საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბალზე რუსეთის მიერ გაზრდილი საბაჟო გადასახადი საქართველოში ფქვილის ფასის რყევებს გამოიწვევს.

სილაგავას თქმით, რუსეთი 15 თებერვლიდან აპირებს საბაჟო კვოტირების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან საბაჟო კავშირის წევრები. მისი განმარტებით, რუსეთმა ორი თვის წინ დაანონსა, რომ ამ ქვეყნებისთვის ხორბლის 1 ტონაზე ბაჟი 25 ევროთი განისაზღვრებოდა, თუმცა დღეს მსჯელობენ ამ გადასახადის კიდევ უფრო გაზრდაზე.

ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე, ტონა ხორბლის ფასი დაახლოებით 70 დოლარით გაძვირდა, ხოლო რუსეთის ბაჟის დაწესების შემდეგ ეს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

"დღეს ხორბლის შემოთავაზება საქართველოში, ახალი პარტიების არის 270 დოლარი, მაშინ როდესაც სექტემბრის თვეში იყო ჯერ კიდევ 200 დოლარი. ეს არის სერიოზული გაძვირება და თუ ამ საექსპორტო ბაჟის გაორმაგებას ჩავთვლით, დაახლოებით ვთქვათ, ამის გაძვირების ეფექტი იქნება ახლო მომავალში 300 დოლარი 1 ტონაზე, რაც ფაქტობრივად რყევებს გამოიწვევს ადგილობრივ ბაზარზე", — აცხადებს სილაგავა.

ლევან სილაგავა აღნიშნავს, ფქვილის ფასის ზრდაზე გავლენა იქონია ელექტროენერგიის გაძვირებამაც. მისი თქმით, მიუხედავად დაანონსებული სამთავრობო სუბსიდიებისა ერთ ტომარა ფქვილზე ფასის მატება ლარით, ლარ-ნახევრით იქნება განპირობებული.

"ახლა ის გამოწვევები, რომლებიც ვთქვათ, ჯერ კიდევ სექტემბრიდან, როდესაც ფასმა დაწყო მატება, მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარე შეიმჩნეოდა საქართველოში. ეს იყო პირველი — ხორბლის ფასის ზრდა, მეორე იყო ლარის კურსის დოლართან მიმართებაში, და მესამე გამოწვევა, ეს არის, რომელიც ახლა გააქტიურდა — ელექტროენერგიის გაძვირება, რომელიც სერიოზული გამოწვევაა აგრეთვე ფქვილში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაანონსებულია სახელმწიფოს მიერ გაძვირებული ტარიფის განახევრება კვების პროდუქტის წარმოებისათვის და მათ შორის წისქვილებისათვის, მიუხედავად ამ განახევრებისა, რომელიც 1 წლის განმავლობაში იმოქმედებს, ფქვილში, ერთ ტომარაში ეს იძლევა გაძვირებას, დაახლოებით ლარით, ლარ-ნახევარით", — ამბობს სილაგავა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გარკვეული კატეგორიის კვების მწარმოებელ მეწარმეებს მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის 50% დაუსუბსიდრდებათ

გაიგეთ მეტი: