2020 წლის 8 ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური განქორწინება
2020 წელი მსოფლიოში განვითარებული ბევრი უჩვეულო მოვლენის გამო გამორჩეული იყო. დატვირთული გამოდგა 2020 წლის ქართული პოლიტიკაც, რაც, მათ შორის, პოლიტიკოსების შიდა მიგრაციების დამსახურებაცაა. ამ სტატიაში წლის ყველაზე დასამახსოვრებელ "პოლიტიკურ განქორწინებებს" მიმოვიხილავთ — დავიწყებთ ყველაზე ახალი ამბით და ავასრულებთ ყველაზე ძველით.
ელენე ხოშტარია და ევროპული საქართველო
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარია ევროპულ საქართველოს ტოვებდა და აქტივიზმში აპირებდა გადასვლას, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვრცელდებოდა. თუმცა ხოშტარია საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატად დასახელდა. უკვე არჩევნების, მორიგი აქციების, ბოიკოტისა და ერთპარტიული პარლამენტის შემდეგ, ხოშტარიამ თქვა, რომ ევროპულ საქართველოს ტოვებს და ახალ პარტიას აფუძნებს.
როგორც ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია, თუმცა ხალხისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.
გრიგოლ ვაშაძე და ნაციონალური მოძრაობა
დავრჩეთ ოპოზიციაში და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისა და მათი თავმჯდომარის პოლიტიკური განქორწინება განვიხილოთ. განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, აქ ბევრის თქმა ნამდვილად არ შეგვიძლია, რადგან გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა თითქმის უსიტყვოდ დატოვა.
ამის ნაცვლად შეგვიძლია ვაშაძეს წასვლამდე პარტიაში განვითარებული მოვლენები მიმოვიხილოთ. კერძოდ, არჩევნების პირველი ტურიდან ათი დღის თავზე, როცა ოპოზიცია ქუჩაში იდგა და აცხადებდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაეტანათ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩაენაცვლებინათ. ამ განცხადებამ ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერებში დაბნეულობა გამოიწვია. ამ განცხადებიდან მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
15 დეკემბერს ვაშაძემ ფეისბუქგვერდზე უკვე პარტიიდან წასვლის შესახებ დაწერა. პოსტით ვაშაძემ განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას, ასევე, აშფოთებდა სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია. ამ უკანასკნელში, ის, სავარაუდოდ, მთავარი არხის ეთერში ელჩების კრიტიკას გამოეხმაურა. ვაშაძემ პარტიის გარშემო გამოჩენილი ოდიოზური ფიგურებიც ახსენა, თუმცა არ დააკონკრეტა ვინ იყვნენ ისინი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის უცვლელმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულზე განაცხადა, რომ მიუხედავად ყველა დამსახურებისა, ყველა ადამიანს არ შეუძლია ბრძოლის წინა ხაზზე იყოს.
ზურაბ ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია/ვახტანგ მეგრელიშვილი/ალექსანდრე რაქვიაშვილი
გირჩის გაყოფას ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. 4 დეკემბრის დილას ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქჯგუფში დაწერა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს.
გაუგებარია, ეს ამბავი რამდენად უკავშირდება ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერილ იაგო ხვიჩიას პოსტს, როცა ის არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვის, ფლობისა და სარგებლობისთვის ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა.
"პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", — დაწერა ხვიჩიამ ფეისბუქზე, რამაც გირჩის მხარდამჭერებისა და არამხოლოდ მათი მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
პარტიის ლიდერს ამ ამბავზე რამდენიმე დღის განმავლობაში განცხადება არ გაუკეთებია. 3 დეკემბერს კი ხვიჩიამ თქვა, რომ დროა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ამოიღოს, რადგან ხვიჩიას მლანძღველების სიაში მისი მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. ამის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ფაქტორების გამო. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სხვა ფაქტორებში.
გირჩის გარშემო დატრიალებული ამბავი უფრო დამაბნეველი იმან გახადა, რომ მედიასთნ გაკეთებული კომენტარების მიხედვით, პარტიის დატოვებას არცერთი მხარე არ აპირებდა. 7 დეკემბერს ჯაფარიძემ თქვა, რომ იმ სისტემის ნაწილი აღარ იქნებოდა. მანვე დააანონსა, რომ გირჩი არათუ დაიშალა, არამედ გაიშალა. უკვე 26 დეკემბერს ჯაფარიძემ მეორე გირჩი დააფუძნა.
ალეკო ელისაშვილი და ოპოზიცია
თუ ვინმეს ეგონა, რომ ალეკო ელისაშვილის ყველაზე გახმაურებული განცხადება "ალეკო გისმენთ" იქნებოდა, ძალიან შეცდა. საიმედოდ გაერთიანებულ ოპოზიციას ბზარი სწორედ ელისაშვილის განცხადებებით გაუჩნდა და მოქალაქეების ლიდერიც, მორიგ ჯერზე, ამის გამო აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში.
ელისაშვილს ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაპირისპირება ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჰქონდა, 2 სექტემბერს კი განაცხადა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ბოკერიას, ვაშაძეს, და სააკაშვილს მხარს არ დაუჭერდა. ზუსტად 2 კვირაში ელისაშვილის პარტიამ პრემიერობის კანდიდატად ლევან იოსელიანი დაასახელა, რაზეც ოპოზიციამ მას მხარი არ დაუჭირა. მეტიც, საბურთალოს ოლქში ელისაშვილს კონკურენტი ოპოზიციისგანაც ჰგავდა.
ამის მიუხედავად, არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია არ აღიარებს, ელისაშვილი მათ რიგებში, როგორღაც, კვლავ აღმოჩნდა და ელჩებთან მოლაპარაკებებზეც სხვა პარტიების ლიდერებთან ერთად დადიოდა.
მორიგი განხეთქილება კი პარლამენტში შესვლას უკავშირდება. ოპოზიციამ, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, მმართველი გუნდისგან პარლამენტში შესასვლელად 4 პუნქტის დაკმაყოფილება მოითხოვა — პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის ცვლილება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება. მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილი პარლამენტში არშესვლის უპირველესი ინიციატორი იყო, ფასილიტატორებთან რამდენიმე კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემთხვევაში პარლამენტში შევიდოდა. "გაწიკწიკებული" საარჩევნო სისტემით დაკმაყოფილება ელისაშვის დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ მოუწონეს და ელისაშვილი მოსყიდვაშიც დაადანაშაულეს.
ეს დაპირისპირება 2020 წლის პოლიტიკური განქორწინების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილი ტოქსიკურ ურთიერთობაში დარჩა, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ შეთანხმების შემთხვევაში ყველა ოპოზიციური პარტია შევიდოდა პარლამენტში, ის მანდატს დახევდა.
ქართული ოცნება და კახა ოქრიაშვილი
კახა ოქრიაშვილი, რომელიც თავდაპირველად ნაცონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში გადავიდა, 4 წლის განმავლობაში პარლამენტში სწორედ ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. წინასაარჩევნოდ ის კვლავ ენმ-ს დაუბრუნდა. მან ცეზარ ჩოჩელთან ერთად 10 აგვისტოს პარტია პროგრესი და თავისუფლება შექმნა, 4 სექტემბერს კი, ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშიას ბლოკს შეუერთდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნული იმით გაამართლა, რომ გაერთიანებაში შესაძლოა არ არიან ადამიანები, რომლებსაც იდეოლოგიური ერთობა აქვთ, თუმცა საქართველო დემოკრატიის გზას რომ უნდა დაადგეს, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაერთიანდეს. რაც შეეხება თავად ოქრიაშვილს, მან განაცხადა, რომ პარტიული მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც პროგრესი და თავისუფლება დააფუძნა, ხოლო თუ წარსულში სხვა პარტიასთან ჰქონდა კავშირი, პარტიის დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას არასდროს იზიარებდა.
გიორგი ვაშაძე და ნაციონალური მოძრაობა
გიორგი ვაშაძე, რომელიც 2016 წლამდე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, შემდეგ კი მასთან კოალიციაში, ოპოზიციური გაერთიანება — ძალა ერთობაშია, საბოლოოდ, მას შემდეგ დატოვა, რაც პრემიერმინისტრად მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. ახალი პოლიტიკური პლატფორმა — სტრატეგია აღმაშენებელი გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა 26 ივლისს წარადგინეს. ამაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა და მთელი ცხოვრება ხელით ვერ ათრევდა.
ეს ყველაფერი არ არის — ნაციონალურმა მოძრაობამ 26 აგვისტოს ვაშაძეს ისნის ოლქში კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა. ვაშაძემ ამაზე განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ სიტყვა კვლავ გატეხა.
თავისუფალი დემოკრატები და მისი ლიდერები
ირაკლი ალასანიას მიერ დაფუძნებული თავისუფალი დემოკრატებიდან შალვა შავგულიძის, ნინო გოგუაძის, ალექსანდრე ბარამიძისა და ნინო გოგუაძის წამოსვლა პოლიტიკური განქორწინების კლასიკური მაგალითია.
"ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე", — განმარტა შავგულიძემ და მანვე წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ვახტანგ მჭედლიძის სიაში მეორე ნომრად ჩაწერა დაასახელა. შავგულიძე თანაპარტიელებს არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ ვახტანგ მჭედლიძეს 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი 3 წლის მანძილზე არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია.
თავისუფალი დემოკრატებიდან ასეთი მასობრივი ემიგრაციის დანიშნულების ადგილი ევროპული საქართველო აღმოჩნდა — შავგულიძე, გოგუაძე და ბარამიძე ევროპულ საქართველოს გუნდს შეუერთდნენ.
გამონაკლისი აღმოჩნდა ლევან სამუშია, რომელმაც პარტია ცოტა ხნით ადრე დატოვა და მამუკა ხაზარაძის ლელოს შეუერთდა.
ემზარ კვიციანი და პატრიოტთა ალიანსი
ვინ იფიქრებდა, რომ ემზარ კვიციანისგან იმაზე სევდიან ფრაზას გავიგებდით, ვიდრე არის "დიდება სტალინს!". აღმოჩნდა, რომ მისი და პატრიოტთა ალიანსის განქორწინება წლის ერთ-ერთი ყველაზე "სევდიანი" განშორება იყო, ვინაიდან, ყველა ვთანხმდებით, რომ სწორედაც ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი. ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სექსისტური რიტორიკით გამორჩეული კვიციანი მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 2016 წელს სწორედ პატრიოტთა ალიანსიდან გახდა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ პარტიას "მუხტი" არ დაუკარგავს და კვიციანის წასვლის შემდეგაც ანტიდასავლურობის არაერთი მაგალითი გვაჩვენა. არადა, კვიციანიც შეგვპირდა, რომ "ქართველობისთვის" ბრძოლას გააგრძელებდა.
"4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად!", — დაწერა კვიციანმა 12 ივნისს ფეისბუქგვერდზე და "ამაღელვებლად" წავიდა.
საინტერესოა, "რას დააჭირა ამისთანას?".
სხვა პირობებში, შესაძლოა, კიდევ ერთი განქორწინების შესახებ დაგვეწერა, რადგან ირაკლი კობახიძე დაგვპირდა, რომ თუ არჩევნების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ქართული ოცნების სასარგებლოდ თუნდაც 1%-იან გადახრას დააფიქსირებდა, ის პოლიტიკას დატოვებდა. მაგრამ კომისიაში, რომელმაც არჩევნები უნდა შეისწავლოს, მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები იქნებიან, რადგან სხვა პარტიები პარლამენტში არ შევიდნენ. შესაბამისად, რამდენად სავარაუდოა, რომ ქართული ოცნება იტყვის, ქართულმა ოცნების სასარგებლოდ თუნდაც 1%-იანი გადახრა იყოო?
კომენტარები