საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის განცხადებით, სახელმწიფოს ვალია, ისეთი მიდგომებით საუბრობდეს, მოსახლეობას არ უჩნდებოდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეების იერარქია. აღნიშნულით ეპისკოპოსი სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"პირველ რიგში, სახელმწიფოს ვალია, რომ არა უბრალოდ, როცა ცეცხლი გაჩნდება, მაშინ ჩააქროს და... ყოველ შემთხვევაში, როცა ცეცხლი გაჩნდება, ისე უნდა ჩააქროს, რომ არ დააზიანოს ირგვლივ ყველაფერი, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ვალია, რომ დაიცვას ყველას უფლება და სახელმწიფო გასცემდეს ისეთ გზავნილებს, ისეთ მესიჯებს, ისეთი მიდგომებით საუბრობდეს, მოსახლეობას არ უჩნდებოდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეების იერარქია — არსებობენ უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებ მნიშვნელოვანი მოქალაქეები", — განაცხადა გოცირიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი სამლოცველოს მოწყობას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან.

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის გუშინ, 12 იანვარს დაიწყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ბუკნარში მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები კი მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას სოფელში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, სახელმწიფოს კი თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე: