პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მას სურს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ისაუბროს იმაზე, ჰქონდათ თუ არა მათ პარტიებს კომუნიკაცია ცალკე მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"გიორგის შემთხვევაში, ძალიან მინდა, რომ ჩემ წინ იჯდეს, თვალებში ერთმანეთს ვუყურებდეთ და გავარჩიოთ ეს საკითხი, თუ ჩვენ მართლა გვაინტერესებს, ვინ ვისთან იყო შეთანხმებული. მე სიამოვნებით ყველას დაველაპარაკები, გიორგისაც მინდა დაველაპარაკო. არ მინდა, რომ რამე კითხვა დარჩეს. თუ გიორგი ამტკიცებს, რომ რამე სათანადო კომუნიკაცია არ იყო ჩვენ შორის, ერთად გავარჩიოთ ეს საკითხი, არ არის პრობლემა', — განაცხადა რაქვიაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრების პარლემენტში შესვლის შემდეგ, მხოლოდ მოქალაქეებისა და გირჩის წევრები ამბობდნენ უარს საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე მანამ, სანამ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებები არ დასრულდებოდა. სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე ოფიცალურად თქვა უარი.

ბოლო კვირებია მოქალაქეები და გირჩი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების გამართვას ცდილობს. მათ სურთ განიხილონ იდეა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა პლებისციტად ჩაითვალოს. მათი განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.

18 იანვარს, ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე მათ საჯაროდ უარი უთხრა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 19 იანვარს, მსგავსი შინაარსის განცხადება ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემაც გააკეთა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, მათთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს და განაცხადა, რომ გირჩისა და მოქალაქეების ლიდერებს მიმდინარე თვის ბოლოს შეხვდება. პარტიების ეს იდეა შეაფასა გირჩის ყოფილმა და ახლა უკვე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ამ იდეაზე შეთანხმების და შემდეგ, ქართული ოცნების თანხმობის შანსი ნულის ტოლია.

გაიგეთ მეტი: