ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად, კონტრაქტორი მძღოლები მზად არიან გააგრძელონ მუშაობა და შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

"რაც შეეხება კონტრაქტორების იმ მცირე ჯგუფს, რომელთა მხრიდანაც გამოვლინდა აგრესიული, ძალადობრივი და სხვა სახის უკანონო ქმედებები, რაც ცალსახად მიუღებელია კომპანიისთვის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები", — აღნიშნავენ კომპანიაში.

მათივე განცხადები, GWP მიმდინარე საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე აგრძელებს, მათ შორის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის კომპანიის მიერ დაგეგმილი და გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას.

"თბილისის უწყვეტ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება", — აღნიშნავენ GWP-ში.

ხელფასების მომატების მოთხოვნით კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლების გაფიცვის შესახებ 26 იანვარს გახდა ცნობილი.