"იმას, რაც ახლა გვაქვს, სტუდენტობას ვერ ვუწოდებ" — როგორია სტუდენტების ცხოვრება პანდემიაში
2020 წელს, ზუსტად მაშინ, როცა მე და ჩემი თაობის ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ეიფორია თბილი მოლოდინების საბანში გვახვევდა, თავს დაგვატყდა პანდემია, რომელმაც ყველანი ერთ გაწელილ ლიმბოში ჩაგვაგდო, ხელ-ფეხი შეგვიკრა და ირგვლივ პანიკა დაგვითესა.
ვირუსული ინფექციით სახეცვლილმა რეალობამ ჩვენი ცხოვრების ბევრ მნიშვნელოვან ასპექტზე იქონია გავლენა. თუმცა როცა საქმე სტუდენტობას ეხება, მათგან სამს გამოვყოფდი: სოციალურ განვითარებას, ფსიქიკურ მდგომარეობას და სწავლის ხარისხს. თითოეული მათგანი სასიამოვნო სტუდენტური ცხოვრებისა და აკადემიური განვითარების არსებითი ელემენტია.
COVID-19 თითოეული ჩვენგანის სოციალურ ცხოვრებაში დიდ დაბრკოლებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პანდემიამდეც საკმაოდ დიდ დროს ატარებდა ელექტრონული მოწყობილობების ეკრანის წინ, ერთმანეთთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობის ასე მოულოდნელად ჩამორთმევამ თავზარი დაგვცა. მე პირადად, დღემდე ძალიან მიჭირს შევეგუო ზუმად ქცეულ უნივერსიტეტსა და სოციალური ქსელებით შემოფარგლულ საუნივერსიტეტო ცხოვრებას. დაწმუნებული ვარ, ბევრი სტუდენტი იზიარებს ჩემს ტკივილს.
თუმცა მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილებები რომ არ გამეზიარებინა, გადავწყვიტე, სხვა სტუდენტებსაც გავსაუბრებოდი და მათგანაც მომესმინა მიმდინარე სასწავლო წლის ყველაზე რთული გამოწვევების და ვირტუალური სტუდენტობის თავისებურებების შესახებ.
"უცნაური", "უღიმღამო", "ერთფეროვანი" და "არარსებული" − ასეთი პასუხები მივიღე, როცა ჩემს რესპონდენტებს მათი 2020 წლის სტუდენტობის ერთი სიტყვით აღწერა ვთხოვე.
სოციალური ინტერაქციების ნაკლებობა
პირველკურსელი, მარიამ თოდუა დღევანდელ სტუდენტობას აღწერს როგორც არარსებულს: "არ არის. იმას, რაც ახლა გვაქვს, სტუდენტობას ვერ ვუწოდებ".
ურთიერთობების შეზღუდულმა, ვირტუალურმა სახემ მის განწყობასა და მოტივაციაზეც იმოქმედა. "იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა წელს დავამთავრე და პირდაპირ ონლაინ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ძალიან გამიჭირდა სწავლების პროცესში ინტერაქცია და სრულიად უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია", — აღნიშნავს ის და ურთავს, რომ პანდემიის პერიოდში მიხვდა, პირისპირ კომუნიკაციას რომ ვერაფერი ჩაანაცვლებს.
პანდემია სტუდენტების ეკონომიკურ სიტუაციაზეც მწვავედ აისახა. როგორც მარიამი ამბობს, "უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, სტუდენტებს სწავლის შეწყვეტა მოუწიათ. ონლაინსტუდენტობაც კი ფუფუნება აღმოჩნდა ბევრისთვის".
სოციალური განვითარების პრობლემას მეორეკურსელმა ელენე გოგოტიშვილმაც გაუსვა ხაზი. მარიამისგან განსხვავებით, ელენეს ის უპირატესობა აქვს, რომ უმაღლესში სწავლა პანდემიამდე პერიოდში დაიწყო აუდიტორიაში სტუდენტობა გამოუცდია. მან იცის, რას ნიშნავს პირისპირ შეხვდე ჯგუფელებს, ლექტორს, საკუთარი თავი წარმოადგინო და დისკუსიაშიც აქტიურად ჩაერთო. ამის ფონზე, ელენე იმას განიცდის, რომ ახლა მასაც ადაპტირება უწევს ეკრანებით გაშუალებულ სწავლებასთან.
ელენე მთავარ პრობლემად სტუდენტების დემოტივაციას ასახელებს: "ის ფაქტი, რომ შეგიძლია ლექციას საწოლიდანაც დაესწრო, არ გაძლევს იმის მოტივაციას, აქტიური იყო. მოქმედებს ისიც, რომ წელს უნივერსიტეტი შევიცვალე და ახალ კურსელებს არ ვიცნობ. თითქოს უცხო გარემოში ვარ". ამას გარდა, ელენე სოციალური უნარების განვითარების შესაძლებლობის ნაკლებობას აღნიშნავს: "მიუხედავად იმისა, რომ ინტროვერტი ვარ, მიყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ონლაინ რეჟიმის გამო კი ამას ვეღარ ვახერხებ. ასე მგონია, როგორც სოციალური არსება, ვეღარ ვვითარდები".
კიდევ ერთი სტუდენტი, ვინც პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე მესაუბრა, თაკო ჭანიძეა. ის უცხოეთში სწავლობს, თუმცა პანდემიის გამო საქართველოდან უწევს ონლაინ ლექციებზე დასწრება.
"პირველი კურსი ძალიან კარგი იყო, ყველაფრის შესაძლებლობა მქონდა — ლექციებზე დასწრების, გართობის, სწავლის, მეგობრებთან შეხვედრის. მაგრამ როგორც კი პანდემია დაიწყო, ძალიან ბევრი დაბრკოლება შემექმნა, მომიწია უნივერსიტეტის დატოვება და ონლაინ სემესტრის აღება. ვეღარ ვნახულობ მეგობრებს, ვერ ვერთობი, სოციალურ აქტივობებსა და კლუბებში ჩართვას ვეღარ ვახერხებ", — აღნიშნავს ის.
თაკო გვიყვება, რომ ამ მდგომარეობამ მეგობრებთან კომუნიკაციის შემცირებაც გამოიწვია: "პანდემიის გამო გარეთ ვერ გავდივარ და, ძირითადად, სახლში ვარ. სოციალურად ძალიან შევიზღუდე, რადგან პირდაპირი ურთიერთობები თითქმის აღარავისთან მაქვს".
მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება
პანდემიამ სტუდენტების არა მარტო სოციალურ მდგომარეობაზე მოახდინა გავლენა, არამედ მათ ფსიქიკურ მდგრადობაზეც. უდავოა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მენტალური ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა მისი შენარჩუნება ასე რთული ალბათ არასოდეს ყოფილა.
მაგალითად, ელენე გვიყვება, რომ ონლაინსწავლების რეჟიმმა მისი ძილის გრაფიკზე ძალიან ცუდად იმოქმედა: "ონლაინ ცხოვრებამ დღე და ღამეც ამირია. ბევრ სტუდენტს განუვითარდა ინსომნია, მათ შორის მეც. სახლიდან ვეღარ გავდივარ, ვეღარ ვვარჯიშობ, ამან ჩემი სხეულის მოდუნება და ძილის რეჟიმის დარღვევა გამოიწვია. სავარძელში ყოფნას და არაფრის კეთებას მივეჩვიე". ელენე ამბობს, რომ ეს ყველაფერი სწავლის მიმართ დემოტივაციას იწვევს. "მუღამდაკარგული სტუდენტობა" — ასე აგვიღწერს იგი თავის ამჟამინდელ ყოფას.
მარიამიც ფიქრობს, რომ ონლაინრეჟიმი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს: "ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა როგორც ჩემს განწყობაზე, ისე მოტივაციაზე. ზოგადად, ზარმაცი მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა სწავლების ასეთმა მეთოდმა უფრო მეტად გაართულა ეს პროცესი და მომადუნა. ახლა მეცადინეობისთვის უფრო მეტი ენერგია და ნებისყოფა მჭირდება. გარდა ამისა, ეკრანთან ზედმეტად დიდხანს გატარებული დრო და უმოძრაობა მღლის ყველანაირად — ფიზიკურადაც და ემოციურადაც".
სწავლის ხარისხის ვარდნა
დაბოლოს, სტუდენტები სწავლის ხარისხის შემცირებასაც უჩივიან. "ჩემს პროფესიაში ხომ მთავარი პრაქტიკაა. ეს გამოცდილება კი წარმოუდგენელია, ონლაინ რეჟიმში მიიღო", — ამბობს ნინი ხარაზიშვილი, რომელიც არქიტექტურას სწავლობს. ნინი ფიქრობდა, რომ მეორე კურსი მისთვის აქტიური და საინტერესო სასწავლო წელი იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. "იმედგაცრუება" — ასე გვიხასიათებს ის ონლაისწავლებას.
განათლების დისტანციურად მიღების ტექნიკურ სირთულეებზე თაკო ჭანიძეც გამოთქვამს წუხილს: "ონლაინსწავლება რთულია იმ გაგებით, რომ მას ტექნიკური პრობლემები ახლავს. ზოგჯერ ხმა წყდება, შენი შეკითხვა ან პასუხი არ ისმის, ხან პროფესორი ქრება ხოლმე სისტემიდან და ასე შემდეგ. მსგავსი დაბრკოლებები ართულებს სწავლის პროცესს და სურვილს გიქრობს, რომ იაქტიურო".
ელენეს აზრით კი, ონლაინლექციების მსვლელობისას სტუდენტები ნაკლებად მობილიზებულნი და კონცენტრირებულნი არიან სწავლაზე: "იმის გამო, რომ ტექნიკური საშუალებები შესაძლებლობას გვაძლევს, გავუჩინარდეთ ეკრანის მიღმა, ყურადღებას ბევრ სხვა რამეზე ვანაწილებთ. შეგვიძლია, ლექციას ვესწრებოდეთ და პარალელურად ჩვენთვის საინტერესო სხვა საქმითაც ვიყოთ დაკავებულნი. ეს იწვევს იმას, რომ სასწავლო პროცესში მთლიანად ჩართულები არ ვართ, რაც თავისთავად მასალის სრულფასოვნად ათვისების და გააზრების უნარზეც დიდ გავლენას ახდენს".
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზოგიერთმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ მოცემულმა მდგომარეობამ მათ შემართება მისცა, ამ უცნაურ სიტუაციაშიც კი სწავლის მაღალი დონე ეჩვენებინათ და ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად მოეხერხებინათ გამკლავებოდნენ თავიანთ საუნივერსიტეტო პროგრამას.
სტუდენტებიც, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, იმედოვნებენ, რომ მომავალი წლისთვის მდგომარეობა ცოტათი მაინც გაუმჯობესდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური პროგნოზებისგან თავს იკავებენ.
როგორც მარიამ თოდუა ამბობს, "მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანია, ვცდილობ, ბევრი არ ვიფიქრო ამაზე. მაინც ვიმედოვნებ, რომ მალე დასრულდბა პანდემია და უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი".
კომენტარები