ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს. პოლიცია მათ სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, დაკავების პროცესში სამართალდამცავები მის მიმართ აგრესიულები იყვნენ და მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"ზოგადად ვაპროტესტებდით გაყალბებულ არჩევნებს და რეალურად, დღეს იმართებოდა ხმების ქურდების თავყრილობა, ვისაც უნდა რომ საქართველო იქცეს რუსეთად. ამიტომ, სამოქალაქო აქტივისტები, ბუნებრივი, ამას არ დავუშვებთ, შევებრძოლებით ყველა ხერხით, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა მშვიდობიანი პროტესტით.

პოლიცია იმის ნაცვლად, რომ იცავდეს წესრიგს და დასდევდეს კრიმინალს, დაგვდევს ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტებს და არ გვაძლევს საშუალებას ჩვენი კონსტიტუციური პროტესტის რეალიზების", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

შსს-ს ინფორმაციით, ექსპო ჯორჯიასთან მიმდინარე აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს. როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. კერძოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

აქციაზე დაპირისპირება ბანერის გაშლის მცდელობას მოყვა. ბანერით აქტივისტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის გაყალბდა.

დღეს, 16 იანვარს გაიამართა მმართველი პარტიის ყრილობა, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.