საკუთარი სახელიც კი იმდენად მოსაწყენად ეჩვენება, დაუფიქრებლად შეიცვლიდა, უფროსებს ამის უფლება რომ მიეცათ. საკუთარი თავის შეყვარება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლაა და ენი პირველ გამარჯვებას ბოლო სერიაში აღწევს: გოგონა ბედნიერია, რომ ბიოლოგიურ დედას სხვებისგან ენის მსგავსი მყვირალა ცეცხლისფერი თმა გამოარჩევდა.
10. არასდროს შეწყვიტო ოცნება!
მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ენი რეალური ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას სწავლობს, ის ოცნებას არასდროს წყვეტს, რადგან ხშირად უფერული რეალობის წარმოსახვის უნარით გაფერადებაში ცუდი არაფერია და ჩვენს პიროვნებას ყველაზე უკეთ სწორედ ოცნებები ძერწავენ.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
კომენტარები