შავ ზღვაში დელფინებისა და ზღვის ღორების აკუსტიკური კვლევა იწყება
შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ვეშაპისნაირების კვლევა თანამედროვე მეთოდიკით 2014 წელს დაიწყო. ამ ქვერიგში შედის 38 გვარი და 83 სახეობა და ისინი არქტიკიდან ანტაქტიდანდე ყველა ზღვასა და ოკეანეში ბინადრობენ. რაც შეეხება შავ ზღვას, აქ ვეშაპისნაირთა წარმომადგენლებიდან გვხვდებიან აფალინა, თეთრგვერდა დელფინი და ზღვის ღორი. აღსანიშნავია, რომ 2010 წლამდე, საქართველოში მხოლოდ გამორიყული ცხოველების აღრიცხვა ტარდებოდა და ისიც მხოლოდ გარკვეულ ადგილებში, 2010 წლიდან დაიწყო ზღვაში არარეგულარულად გასვლა დელფინებზე დასაკვირვებლად, 2014 წლიდან კი ყოველ სეზონზე ტარდება აღრიცხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ასევე ტარდება ფოტო და ვიდეოგადაღებები. ვეშაპისნაირების კვლევა კი მოითხოვს დიდ ფინანსებს, საკვლევ გემს და სპეციალურ აღჭურვილობას. ეს ყველაფერი კი ზემოთ ჩამოთვლილი სახეობების ძირეულად კვლევას გარკვეულწილად აფერხებდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოველთა ქცევის ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის პროფესორი, ნათია კოპალიანი გვიყვება, რომ უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა აღნიშნული ცოცხალი არსებების შესწავლა და მათი პოპულაციების შენარჩუნების ხელშეწყობაა.
აღნიშნული კვლევა, რომელსაც საქართველოში ილიას უნივერსიტეტის მეცნიერები უძღვებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "შავ ზღვაში მობინადრე თეთრგვერდა დელფინი, აფალინა და ზღვის ღორი, როგორც უმაღლესი მტაცებლები, ზღვის ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებას უწყობენ ხელს. ისინი არეგულირებენ სხვადასხვა სახეობის თევზებისა და ზოგიერთი უხერხემლო ცხოველის პოპულაციის რიცხოვნობას და უშლიან ხელს მათ პოპულაციებში სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას. გარდა ამისა, ამ სახეობების პოპულაციები ზღვის ეკოსისტემის სიჯანსაღის კარგ ინდიკატორს წარმოადგენს", — გვიყვება ნათია კოპალიანი.
2020 წელს, შავი ზღვის ვეშაპისნაირების კვლევის სფეროში მომუშავე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის შედგა შეთანხმება ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, საქართველოსა და თურქეთის აკვატორიებში ერთობლივი აკუსტიკური კვლევის დაწყების შესახებ. ინგლისურმა კომპანია Chelonia Limited-მა, რომელიც აწარმოებს ხელსაწყოებს აკუსტიკური კვლევებისთვის, შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენლებს გადასცა უახლესი აკუსტიკური ხელსაწყოები — F-POD, რომელთაგან ოთხი საქართველოში განთავსდება. ეს ხელსაწყო მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, მისგან 5 კილომეტრის რადიუსში განსაზღვრონ დელფინების ქცევა. ჩაწერილი ბგერების ანალიზის საფუძველზე დგინდება, თუ რითი არიან დაკავებულნი თუ რას განიცდიან დელფინები ამა თუ იმ დროს — ნადირობენ, შეშინებულები არიან, ერთმანეთს ეარშიყებიან თუ აგრესიას გამოხატავენ.
ნათია განმარტავს, რომ აღნიშნული კვლევის ბოლოს მიღებული შედეგების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მთელი შავი ზღვისთვის, შეიქმნება ამ სახეობათა ჰაბიტატების, მნიშვნელოვანი ტერიტორიების, სადღეღამისო და სეზონური აქტივობის და ბგერითი დაბინძურების სრული სურათი. ეს ყველაფერი კი მეცნიერებს ერთიანი კონსერვაციული ღონისძიებების შემუშავების შესაძლებლობას მისცემს.
ქართველ მეცნიერებს, ამ კუთხით, კვლევის გარკეული გამოცდილება აქვთ. "2017 წლიდან გვქონდა მარტივი ჰიდროფონი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო დელფინების მიერ გამოცემული ზოგიერთი ბგერის მოსმენა და ჩაწერა. ამ ხელსაწყოთი ჩვენ დავიწყეთ ჰიდროაკუსტიკური კვლევების ჩატარება და შევძელით გარკვეულ წერტილებში დაგვედგინა, იმყოფებოდნენ თუ არა იქ ცხოველები ღამით, ან გამთენიისას, ანუ მაშინ, როცა მათი დანახვა შეუაიარაღებელი თვალით შეუძლებელია", — ამბობს ნათია კოპალიანი.
F-POD კი მეცნიერებს უფრო ხანგრძლივი და დეტალური კვლევის ჩტარების საშუალებას მისცემს. ყველა სიკეთესთან ერთად, მთელი შავი ზღვიდან ინფორმაციის ერთდროულად შეგროვება მათ საშუალებას მისცემს, შეისწავლონ ამ სახეობების სეზონური მიგრაცია და გააანალიზონ მათ მიერ ტერიტორიების შერჩევისა და ქცევის თავისებურებები.
კომენტარები